
„ისაა (უკრაინის) პრეზიდენტის უშუალო წარმომადენელი თუნდაც კორუფციის და რეფორმების სფეროში; მისი გავლენა გაცილებით დიდია, ვიდრე ნებისმიერი საშუალო რანგის ჩინოვნიკის. ამიტომ მისი ეს განცხადება, რომ ის ფრონტის წინა ხაზზე იქნება, რა თქმა უნდა გარკვეულ კითხვის ნიშნებს და უხერხულობებს აჩენს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეფორმების კომიტეტის ხელმძღვანელის რანგში მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ის რომ 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე წინა ხაზზე იბრძოლებს.
თავად სააკაშვილი აცხადებს, რომ არ არის უკრაინელი საჯარო მოხელე და შეუძლია ნებისმიერ თემაზე თამამად ისაუბროს. დაახლოებით იგივე გაიმეორა საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა, რომელიც ხუთშაბათს სწორედ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
„უკრაინის პოზიცია აღნიშნულ თემაზე არის ის, რომ სააკაშვილი არ არის საჯარო მოხელე, ის არის ქართველი თავისი ცხოვრებით და ეროვნებით. მის გულში მუდმივად არის საქართველო და მასზე საუბარს ვერ დავუშლით. გააჩნია თავისი ნოსტალგიები სამშობლოსთან, ვფიქრობთ, რომ აქვს უფლება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსიროს, რაც ბუნებრივია და ტრაგედიას არ წარმოადგენს", - თქვა იგორ დოლგოვმა
ძაბირაძის აზრით, საქართველოს ხელისუფლების რეაქცია სააკაშვილის განცხადებებზე ზედმეტად მძაფრია.
„ზუსტად ნამდვილად არ ვიცი მისი თანამდებობა ჩინოვნიკის პოზიციას ფორმალურად რამდენად შეესაბამება და რამდენად ითვლება, რომ უკრაინის სახელმწიფოს წარმომადგენელი თუნდაც დაბალი რანგის ჩვენს საქმნიანობაში ერევა. ამის შეფასება გამიჭირდება. მაგრამ ესაა ფორმალური ნაწილი, რეალურად კი ის არის ადამიანი, რომელიც პრეზიდეტმა დანიშნა თუნდაც საკონსულტაციო, მაგრამ თანამდებობაზე. შესაბამისად, რადგან იგი პრეზიდენტის უშუალო წარმომადენელია, თუნდაც კორუფციის და რეფორმების სფეროში, მისი გავლენა გაცილებით დიდია, ვიდრე ნებისმიერი საშუალო რანგის ჩინოვნიკი. ამიტომ მისი ეს განცხადება, რომ ის ფრონტის წინა ხაზზე იქნება, რა თქმა უნდა გარკვეულ კითხვის ნიშნებს და უხერხულობებს აჩენს.
„თუმცა გულწრფელად რომ გითხრათ, ის ამ განცხადებას გააკეთებს თუ არა, ამ თემის ამ დონეზე აწევა არ მგონია სწორი იყოს. არის რაღაცეები, რასაც თვალი და ყური უნდა ავარიდოთ.
„სააკაშვილი რეალურად ქვეყნიდან წავიდა, მაგრამ ქართული პოლიტიკიდან არ წასულა და მთელი ეს ცხრა წელი ქართული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ფიგურაა. მოგვწონს, არ მოგვწონს, გვინდა, არ გვინდა - ეს ცალკე თემაა. რეალობაა ასეთი, რომ პირადად სააკაშვილს საკმაოდ სერიოზული ელექტორატი ჰყავს, პირადად სააკაშვილის ელექტორატზეა საუბარი და არა „ნაცმოძრაობის". იმ ელექტორატიდან, რაც ამ პარტიას ჰყავს, 90% სააკაშვილის ელექტორატია და ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან.
„სამწუხაროდ დღეს ორი პოლიტიკური ფიგურაა - ივანიშვილი და სააკაშვილი. ორივე ამ შემთხვევაში არაფორმალური მმართველია. განსხვავება ისაა, რომ ერთი არაფორმალურად ქვეყანას მართავს და მეორე - პარტიას", - განაცხადა ძაბირაძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში" სააკაშვილის განცხადებასა და კონგრესმენების დღევანდელ კვლევას შორის გარკვეულ პარალელს ავლებენ და ამბობენ, რომ როგორც ამერიკელ კონგრესმენებს აქვთ საქართველოზე ლაპარაკის უფლება, ისე აქვს სააკაშვილსაც. ამის შესახებ ზაბირაძე ამბობს, რომ ეს ორი განსხვავებული ვითარებაა და ამ ორ სიტუაციას შორის პარალელის გავლება არასწორია.
„ეს სრულიად განსხვავებული რამაა - სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაზე მუშაობს. ერთია, როდესაც კონგრესმენი რაღაც განცხადებას აკეთებს, რომელიც ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელია და ქვეყანაში არსებულ ვითარებას აფასებს, და სხვაა პოლიტიკოსი, რომელიც ამ ქვეყნის პოლიტიკოსია და ცდილობს, რომ სხვა ქვეყნიდან სიტუაციის გარკვეული გადალაგება მოახდინოს. ეს ორი სხვადასხვა რამეა.
„არცერთ იმ კონგრესმენს პრეტენზია არ აქვს, რომ საქართველოში პრემიერი გახდეს, სააკაშვილს კი ამის პრეტენზია აქვს - არის ეს განსხვავება თუ არა? და მეორეც - ის დოკუმენტი, რომელზედაც საუბარია, რამდენადაც გავიგე, ეს შიდა მოხმარების დოკუმენტია, კონგრესის ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ არსებული ვითარება გაეანალიზებინა, ასეთი შეფასებები გააკეთა. იქ საუბარი მხოლოდ ჩვენზე ხომ არაა, იქ მარტო ბიძინა ივანიშვილზე ხომ არაა ლაპარაკი, არის პუტინზე, არის რუსეთზე, არის ჩინეთზე და ა.შ. ანუ მსოფლიოში არსებული ვითარება შეაფასეს და ამერიკის ხელისუფლების მიდგომები დაისვა კითხვის ნიშნის ქვეშ და არა ქართულის.
„ისინი იმას კი არ ამბობენ, რომ ივანიშვილი შევცვალოთ, ან არ შევცველოთო, ისინი ამბობენ, რომ ეს ადამიანები ამერიკის ინტერესებს, ან უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან. სააკაშვილი კი ამბობს, რომ ივანიშვილი უნდა შევცვალოთ იმიტომ, რომ ქვეყანას ანგრევსო. აქედან გამომდინარე, ასეთი პარალელების გავლება არასწორია", - განაცხადა ძაბირაძემ.