
ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული წესები კიდევ უფრო მკაცრდება. პარლამენტმა პირბადის ტარების წესის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის, რომლის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება გამოიწვევს ამ სივრცის მფლობელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით.
პანდემიის დროს პირბადის ტარება სავალდებულო ხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ტაქსით მგზავრობის დროსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ წესის დამრღვევი პირი, იქნება ეს მგზავრი თუ მძღოლი, დაჯარიმდება 20 ლარით.
ქორწილის, ქელეხის, იუბილეს, ნათლობისა და სხვა ტიპის თავყრილობის გამართვის შემთხვევაში, ადგილზე მყოფი ყველა პირი სათითაოდ, 2 000 ლარით დაჯარიმდება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, ხსენებული სოციალური ღონისძიებების გამართვისგან 15 ივლისამდე თავი შეიკავონ. სწორედ ამ თარიღამდეა განსაზღვრული გარკვეული შეზღუდვების მოქმედება, მათ შორის სოციალურ ღონისძიებებზე 10-ზე მეტი პირის თავშეყრაც.
"ფიზიკური პირის მიმართ იქნება 2000 ლარიანი ჯარიმა, ყველა იქ მყოფი პირის მიმართ, ასევე იურიდიული პირის მიმართ 10 ათას ლარიანი ჯარიმა," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ეკონომიკის გახსნის პარალელურად ეპიდემიოლოგიური რისკების ზრდის ფონზე, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ვითარების ოპერატიული მართვის რეჟიმს აძლიერებს. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც ერთის წარმომავლობა უცნობია. ამ ეტაპზე ქვეყანაში ჯამურად, წყარო დაუდგენელია ინფიცირების 5 შემთხვევაში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს და განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს.
სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკის ამუშავება არათუ არ უნდა გახდეს მოდუნების საფუძველი, არამედ პირიქით, საჭიროა შესაბამისი უწყებებისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და ზედმიწევნით დაიცვან ყველა მითითება, რომელიც აუცილებელია მათი ჯანმრთელობის დაცვისა და კოვიდ-19-ის მასობრივი გავრცელების პრევენციისთვის.
გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების ფონზე, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობას. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის დავალებით, შესაბამისი უწყებები ტესტირებების გაფართოებაზე მუშაობენ. მთავრობის დადგენილებით უახლოეს დღეებში განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომელთაც სავალდებულო PCR ტესტირება პერიოდულად ჩაუტარდებათ. მათ შორის, კოვიდ-19-ზე ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარებიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც ტემპერატურის, ხველის, სუნთქვის გაძნელებისა და სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე 112-ს ან ოჯახის ექიმს მიმართავენ.
ამასთანავე, კვლავ ძალაში რჩება რეკომენდაცია, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ.
ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - მუშევანსა და გეტაში, რომლებთან დაკავშირებითაც დამატებით გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იქ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის განვითარების საფუძველზე მიიღებს.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 837 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 697 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 13 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3 213 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 303 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ზომების გამკაცრებას სპეციალისტები მიესალმებიან, რადგანაც თუ კი პრევენციულ წესებ არ დავიცავთ, ვირუსის მასიური გავრცელება კვლავ მოსალოდნელია. კოორნავირუსის ვერაგი ბუნებიდან გამომდინარე, მსგავსი რისკები ყოველთვის არსებობს, ამიტომაც ამდენი შრრომა წყალში, რომ არ ჩაგვეყაროს, აუცილებელია, რომ ქვეყნის გახსნასთან ერთად, ეპიდემიასთან ბრძოლის წესები კიდევ უფრო გამკაცრდეს და ჩყველა ჩვენგანმა ის დავიცვათ.
„სამწუხაროდ კვლავ დადგინდა ახალი შემთხვევბი რომლის კლასტერიც უცნობია. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ სადღაც რაღაც კვლავ გაპარულია. ამიტომ ჯერ კიდევ ბოლომდე არ ვიცით, ხომ არ არსებობს მოსახლეობაში უსიმპტომოდ მიმდინარე ფორმები. ნებისმიერი ინფექციის დროს, საშიშია მისი მტარებელი და უსიმპტომო ფორმების ადამიანი. მეორე მომენტიც არის გასათვალისწინებელი, რომ ჩვენს მეზობლად საკმაოდ მძიმე სიტუაციაა, განსაკუთრებით სომხეთში. არ ვართ დაზღვეული, რომ ზაფხულში ვინმე არ გადმოგვეპაროს. არ არის აუცილებელი ადამიანს სიცხე მთელი დღე ჰქონდეს. ძირითადად სიცხე დაახლოვებით საღამოს 6 საათიდან მატულობს. ამიტომაც არსებობს რისკები, რომ თუ დილით უსიმპტომო ადამიანს ტემპერატურას გავუზომავთ, შესაძლოა არც აჩვენოს. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, რომ ზომები გაამკაცროს და ყველა ამ რეგულაციებს უნდა დავემორჩილოთ. დიდ ეპიდემიას გავუძელით და ახლა მის ნარჩენებს ხელახლა გავრცელების საშუალება არ უნად მივცეთ“,-აცხადებს ინფექციონისტი „რეზონანსთან“.
ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე ფიქრობს, რომ ზომების გამკაცრება პრევენციის მიზნით აუცილებელია, თუმცა ამასთანავე გარკვეული პრობლემები იქმნება. პირველ რიგში ის, რომ რაც უფრო დაცხება, პირბადეების გამოყენება მით უფრო გართულდება, ტრანსპორტში კონდიციონერის გარეშე პირბადით მგზავრობა გაუსაძლისი გახდება.
სურგულაძე ამბობს, რომ ამიტომ რეგულაციების გამკაცრებასთან ერთად, პირბადეები უნდა გაიაფდეს, სხვაგვარად შედეგს ვერ მივიღებთ და მოსახლეობა დღეების და კვირების განმავლობაში ერთიდაიგივე პირბადით დადის, ეს კი რისკებს ზრდის. სურგულაძე ამბობს, რომ წესების პირველად დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება უნდა მოხდეს.
„სამწუხაროდ ამ შეზღუდვების ატანა მოგვიწევს. რას ვიზამთ ჯერჯერობით მსოფლიოს სხვა უკეთესი არაფერი აქვს. თუმცა ცუდი ისაა, რომ ეს რეგულაციები თავის მხრივ რიგ პრობლემებს შეიცავს. აუცილებელია, რომ პირბადეების საფასური გაიაფდეს. წარმოიდგინეთ, 40 გრადუს სიცხეში პირბადით მგზავრობა, თანაც კონდიციონერის გარეშე. ეს ნესტიანობას ზრდის და გადადების რისკიც მეტია. მისი ხშირი ცვლა უნდა მოხდეს. მოსახლეობის უმრავლესობას კი ყოველდღიურად პურის ფული არა აქვს და პირბადეს საათობრივად ვერ გამოიცვლის. ახლა ქვეყნის გახსნასთან ერთად, რომ დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდებოდა, გასაკვირი არ არის. რაც შეეხება სამეზობლოს, აუცილებელია, რომ სომხეთთან საზღვარზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდეს და საერთოდ საზღვარი არ გაიხსნას“, - აცხადებს სურგულაძე „რეზონანსთან“.