
„მე ამ პარტიის წევრი არასდროს ვყოფილვარ, ვიყავი საინიციატივო ჯგუფის წევრი, მაგრამ ყრილობაზე არ მივსულვარ“ - ასე ეხმაურება გუბაზ სანიკიძე „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუშავილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ გუბაზ სანიკიძე, დიდი ხანია, პარტიის წევრი აღარ არის.
პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ყოფილი დეპუტატისა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის, განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრები საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ ისმინებოდა, სისულელე უწოდა.
„ეს ბიჭი, დიდი ხანია, ჩვენთან აღარ არის და ვისთანაც არის, ურჩიონ, რომ ასეთი სისულელეების ლაპარაკი და მუცლით მეზღაპრეობა ქვეყანას აზიანებს,“ - დაწერა თავის ფეისბუქგვერდზე ირაკლი ოქრუაშვილმა.
„მე ვერ ჩამოვაყალიბე ჩემი აზრი და ამისთვის ბოდიშიც მოვიხადე. ასე რომ, თემა ამოწურულია. რაც შეეხება იმას, რომ "გამარჯვებული საქართველოს" პარტიის წევრი აღარ ვარ, მე ამ პარტიის წევრი არც ვყოფილვარ, ვიყავი საინიციატივო ჯგუფის წევრი, მაგრამ ყრილობაზე არ მივსულვარ. მარტო ვარ ჯერ, ვნახოთ, როგორი ვითარება იქნება ზაფხულში და იმის მიხედვით ვიმოქმედებ,“ - განაცხადა „რეზონანსთან“ გუბაზ სანიკიძემ.