
საქართველოში ლომისას რამდენიმე ეკლესია არსებობს, მაგრამ ყველაზე უძველესი არის მთიულეთში, მლეთაში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც მე-9 საუკუნით თარიღდება. ლომისა წინაქრისტიანული ღვთაება იყო. გადმოცემის თანახმად, მისი სახელი ლომა ხარს უკავშირდება.
"ლომისის მთის თხემსა არს ეკლესია წმინდა გიორგისა, წოდებული ლომისა, უგუმბათო. არიან მრავალნი ხატნი და ჯვარნი ოქრო-ვერცხლისანი დახიზნულობით. უჭვრეტს სამხრეთით ქსანსა, ჩრდილოეთით მთიულეთს," - ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიას.
გადმოცემით, თავდაპირველად ლომისა საკულტო ტაძარი ყოფილა, შემდეგ ააგეს ეკლესია, სადაც დაბრძანებული ყოფილა ლომისის სასწაულმოქმედი ხატი. შიშიანობის დროს ხატი დეკანოზებს გადაუმალავთ, რომელიც დღეს დაკარგულია. ეკლესიაში ინახებოდა ლომისის ძველი ჯვრები, ვერცხლით მოჭედილი და თვლებით შემკული. ორ მათგანზე არის ხუცური წარწერა. ეკლესიას ჰქონდა თავისი საწინამძღვრო დროშა და ალამი. დროშა წითელი ფერის იყო და ზედ ზანზალიკები ეკიდა. ალამი კი სამფეროვანი, წითელი, თეთრი და ლურჯი ფერის. ალამს წვერზე შუბიანი თითბრის ბურთი ეკეთა.
ლომისის ეკლესიის მუხის კარი, რომელიც რკინით იყო მოჭედილი, მასზე ამოჭრილი თვრამეტსტრიქონიანი ხუცური წარწერით. ამ წერწერით ირკვევა კარის შემჭედელი ოსტატის ვინაობა. კარს ოთხ მწკრივად რგოლები დაუყვება, რომელსაც ღამით ფეხებზე აყენებდნენ, თუ მძარცველი კარს მიუახლოვდებოდა რგოლები ცვივოდ და ხმაურს იწვევდა.
მთიულებს დიდი რწმენა ჰქონდათ ალისფერ ცხენზე მჯდომი ლომისის წმინდა გიორგის, მას შესთხოვდნენ საქონლის გამრავლებას, უშვილონი - შვილიანობას, ვისაც ძუძუში რძე არ ედგა. ამ ეკლესიაში ტრადიცულად ყოველ წელს იმართებოდა დღესასწაული. მლოცველები მთელი საქართველოდან მოდიოდნენ მოსალოცად; დილით დეკანოზი გამოსავენებდა დროშას და "ფეხისას" სიმღერით აიტანდა მთაზე, სადაც იმართებოდა დღეობა. ლომისას სახელით კი თაყვანს სცემდნენ საწინამძღვრო ჯვარს.