
„სააკაშვილს არანაირი კანონი არ დაურღვევია, მან გამოთქვა თავისი მოსაზრება. ჩვენ მისი განცხადება პარტიაში მივიღეთ როგორც განცხადება იმ ადამიანის, რომელსაც დიდი გავლენა აქვს საქართველოს ელექტორატზე“ - ასე ეხმაურება „ნაციონალური მორაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტისა უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება.
უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტი 2014 წელს შეიქმნა მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განკარგულებით. ოფიციალურად, ეს არის უკრაინის პრეზიდენტთან არსებული სპეციალიზირებული საკონსულტაციო-სათათბირო ორგანო და მის შემადგენლობას უშუალოდ ქვეყნის პრეზიდენტი აკომპლექტებს. მიხეილ სააკაშვილი კომიტეტის თავმჯდომარედ წლევანდელი მაისის დასაწყისში დაინიშნა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით. მანამდე კი ზელენსკიმ მას უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.
საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება სააკაშვილმა ხუთშაბათს „ფეისბუკში“ გააკეთა. იგი აცხადებს, რომ არ აპირებს მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებას და ოპოზიციას მოუწოდებს, რომ დღეს ადგილების გაყოფის დრო არ არის და უნდა გაერთიანდეს, რადგან წლევანდელ არჩევნებზე გადაწყდება საქართველო დაიღუპება თუ გაიმარჯვებს. თავად კი ყველა შემთხვევაში ამ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება.
„წელს ან სამუდამოდ დაიღუპება ჩვენი ქვეყანა, ან ის გაიმარჯვებს. მესამე ვარიანტი არ არსებობს. ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ განცხადებებთან დაკავშირებით უწყებაში საქართველოში უკრაინის ელჩს იბარებს. როგორც მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, ეს არის უკრაინის მოქალაქის პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში.
„იყო მოლოდინი, რომ ის გააგრძელებდა საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას. განცხადება, რომელიც მოვისმინეთ, არის უკრაინის მოქალაქის პირდაპირი ჩარევა სხვა ქვეყნის საშინო საქმეში და პირდაპირ საარჩევნო პროცესში. ამის შესახებ გვექნება საუბარი და ელჩს დავიბარეთ საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოვთხოვთ განმარტებას, რადგან ეს არის აშკარად უცხო ქვეყნის მაღალჩინოსნის პირდაპირი ჩარევა სხვა ქვეყნაში. არა უბრალოდ სხვა ქვეყანაში, არამედ სტრატეგიული პარტნიორის საშინაო საქმეებში და საარჩევნო პროცეში“, - აცხადებს დავთი ზალკალიანი.
სააკაშვილის განცხადებას უკვე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია. მისი თქმით, „ევროპული საქართველოსა“ და ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილის წინა ხაზზე სააკაშვილი ვერ იქნება.
„ევროპული საქართველოს“ საქმეში ვერ ჩაერევა, ძალიანაც რომ მოინდომოს. თუ მიხეილ სააკაშვილს თავის პარტიაში აქვს ამბიცია, ეს მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ საქმეა“, - აცხადებს ბოკერია.
თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ სააკაშვილის განცხადება მთლიანად შეესაბამება საერთაშორისო ნორმებით მიღებულ პრაქტიკას და ეს არ იყო საქართველოს საარჩევნო პროცესში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩარევა.
„აქვს თუ არა უფლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ისაუბროს პოლიტიკურ მოვლენებზე? ბუნებრივია, აქვს და ეს საერთაშორისო ნორმებით მიღებული პარქტიკაა. მაგალითად, 13 კონგრესმენმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსეთის კაცი და ქვეყანაში დესტაბილიზაციას ცდილობს. რა ვქნათ, კონგრესმენებს ავუკრძალოთ თავისი აზრის გამოთქმა? ან ევროპარლამენტარი დეპუტატები თუ სხვა ქვეყნის ლიდერები როცა გამოთქვამენ თავის მოსაზრებას მიმიდინარე პოლიტიკურ მოვნებეზე, ავუკრძალოთ?
„სააკაშვილს არანაირი კანონი არ დაურღვევია და არც საარჩევნო პროცესში ჩარეულა. მან გამოთქვა თავისი მოსაზრება. ჩვენ პარტიაში ეს განცხადება მივიღეთ, როგორც განცხადება ადამიანისა, რომელსაც დიდი გავლენა აქვს საქართველოს ელექტორატზე“, - განაცხადა „რეზონანსთან“ რომან გოცირიძემ.