
რატომ დააკავეს „ქართული ოცნების“ დეპუტატის სოფიო კილაძის ყოფილი მეუღლე და რატომ ითხოვდა ის ეკა ბესელიასგან საჯარო მხარდაჭერას? როგორც ცნობილი ხდება, ავთანდილ ხარაძეს გამოძიება შემაკავებელი ორდერის დარღვევას ედავება და მას 4 ივნისს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მანამდე კი ხარაძე დეპუტატ ეკა ბესელიასთან იმყოფებოდა და მას დახმარებას სთხოვდა.
აღნიშნულს ბესელია „რეზონანსთან“ ადასტურებს. მისი თქმით, ავთანდილ ხარაძე შიშობდა, რომ ყოფილი მეუღლე მის წინააღმდეგ თავის პოლიტიკურ გავლენას გამოიყენებდა და ეკა ბესელიას სთხოვდა, რომ მისთვის საჯარო გამოეხატა მხარდაჭერა.
ბესელია ამბობს, რომ მას ხარაძის ნათქვამში ეჭვი არ შეპარვია, თუმცა, რადგანაც საქმე პირად ცხოვრებას ეხებოდა, გადაწყვიტა, რომ ამაში არ ჩარეულიყო. დეპუტატი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ხარაძემ კონკრეტულად რა მოუყვა - ამ დეტალების გახმაურებისგან თავს შეიკავებს, რადგანაც საქმი ისევ და ისევ სხვის პირად ცხოვრებას ეხება.
ხარაძემ დახმარება ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვა.
ავთანდილ ხარაძე ყოფილი ცოლის საჩივრის საფუძველზე დააპატიმრეს. პატრული თავად სოფო კილაძემ გამოიძახა. ავთანდილ ხარაძეს შემაკავებელი ორდერის დარღვევას ედავებიან. ის ყოფილი ცოლის სახლში ბავშვის სანახავად მივიდა, თუმცა სახლი იმის გამო ვერ დატოვა, რომ კომენდატის საათი იყო. კილაძე მას წასვლას სთხოვდა, ამის შემდეგ კი სახლში პოლიცია გამოიძახა.
ავთანდილ ხარაძეს შემაკავებელი ორდერის გამო ყოფილ ცოლთან კომუნიკაცია აკრძალული ჰქონდა. 2019 წლის 5 ნოემბერს სოფო კილაძემ განაცხადა, რომ ყოფილმა ქმარმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა, ფიზიკურ ძალადობას კი არ ადასტურებდა.
თავად ავთანდილ ხარაძის თქმით, მისი ყოფილი მეუღლე სოფიო კილაძე მათი 5 წლის შვილით მანიპულირებს და ნახვის საშუალებას არ აძლევს. ხარაძე ასევე ამბობს, რომ მან დეპუტატს განქორწინება 2 თვის წინ სთხოვა.
დეპუტატი ეკა ბესელია „რეზონანსს“ უყვება, რომ ავთანდილ ხარაძე მასთან მოულოდნელად მივიდა და დაცვა სთხოვა. ბესელია აცხადებს, რომ მას საჯარო მხარდაჭერა უნდოდა, რადგანაც განცდა ჰქონდა, რომ კილაძე საკუთარ გავლენა ყოფილი ქმრის წინააღმდეგ იყენებს.
„მოვიდა პარტიის ოფისში შეუთანხმებლად. თქვა, რომ იყო კილაძის მეუღლე და ითხოვდა დახმარებას. ამბობდა, რომ მისი, როგორც მშობლის უფლებები ილახებოდა. არ მინდა დეტალების გახმოვნება რაც მითხრა, ვიცავ ეთიკურ ნორმებს, მაგრამ მას მიაჩნდა, რომ სასამართლო აშკარად უსამართლოდ ექცეოდა და გავლენებს იყენებდა კილაძე. ითხოვდა საჯარო მხარდაჭერას.
„დეტალებზე საუბარი ეთიკური არ იქნება. ძალიან განიცდიდა მის მიმართ უსამართლობას. არ მიფიქრია, რომ ცრუობდა. გამიკვირდა ჩემს პარტიაში რომ მოვიდა. ეს ახსნა იმით, რომ ჩემი ნდობა ჰქონდა, რომ მოვუსმენდი. მოვუსმინე . საჯარო განცხადებაზე უარი ვუთხარი, არაეთიკურად ჩავთვალე ჩემი მხრიდან. კილაძე რომ ყოფილიყო (ჩემს ადგილას), არარსებულს მომიგონებდა, მაგრამ მის დონემდე დასვლა ხომ არ შეიძლება?!“, - აცხადებს „რეზონანსთან“ ბესელია.
სოფო კილაძის ყოფილი ქმრის, ავთანდილ ხარაძის ადვოკატი კი „რეზონანსთან“ აღიარებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა შემაკავებელი ორდერი დაარღვია. ადვოკატის თქმით, კილაძის სახლში ბავშვის სანახავად მივიდა, სახლის დატოვება კი კომენდანტის საათის გამო ვერ შეძლო.
„სოფო კილაძის სახლში ბავშვის სანახავად მივიდა. თვითონ ყოფილი მეუღლე სახლში არ დახვდა, შემდეგ მოვიდა და თხოვდა, რომ სახლი დაეტოვებინა. მან ბინის დატოვება იმის გამო ვერ შეძლო, რომ კომენდატის საათი იყო. ამის შემდეგ კილაძემ პატრული გამოიძახა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს, რომ შემაკავებელი ორდერი დაარღვია, ამიტომაც წინასწარ პატიმრობაში მისი დატოვება გაუგებარია. ბავშვის ნახვის უფლება , რა თქმა უნდა, ჰქონდა, ოღონდ ძიძას ჩაჰყავდა ხოლმე. შეთანხმების გარეშე მივიდა და ამას ნანობს კიდევაც.
„გასაჩივრებული გვაქვს სააპელაციო სასამართლოში და ვნახოთ, ველოდები პასუხს. ეს ფაქტი 17 მაისს მოხდა, ხოლო ის 3ივნისს დააკავეს. 4 ივნის კი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა“, - განაცხადა ადვოკატმა „რეზონანსთან“.