
„თითოეული თქვენგანს მოვუწოდებს, ვიმოგზაუროთ და დავისვენოთ საქართველოში. ეს იქნება ყველაზე დიდი მხარდაჭერა ამ წელს ჩვენი ეკონომიკისთვის და ჩვენი ტურისტული სექტორისთვის"- ასეთი განცხადებით პრემიერ-მონისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვისას მთავრობის წევრებს მიმართა.
გახარიამ სხდომაზე ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყნებთან, რომლებთანაც ტურიზმის საკითხზე მოლაპარაკებები თითქმის დასრულებული იყო, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა, რის გამოც ამ ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების აღდგენის საკითხი დაკონსერვებულია.
„ქვეყნებთან, რომელთანაც მოლაპარაკებები თითქმის ბოლომდე იყო მისული და დასრულებულიც გვქონდა, ამ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა და ჩვენმა კოლეგებმა თვითონ ჩვენივე ინტერესებიდან, საქართველოს უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით გვითხრეს, რომ ცოტა ხანი დავლოდოთ და ვნახოთ ციფრები როგორი იქნება.
„ეს ტურბულენტობა დაკავშირებულია არაპროგნოზირებადობასთან. მოგეხსენებათ, რომ ბევრია საუბარი მეორე ტალღაზე, ვაქცინის ერთ თვეში, ერთ წელიწადში ან ორ წელიწადში გამოჩენაზე. ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ - რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი, როგორც ეპიდემიასთან ბრძოლის, ასევე ანტიკრიზისული ეკონომიკური აღდგენის თვალსაზრისით, უნდა იყოს უაღრესად გონივრული, უაღრესად ფრთხილი და უაღრესად გაზომილი ჩვენს ეკონომიკასთან შესაბამისობაში", - განაცხადა გახარიამ.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო, ეპიდემიოლოგიურად, კრიზისისა და ეპიდემიის რისკების მართვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა და საერთაშორისო ტურიზმის თვალსაზრისით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად იქნა აღიარებული.
პრემიერი კორონავირუსის რვა ახალ დადასტურებულ შემთხვევას გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საუბრები კორონავირუსის დამარცხებაზე უკიდურესად ნაადრევია.
„თითქოს არ არის ეს 8 შემთხვევა ბევრი, მეტიც გვქონია, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ 8 შემთხვევიდან 3 გახლავთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, კერძოდ ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელი. სამწუხაროდ, 2 შემთხვევაში, წარმომავლობის თვალსაზრისით, ჯერ კიდევ გაურკვეველია საბოლოოდ პირველწყარო რა იყო. ფაქტობრივად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ რეალურად საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით, როგორც მინიმუმ, უკიდურესად ნაადრევია. ამიტომ, მობილიზაციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხი გვმართებს", - თქვა გახარიამ.