
„ოპოზიცია ერთიანი არაა იმ კონტექსტში, რომ ერთიანი სია არ გვაქვს. ჩვენ ერთიანი ვართ იმ კონტექსტში, რომ მაჟორიტარების შეთანხმება გვინდა. ამ ნაწილში პროცესი მიმდინარეობს და მე ვერ ვხედავ, რომ ამ განცხადებამ რაიმე საფრთხე შეიძლება შეუქმნას ამას", - ასე აფასებს „რეზონანსთან" „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში წინა ხაზზე ბრძოლას აპირებს.
კაპანაძის აზრით, ეს „ნაციონალური მოძრაობის" წინა ხაზია და არა ერთიანი ოპოზიციის, რაც მისივე თქმით ეს თავისთავად ოპოზიციას პრობლემასაც არ შეუქმნის.
„ის, რომ სააკაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის წინა ხაზზე იქნება, შემიძლია გითხრათ, რომ ის თავის პარტიის ბრძოლის წინა ხაზზე იქნება და არა ზოგადად ოპოზიციის, იმიტომ, რომ არც ჩვენი პარტია და არც სხვა პარტიები მას, როგორც წინა ხაზზე მებრძოლს, ბუნებრივია ასე არ იგებენ. ჩვენ ჩვენი ლიდერები გვყავს და ბრძოლას ჩვენით ვაპირებთ.
„რაც შეეხება ეს განცხადება ზოგადად ოპოზიციისთვის რას ნიშნავს, ჩვენი ყველას ინტერესში არის ის, რომ ივანიშვილს მარტივი პროპაგანდის საშუალება არ მივცეთ - რომ ეს არჩევნები არის ორ პოლუს შორის ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის არჩევნები. ესაა მისი მთავარი კოზირი და მთელი ამ წლების განმავლობაში ამას იყენებდა. დღეს საზოგადოება და პოლიტიკური ძალები რეალურად მრავალპოლუსიანია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ყველას ამოცანა უნდა იყოს, რომ ივანიშვილს ამ პროპაგანდაში ხელი არ შევუწყოთ.
„ოპოზიცია ერთიანი არაა იმ კონტექსტში, რომ ერთიანი სია არ გვაქვს და ჩვენ ერთიანი ვართ იმ კონტექსტში, რომ მაჟორიტარების შეთანხმება გვინდა. ამ ნაწილში პროცესი მიმდინარეობს და მე ვერ ვხედავ, რომ ამ განცხადებამ ამას რაიმე საფრთხე შეიძლება შეუქმნას.
„ევროპული საქართველოს" ამოცანაა, რომ ის არასწორი განწობა, რომელმაც ივანიშვილმა შექმნა - რომ ეს არის ორ ადამიანს შორის ბრძოლა - ეს განწყობა არ იყოს. ეს არც რეალობაა და ესაა ივანიშვილის მთავრი პროპაგანდისტული იარაღი.
„საუბარი იმაზე, რომ ერთი რომელიღაც ადამიანია, რომელიც ოპოზიციას წინ მიუძღვის, ან მთავარი ლიდერია, უბრალოდ არასწორია. შეიძლება ვიღაცას ასე ეგონოს, მაგრამ რეალობა ასეთი არაა. რეალობა ისაა, რომ მრავალი პარტიაა და მომდევნო კოალიციურ მთავრობაში ყველა ამ პარტიას თავისი შესაბამისი როლი იმის მიხედვით ექნება, თუ ვინ რამდენ ხმას მიიღებს. ეს არ იქნება ერთი ადამიანის მმართველობა და ერთი კაცის ლიდერობის ქვეშ მმართველობა", - განაცხადა კაპანაძემ.