ია აბულაშვილი
09.06.2020

დავით გარეჯის უდაბნოს საკვირველმოქმედი მადლის ქვის შესახებ, რომელიც დავით გარეჯელმა იერუსალიმიდან ჩამოიტანა, არაერთი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, მამა დავითმა, როგორც კი უდაბნოს მღვიმის აგება დაასრულა, თავისი სანუკვარი ოცნების ასრულება გადაწყვიტა - მოელოცა იერუსალმის სიწმინდეები.

მოილოცა რა იერუსალიმი, უკან დაბრუნებისას წმინდა მიწიდან სამი ქვა წამოუღია. იმ ღამეს იერუსალიმის პატრიარქმა ნახა სიზმარი: მას მაცხოვარი გამოეცხადა და უთხრა, რომ „დაადევნე სწრაფმავალნი, ჯერ ისევ ქალაქში არის, ტანთ აცვია ძველი სამოსი და კალათით უჭირავს სამი ქვა. გამოართვით ის ქვები, ორი წილი დაუბრუნეთ იერუსალიმს, რომ მადლი წაერთვათ, ხოლო ერთი წილი მიმიცია უდაბნოსთვის, ვითარცა მადლი სახსოვრად.“

პატრიარქს გაკვირვებულს გამოეღვიძა, დაადევნა მდევარი. მამა დავითს მოუყვნენ ამ სიზმრის შესახებ. მან პატრიარქის კაცებს ორი ქვა დაუბრუნა, ერთი პატარა კი უდაბნოში წამოიღო და გარეჯის ერთ-ერთ ეკლესიაში დააბრძანა. 

ეს ქვა მართლაც საკვირველმოქმედი აღმოჩნდა. ვინც რწმენით ემთხვეოდა, სნეულებისგან იკურნებოდა. დავით გარეჯელის სიკვდილის შემდეგ მადლის ქვა აღმოაჩნეს მონასტრის აღმოსავლეთ ნაწილში, კანკელის კარების ახლოს ნიშაში, რომელიც სიდიდით ბატის კვერცხის ოდენა იყო, მოთეთრო-მოწითალო ფერის. ბოლოში ჰქონდა მიმხმარი სისხლისფერი ლაქა. ღვთისმსახურები მადლის ქვას დღესასწაულებზე გამოიტანდნენ და თაყვანს სცემდნენ, შემდეგ ისევ დამალავდნენ.

ერთხელაც გარეჯის მონასტერს ლეკები შემოესივნენ და ააოხრეს. გაიტაცეს საღვთო ჭურჭელი, ძვირფასი ხატები და საკვირველმოქმედი ქვა, რომელიც ტრაპეზის ქვეშ იყო. ტყვედ წაიყვანეს ბერ-მონაზონი მიტროფანე. შინ დაბრუნებულებმა ნაძარცვი გაიყვეს, ხოლო მადლის ქვა, რომლის მნიშვნელობა და ფასი არ იცოდნენ, ერთ-ერთის სახლის ჭერში შეინახეს. 

ბერმონაზონმა მიტროფანემ ეს ადგილი დაიმახსოვრა. ერთი წლის შემდეგ, როცა გაათავისუფლეს, ლეკების შეუმჩნევლად ჩამოიღო ჭერში დამალული მადლის ქვა, საქართველოში წამოიღო და დავით გარეჯის მონასტერში დიდი პატივით დაასვენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×