
„ვერ ვიტყვი რომ ეს გამოსვლა იდეალური იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წინა მინსტრების გამოსვლებს ბევრად სჯობდა, ეს აშკარად პროგრესი იყო," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლას მინისტრის საათის ფორმატში.
მისივე თქმით, ღარიბაშვილმა მთავარ სამხედრო საკითხებზე და პრობლემებზე ნათლად და კარგად ისაუბრა, თუმცა არის საკითხები, რომლებზეც ყურადღება აუცილებლად უნდა გაემახვილებინა.
„ვერ ვიტყვი რომ ეს გამოსვლა იდეალური იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წინა მინსტრების გამოსვლებს ბევრად სჯობდა, ეს აშკარად პროგრესი იყო, ძალიან მომეწონა მისი ანალიზი, რომელიც პირველად გააკეთა - გეოსტრატეგიულ სივრცეში არსებული სამხედრო რისკების ანალიზი კარგად მოახდინა, აქცენტები გააკეთა შავი ზღვისპირეთში არსებულ რისკებზე და ოკუპაციისგან წამოსული ახალი ტიპის რისკებზე, ფსიქოლოგიურ ომზე, ტერორიზმიდან წამოსულ სამხედრო საფრთხეებზე, ნატოსთან თავსებადობის პრიორიტეტებზე, ზოგადად კარგად იყო ჩამოყალიბებული.
„შეეხო სამხედრო სფეროში სხვადასხვა საკითხებს, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მან ფაქტიურად არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის დროინდელი მინისტრები, არამედ მისი წინამორბედი მინისტრებიც გააკრიტიკა, რომ ის საკითხები, რაც მან წამოსწია ამ მიმართულებით არაფერი ნაბიჯი გადადგმული თითქმის არ იყო, მისი ზოგადი პათოსი ძალიან მომეწონა და აქცენტებიც სწორად იყო დალაგებული, რამდენად მოხდება მისი რეალიზაცია და რამდენად შესრულდება, ეს ალბათ ცალკე საუბრის თემაა.
„აბსოლუტურად ვეთანხმები ღარიბაშვილს არმიის დეპოლიტიზაციაზე, არმია პოლიტიკური პარტიებისა და ყოველგვარი მოწოდებებისაგან თავისუფალი უნდა იყოს. სამწუხაროა, რომ არმიის პოლიტიზაცია ხდება, „ნაცმოძრაობაში" დღეს ყოფილი სამხედროები წავიდნენ, სააკაშვილი უნდა, არმიაზე ბერკეტი ჰქონდეს, ამაზე იყო საუბარი ღარიბაშვილის მხრიდან.
„როცა ყოფილი გენერალი თანამედროვე თავდაცვის ძალებს მოუწოდებს, რომ არ შეასრულონ უმაღლესი მთავარსარდლისა და სამხედრო ხელმძღვანელების ბრძანებები, ეს უკვე სამხედრო დანაშაულია, ეს ფატიურად არმიის წაქეზებაა სამხედრო გადატრიალებისაკენ, ესაა ბოლშევიკების ნარატივი და სტრატეგია. მე უფრო ვიტყოდი, რომ თავდაცვის მინისტრმა დებოლშევიკიზაციისკენ გაილაშქრა.
„მან ოკუპაცია სამხედრო საფრთხეების ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემდგენლობაში შეიყვანა, პირდაპირ დააფიქსირა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ომი მიდის. რაც მე ძალიან მომეწონა, ესაა სამხედრო გამოწვევა, რომლითაც ოკუპანტი ცდილობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების დეზორგანიზაცია და პარალიზება მოახდინოს და თავდაცვისუნარიანობა დაგვაკარგინოს.
„მან სწორი აქცენტები გააკეთა, თუმცაღა გარკვეული საკითხები რჩება, მაგალითად სტრატეგიული დოკუმენტების მოდერნიზაცია, რომელიც დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება, სამხედრო სტრატეგიის რისკებისა და საფრთხეების დოკუმენტი, ასევე თავდაცვის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, როგორებიცაა თეთრი წიგნი და სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვა, რომლებსაც განახლება სჭირდება, რომ მოერგოს იმ საკითხებს, რაც თვითონ მინისტრმა ილაპარაკა.
„მეორე ის, რომ სასურველი იქნებოდა ყურადღება გაემახვილებინა მეოთხე თაობის ომების კონცეფციაზე- დღეს ყველა საბრძოლო ოპერაცია სწორედ ამ კონცეფციის საფუძველზე ვითარდება. საინტერესო იქნებოდა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განვითარებაზე ესაუბრა, ბიუჯეტის სეკვესტრი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, რამდენად შეუწყობს ხელს, არ ვიცი იმიტომ, რომ 75 მილიონიდან 30 ფრანგული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების საქართველოში დანერგვას რომ არ მოხმარდება, ეს კარგი ფაქტი არაა. თქვა, რომ სეკვესტრი მოხდა, ამ სისტემის დანერგვა 2021 წლისთვის მოხდებაო, მაგრამ უკაცრავად და შენი მტრის მიერ რომ საზღვრებთან 500 ახალი სამხედრო შეიარაღების განთავსება ხდება, ხდება ინტენსიური შემტევითი ტიპის ჰაერი-მიწისა და ჰაერი-ჰაერი ტიპის შეიარაღების შემოტანა, ამ ფონზე ყოველი დღე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გარეშე ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვევაა."
ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საქართველოს ჯარი დღეს ათი წლის წინანდლისგან განსხვავდება და ბევრად უფრო ძლიერია, მაისაია ეთანხმება. „დღევანდელი არმია ათი წლის წინანდელ არმიასთან შედარებით, ბრძოლისუნარიანობითა და სულისკვეთებით აბსოლუტურად განსხვავებულია, ვიდრე ათი წლის წინანდელი არმია იყო. სამწუხაროდ აგვისტოს ომმაც აჩვენა, რომ ასეთი შეიარაღებული ძალებით ჩვენ შორს ვერ წავიდოდით, დღევანდელი კი თვისობრივად აშკარად განსხვავდება, ახლა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისაგან მეტი დახმარება და მხარდაჭერა იგრძნობა, ნატოს სამხედრო თავსებადობის ამოცანების შესრულებაში წინ წავედით. დღეს თავდაცვის სფეროში სოციალური დაცვისა და ანაზღაურების პირობები გაუმჯობესდა, ასევე ლოჯისტიკური და კვების პირობებიც. ძალიან ცუდია, რომ მინისტრმა არ ისაუბრა იზორიას მიერ წამოწეულ თემაზე, რომელიც შეეხებოდა საშუალო სკოლების დამამთავრებელ კლასებში საინტერესო საგნის სწავლებას, როგორიცაა უსაფრთხოება და თავდაცვა. ელექტრონული სახელმძღვანელოც შეიქმნა, სადაც მონაწილეობდნენ ყველა დარგის სპეციალისტები: ისტორიკოსები, სამხედრო ექსპერტები, ოფიცრები, ვეტერანთა დეპარტამენტის წარმომადგენლები. 250 გვერდიანი სახელმძღვანელო დაიდო. უკვე ბოლოში იყო მიყვანილი და როცა ღარიბაშილი მოვიდა ამ პროექტის განხორციელება რატომღაც შეჩერდა. თუ ეს პროექტი არ გაგრძელდა, პატრიოტული აღზრდის საქმეში სერიოზული ჩავარდნა გვექნება," - განაცხადა მაისაიამ.