თამთა ჩაჩანიძე
11.06.2020

„სამწუხაროდ, კორონავირუსი მაღალ ტემპერატურას ისე კარგად არ ემორჩილება, მას სეზონურობა არ ახასიათებს. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ზაფხულის ამინდის იმედზე ვერ ვიქნებით. მოსახლეობა უფრო მეტად მობილიზებული უნდა ვიყოთ და ამ დაავადებას ასე ვებრძოლოთ", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, განცხადებებს იმის შესახებ, რომ სავარაუდოდ კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო.

სავარაუდო ე.წ. მეორე ტალღის დაწყების შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ გააკეთა, რომელმაც ამის პირველ ნიშნად თბილისში კოვიდ-19 ინფექციის მინიმუმ 4 შემთხვევა დაასახელა, რომელთა პირველწყაროს მოძებნა ვერ ხერხდება.

გოგინავა ფიქრობს, რომ 4 ასეთი შემთხვევა მეორე ტალღის დაწყებას არ ნიშნავს, თუმცა მისივე თქმით, თუ შემთხვევების პირველწყაროს დადგენა მომავალშიც ვერ ხერხდება და პაციენტების რიცხვიც დრამატულად გაიზრდება, შესაძლოა მეორე ტალღა ვიხილოთ.

„ასე გადაჭრით ამას ვერ ვიტყვით (რომ მეორე ტალღა დაიწყო), მაგრამ თუ პაციენტების რაოდენობა გაიზრდება და თანაც წყაროს მოძიება ვერ ხერხდება, რა თქმა უნდა შესაძლებელია, რომ ინფექციის სწრაფი გავრცელება მოხდეს, ამიტომაა, რომ მოსახლეობა ისევ ყურადღებით უნდა იყოს და რეკომენდაციები უნდა დაიცვას, იმიტომ, რომ კორონავირუსი თავისთ არსად წავა. განცდა გაჩნდა საზოგადოებაში, რომ ყველაფერ დასაშვებია, რაც ასე არაა და ისევ და ისევ რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ და მეორე ტალღის დაწყებას ხელი შევუშალოთ. დანარჩენი დინამიკაში გამოჩნდება.

„4 ახალი შემთხვევა მეორე ტალღის დაწყებას არ ნიშნავს, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა რაოდენობის ზრდა მოხდეს. პირველწყაროს მოძებნა რომ ვერ ხერხდება, სახიფათოა. ამ პაციენტებით შესაძლოა დრამატული ზრდა არ მოხდეს, მაგრამ თუ ასეთი შემთხვევები კიდევ მოიმატებს, მაშინ შესაძლოა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საკმაოდ გაგვიუარესდეს და ე.წ. მეორე ტალღა დაიწყოს.

„სამწუხაროდ, კორონავირუსი მაღალ ტემპერატურას ისე კარგად არ ემორჩილება, მას სეზონურობა არ ახასიათებს. ამაზე ასხვადასხვა თბილი ქვეყნების (ბრაზილიის და სხვა.) მაგალითები მოჰყავდათ, სადაც, მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა, მაინც დაავადების აგრესიული გავრცელება მოხდა. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ზაფხულის ამინდის იმედზე ვერ ვიქნებით, მოსახლეობა უფრო მეტად მობილიზებული უნდა ვიყოთ და ამ დაავადებას ასე ვებრძოლოთ.

„ეპიდემიოლოგი არ ვარ, კონკრეტულ ციფრებს ვერ ვიტყვი, მაგრამ სწრაფი და აგრესიული ზრდის შემთხვევაში შესაძლოა შეზღუდვების დაწესება ისევ საჭირო გახდეს. თუმცა იმედი მაქვს, რომ აქამდე არ მივალთ და იმის მიუხედავად, რომ 4 ახალი შემთხვევა გვაქვს და შესაძლოა კიდევ მოემატოს ისეთი შემთხვევები, რომლის წყარო ცნობილი არაა, აგრესიული ზრდა ვფიქრობ, რომ არ გვექნება, მოსახლეობა თავის პასუხისმგებლობას გაიაზრებს და ამ საკითხს მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდება.

„იმედი მაქვს, რომ ეპიდემიოლოგიური სამსახურები სიტუაციის სტაბილიზაციას მოახერხებენ და ისეთივე მართული ეპიდსიტუაცია დარჩება, როგორიც აქამდე გვქონდა და არ მგონია, რომ მოვლენებს ისეთი დრამატული განვითარება ჰქონდეს, რომ ისევ შეზღუდვები დაგვჭირდეს", - განაცხადა გოგინავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×