
"მამუკა ხაზარაძემ თავად განაცხადა, რომ იყო შეხვედრა, მაგრამ რაიმე გადაწყვტილება მიღებული არ ყოფილა, ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას" - ასე ეხმაურება "ლელოს საქართველოსთვის" ერთ-ერთი წევრი კახა კოჟორიძე ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გიორგი მარგველაშვილი "ლელოსთან" მოლაპარკებებს მართავს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ იგი "გაერთიანებულ ოპოზიციაში" საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეხვედრებზე არერთხელ გამოჩნდა, თუმცა განცხადება, რომელ პოლიტიკურ პარტიაში იქნება, არ გაუკეთებია. მედიაში ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით კი მარგველაშვილი "ლელოსთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს.
"გიორგი მარგველაშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ არსებული ხელისუფლება არის შესაცვლელი და ეს არჩევნები საქართველოს მოსახლეობამ უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ პროგრესული ძალები. ვიცით, რომ მარგველაშვილი არ აპირებს დააყენოს თავისი კანდიდატურა მაჟორიტარად. რაც შეეხება ინოფრმაციას "ლელოსთან" კონსულტაციების შესახებ, მამუკა ხაზარაძემ თავად განაცხადა, რომ იყო შეხვედრა მარგველაშვილთან, მაგრამ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. პირადად მე ამ შეხვედრას არ ვესწრებოდი," - განაცხადა "რეზონანსთან" კახა კოჟორიძემ.