
დღეს როდესაც საქართველო უამრავი გამოწვევების წინაშე დგას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწორედ ჩვენს ტერიტორიაზე არსებული მოუგვარებელი გაყინული კონფლიქტებია, რომლებიც მნიშვნელოვნად აფერხებს ჩვენს განვითარებას, მათ შორის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებას. ომის შედეგად წარმოქმნილი გამყოფი ხაზების სხვადასხვა მხარეს მცხოვრებთა შორის დიალოგის დაწყება ერთ-ერთ ურთულეს პრობლემას წარმოადგენს. ძველი და ახალგაზრდა თაობის კონფლიქტოლოგთა ნაწილი თვლის, რომ დიალოგი წინაპირობების გარეშე უნდა დაიწყოს, თუნდაც პირველ ეტაპზე რაიმე ხელშესახები შედეგების მიღწევის მოლოდინის გარეშე, რადგანაც დიალოგის აუცილებელი მიბმა აუცილებელ შედეგებთან, ხშირად ჩანასახშივე კლავს დიალოგის შესაძლებლობას.
არადა, დიალოგის პროცესში სავსებით შესაძლებელია თუნდაც მხარეების მიერ პოზიციების ურთიერთგაცვლა და ალტერნატიული ინფორმაციის მიღებაც, რომელიც ქართველებს ხშირად ასე გვაკლია, რადგანაც მეტწილად მხოლოდ ჩვენი სამრეკლოდან ვუყურებთ და ვაფასებთ პროცესებს. არადა დიალოგის, ალტერნატიული ინფორმაცია აკლია მეორე მხარესაც, რადგანაც ინფორმაციულ ვაკუუმში ან ცალმხრივი ინფორმაციის ტყვეობაში არიან. მათ შესაძლოა არც აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია ჩვენი სამშვიდობო ინიციატივებზე.
როგორ შეიძლება რეალურ და საგნობრივ დიალოგს ხელი შევუწყოთ. იმისათვის რომ არ მოხდეს გაყინული კონფლიქტის ესკალაცია და თავიდან ავიცილოთ ახალი კონფლიქტები? დღეს ბევრი ფიქრობს ამ პრობლემაზე. ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაცია შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციის გლობალური პარტნიორობა Global Partnership for the Prevention of Armed Conflict (www,gppac.net)ეფექტური სამშვიდობო პროცესისა და კონფლიქტების პრევენციის მიზნით რეგიონალური არქიტექტურის გაძლიერებას გვთავაზობს,რაც გულისხმობს რეგიონალურ ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
კონფლიქტების, მათ შორის შეიარაღებულის, არსი იცვლება და უსაფრთხოებისათვის ახალი საფრთხეები გამოდის წინა პლანზე. რეგიონალურმა ორგანიზაციებმა უნდა იზრუნონ არა მხოლოდ მათი წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების პრობლემებზე არამედ ადამიანის უსაფრთხოების პრობლემებზეც. ხოლო სამოქალაქო ორგანიზაციებმა ხელი შეუწყონ მეტწილად ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომების განხორციელებას. ამისათვის GPPAC-ს მიერ იქმნება დიალოგისა და თანამშრომლობის რეგიონული პლატფორმები ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით. პარალელურად მიმდინარეობს დიალოგის კუთხით სათემო პრაქტიკების შექმნა.
კავკასიოლოგის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქართული მხარე პირდაპირი დიალოგის დაწყების პროცესზე გადავიდეს და შეისწავლოს აფხაზური და ოსური საზოგადოებების ინტერესები და მიზნები.
„ჩვენ უნდა გვქონდეს პირდაპირი კონტაქტები აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან, მათი ინტერესების შესწავლა უნდა ხდებოდეს და ამ ინტერესების ისე დაკმაყოფილება, რომ არ ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. უნდა ვეცადოთ, რომ აფხაზური და ოსური საზოგადოებების საფრთხეები, შიშები და რისკები მინიმიზირებული იყოს და არ იყვნენ დამოკიდებული რუსეთის მხარდაჭერაზე, - ეს მოგვარებადია.ჩვენ უნდა ვიყოთ წამყვანი ფაქტორი, წესრიგის განმსაზღვრელი და არა რუსეთი.
„აფხაზეთში არსებითად შეიცვალა დე ფაქტო ხელისუფლება და ის ხალხი არ მალავს, რომ სურთ ქართულ მხარესთან დიალოგის დაწყება, თუმცა, საქართველოში დღეს არეული ვითარებაა, - წინასაარჩევნო კამპანიაა, სახელმწიფო მინისტრი თანამდებობას ტოვებს. ასე რომ, ჩვენთან დღეს არ არის მზაობა კონსტრუქციული, სისტემური და პრაგმატული დიალოგისათვის ოქტომბრამდე და ამის შემდეგ პროცესი შესაძლოა უფრო გამოიკვეთოს,“ - თქვა პაატა ზაქარეიშვილმა.
დიალოგისთვის მზადყოფნის დემონსტრირება, როგორც არ უნდა ჰქონდეს ეს წარმოდგენილი ორივე მხარეს, უკვე ქმნის იმის წინაპირობას, რომ დაიწყოს გზების და საშუალებების ძიება ამ დიალოგიდან ამ ეტაპზე მაქსიმალური შედეგის მისაღებად.