
სოცქსელების მომხმარებლები საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებენ, სადაც მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს პირბადეები უკეთიათ, მათ შორის მინიმალური დისტანციაც კი არაა დაცული, მეტიც ტრანსპორტში სრული ჭედვაა, მომხმარებლები ამით შეშფოთებულები არიან და შიშობენ, რომ საქართველოში ამის გამო სომხეთის სცენარი არ განმეორდეს, ან ისევ კარანტინის რეჟიმში არ დავბრუნდეთ.
მოსახლეობა შიშობს, რომ რეკომენდაციების ამგვარი გაუთვალისწინებლობით შესაძლოა გაჩნდეს ისეთი ე.წ. კლასტერები რომელთა წყაროს მოძიებაც უნცობი გახდეს და ინფექციის მეორე ტალღა მივიღოთ.
ამის პარალელურად პარლამენტმა პირბადის ტარების წესის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა, ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის, რომლის თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება გამოიწვევს ამ სივრცის მფლობელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით.
პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს პირბადის ტარება სავალდებულო ხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ტაქსით მგზავრობის დროსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ წესის დამრღვევი პირი, იქნება ეს მგზავრი თუ მძღოლი, დაჯარიმდება 20 ლარით.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტსა და რესტორნებში დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი გამკაცრდება,უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და ზედმიწევნით დაიცვან ყველა მითითება, რომელიც მათი ჯანმრთელობის დაცვისა და კოვიდ-19-ის მასობრივი გავრცელების პრევენციისთვისაა აუცილებელი.
შეგახსენებთ, რომ დღეს იმ 4 პაციენტს, რომელთა ინფიცირების წყაროც უცნობი იყო კიდევ ერთი დაემატა,რომლის წყაროც ასევე უიცნობია-ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„თბილისშია ინფიცირებული პაციენტი, ვისი წყაროც დაუდგენელია. გუშინ იყო ასეთი 4 შემთხვევა, 1 დაგვემატა. ასეთი მარტივი არ არის, როდესაც წყარო უცნობია, მიდის ჩაღრმავებული კვლევები - ყველა მათი კონტაქტების მოძიება, კონტაქტების გამოკვლევა, ამ კონტაქტებში თუ იქნება დადასტურებული შემთხვევა და მათი კიდევ კონტაქტები, ანუ საკმაოდ შრომატევადი და ცოტა ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ყველა ასეთი შემთხვევა საბოლოო ჯამში კარგად დასრულდა, ყველგან წყარო მოძიებული იქნება და იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევების პირველწყაროც იქნება მოძიებული", - განაცხადა ეზუგბაიამ.
ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ საქართველოში სომხეთის სცენარს არ მივიღებთ, თუმცა რამდენიმე შემთხვევა რომელიც რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობას შეიძლება მოჰყვეს, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უკვე პრობლემას წარმოქნის.
„რაღაცნაირად ავტობუსების რაოდენობა უნდა გაიზარდოს, რომ ადამიანმა დისტანცია დაიცვას, ნამეტანი გაჩერებაც აღარ შეიძლება, ეკონომიკას უკვე ძალიან დიდი პრობლემები შეექმნა, ბოლოს კოლაფსით დამთავრდება და რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს რომელი მოკლავს შიმშილობა თუ ეკონომიური კრიზისი, მაგრამ ასე ახლოს ჩახუტებული ყოფნაც ნამდვილად არ შეიძლება.
„რა თქმა უნდა პირბადის ხმარება კატეგორიული უნდა იყოს, პირბადიანი ადამიანის მიერ გადაცემული ინფექციის შანსი ძალიან მცირეა, თუმცაღა არსებობს. არა მგონია, რომ სომხეთი მივიღოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რამდენიმე შემთხვევა, რომელიც შესაძლოა, რომ ამას მოჰყვეს, უკვე პრობლემატური იქნება, ჩვენ რატომღაც ისევ ურემის გადაბრუნებას ველოდებით, რომ გამოჩნდეს მერე, რომ ვაი თურმე ასე უნდა გვექნა.
„ჩემის აზრით სიხალვათე უნდა მოხდეს და ავტობუსში იმდენი ადამიანი ავიდეს, რამდენი ადგილისაა და არა ასე ფეხზე დამდგარი და ერთმანეთთან ჩახუტებული, მგონია, რომ ამისი საშუალება არსებობს, ყველა გაჩერებაზე ან მძღოლის გვერდით უნდა იდგას ადამიანი რომელიც ამას გააკონტროლებს და არ შემოუშვებს იმაზე მეტს, ვიდრე დასაჯდომი ადგილია..
„კარანტინი შემოდის მაშინ, როდესაც ინფექციის გადაცემა უკონტროლო ხდება, როცა ინფიცირებულთა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, ერთი გადასდებს ათს, ათი გადასდებს ასს და ა.შ. ძალიან ადვილად შეიძლება მოხდეს ინფიცირება თუ წესები არ დავიცავით, ისევ და ისევ პრევენცია, დაშორება აუცილებლად 2 მეტრი უნდა იყოს და არ უნდა იყვნენ ეს ხალხი თუნდაც ავტობუსში პირისპირ ჩახუტებულები, პირბადეების ხმარება მაქსიმალურად უნდა დავიცვათ, განსაკუთრებით თავშეყრის ადგილებში, როგორც აქამდე ვიქცეოდით ისე, აქამდე კარგად ვიქცეოდით და ახლა რომ შეუშვეს ხელი უკვე პრობლემაც წამოვიდა და პირველი რამდენიმე შემთხვევა თუ დაფიქსირდა და რაოდენობა თუ გაიზარდა, მერე უკვე ვიფიქროთ ყველაფერთან ერთად კარანტინზეც კი, 2-3 შემთხვევა არაუშავს."-განაცხადა ხმალაძემ.