
„არსად მივდივარ, აქ ვარ. შესაძლებელია თუ არა, რომ საარჩევნო სიაში მოვხვდე? ყველაფერი შესაძლებელია ან არ არის შესაძლებელი. ნუ ვჩქარობთ - ჯერ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები. საერთოდ არ მაქვს წარმოდგენა და არც მიფიქრია ამ სიებზე. არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა. რა დროს კონსულტაციებია, ჩვენ დღეს იმდენი მიმდინარე საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი," - ასე უპასუხა ჟურნალისტებს, სოფელ ნიქოზში ყოფნისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მის თანამდებობიდან წასვლასა და „ქართული ოცნების" საარჩევნო სიასთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ კითხვებს.
მთავრობის მეთაურმა აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის პროკურატურაში ვიზიტზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ამ ვიზიტის გარშემო კრიტიკული კითხვენი მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდაა.
„თქვენ გაქვთ ფუნქცია, ამერიკის ელჩის ქმედებების, ნაბიჯების ან ვიზიტების თარგმნის? ან ვინ გითხრათ, რომ ეს გაფრთხილება იყო? თავს რატომ იქნევთ? პოლიტიკური სპექტრი, საწუხაროდ, არჩევნებიდან გამომდინარე დღეს არის ძალიან ტოქსიკური. მედიას რომ გადაავლოთ თვალი, შინაარსობრივ პოლიტიკურ ნიუსს ვერ ნახავთ, არის მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდა, რომელიც კიდევ ამასთან ერთად „ფეიქნიუსებზე" არის დაყრდნობილი და ეს სამწუხაროა. სამწუხაროდ, ამას ყველა უნდა მივეჩვიოთ არჩევნებამდე და ყველაფერ უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენი პოლიტიკური კულტურა, მედია კულტურაც ნელ-ნელა ავიმაღლოთ", - განაცხადა გახარიამ.
ცნობილია, რომ 1-ლი ივლისიდან, საქართველო უცხოელი ტურისტების მასპინძლობას შესაბამისი საერთაშორისო რეკომენდაციების დაცვით და ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით გეგმავს, აღსანიშნავია, რომ ტურისტული ნაკადის შემოდინება ჯერ ე.წ. მწვანე ზონის ქვეყნებიდან იგეგმება, გახარია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ტურისტების შემოყვანაზე მოლაპარაკება ბალტიის ქვეყნებთან მინდინარეობს.
„ახლა არის შიდა ევროპული პროცესი, რომლის გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული და აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენს ნაბიჯს გადავდგამთ. მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენთვის, პირველ რიგში, ყველაზე დიდი ფასეულობა არის ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა, მისი უსაფრთხოება, ის, რაც ჩვენ შევძელით და ეკონომიკა ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსენით, ამ მიღწევებს ჩვენ რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მისივე აზრით, საერთაშორისო ტურიზმის გახსნისას ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ის, თუ არანაირი ტურისტის ფასად საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს.
„ტურიზმიდან შემოსული იმპორტირებული ინფიცირება შემდგომ ქვეყანას შეიძლება იმდენი დაუჯდეს, რომ არანაირი ფასი იმ ტურისტს არ ექნება. ამიტომ, აქ ფრთხილი, დაბალანსებული, გონივრული ნაბიჯები, როგორც ეპიდემიოლოგიური რისკების დასაზღვევად, ასევე ეკონომიკის აღსადგენად, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ასე ფრთხილად, გონივრულად, ყველამ ერთად სამშვიდობოს გავიაროთ ეს ყველაფერი", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
გახარიამ ნიქოზში ფერმერებთან შეხვედრაზე კორონავირუსის მეორე ტალღაზე საუბრისას ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დიდი რისკის ქვეშ ვართ, რადგან მსოფლიოში „ამ კრიზისის ყველაზე დიდი მახასიათებელი, ძალიან დიდი გაურკვევლობაა".