
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის დასაკომპლექტებლად მმართველ გუნდში კონსულტაციები დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით კვლავ უცნობია, როგორი იქნება პარტიის სიის ათეული ან ოცეული. როგორც ჩანს თავად პარტიაშიც გარკვეული გაუგებრობაა და სიასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდეება. სავარაუდოდ, სიას პრემიერი გიორგი გახარია და კახა კალაძე წერენ. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იღებს.
მთავრობის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საარჩევნო სიაზე მუშაობისას ბიძინა ივანიშვილის აზრს განმსაზღვრელი მნიშვნელობა ექნება და ამაში გასაკვირი არაფერია.
ვინ იქნება სიის პირველი დამეორე ნომრები? მედიაში უკვე ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, თუ ვინ შეიძლება მოხვდეს "ოცნების" საარჩევნო სიაში და ვინ სად გადაანაწილონ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი, სავარაუდოდ, ამჟამინდელი პრემიერი გიორგი გახარია იქნებოდა, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, სიის სათავეში შესაძლოა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც ვიხილოთ.
ერთ-ერთი ნფორმაციით სიაში შესაძლოა მოხვდნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ყოფილი ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია.
მმართველ პარტიასთან დაახლოებული წყარო „რეზონანსთან“ საუბარში კი რამდენიმე ახალ სახეს ასახელებს, რომელთა კანდიდატურასაც პარტიის ხელმძღვანელობა ამჟამად განიხილავენ.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შესაძლოა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ანალიტიკოსები გია აბაშიძე და ირაკლი ლატარია, ასევე ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი და „იმედის“ გადაცემა „არენას“ წამყვანი ვალერიან გორგილაძე ვიხილოთ. საუბარია ასევე, სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილე სოსო გოგაშვილზეც, თუმცა, მის კანდიდატურაზე პარტიის ხემლმძღვანელობაში ერთსულოვნება არ არის.
ძველი ახალი სახეები „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში - მეექვსედ პარლამენტში შესვლას გეგმავს ენზელ მკოიანი, „ამბოხებულ“ დიმიტრი ხუნდაძეს კი ბოლოდროინდელი აქტივობა უფასდება, ის მმართველი პარტიის მაჟორიტარი ისევ მცხეთაში იქნება.
კიდევ ერთი ახალი სახე კი შესაძლოა, სოფიო ხორგუანი იყოს, რომელიც კენჭს მთაწმინადზე იყრიდა.
საარჩევნო კამპანიას აღარ ჩააბარებს, მაგრამ სიაში ეყოლება პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი ძველი სახეებიდან თალაკვაძე-მდინარაძესაც დეპუტატობას უპირებს.
გიორგი გახარიას თქმით, „ქართულ ოცნებაში“ მეათე მოწვევის პარლამენტში მოსახვედრ დეპუტატთა სიაზე მუშაობა ჯერ არ დაუწყიათ.
„ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელსაც ჰყავს თავისი თავმჯდომარე. რატომ გიკვირთ, რომ პარტიის თავმჯდომარე იყოს განმსაზღვრელი და მის აზრს ჰქონდეს გამსაზღვრელი მნიშვნელობა იმასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ სიაში პარლამენტში არჩევნების წინ ვინ მოხვდება“, - ამბობს პრემიერი.
გახარიას თქმით, ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებები არ განხორციელებულა და საარჩევნო სიაზე საუბარი ნაადრევია.
„ქართული ოცნების“ სიას ბიძინა ივანიშვილი წერს და მოქმედმა დეპუტატებმა ჯერ არ იციან, მოხვდებიან თუ არა ისევ პარტიის ლიდერის ფავორიტებში.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ხელისუფლების შენარჩუნება იმ მენიუზეა დამოკიდებული, რომელსაც ის სიის სახით ამომრცეველს შესთავაზებს. მისი თქმით, ფეხბურთის მწვრთნელს სათადარიგო სკამზე თუ ძლიერი მოთამაშე არ ჰყავს, მოედანზე მყოფ ფეხბურთელს ვერ შეცვლის.
„ცოტა გაუგებარია როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, თუ პერსპექტიული შემცვლელი ხალხს არ ეგულება. რაც შეეხება ახალ სახეებს, რომლებიც დასავლური განათლების და ორიენტაციის უნდა იყვნენ, ისინი ყველა პარტიას დასჭირდება. თუმცა ხალხის მოსაზიდად რამდენად გამოდგება რთული სათქმელია. ხალხისთვის უცნობები იქნებიან და ცოტა რისკზე წასვლაც იქნება.
შეიძლება უფრო შედეგიანი რეგიონალური ფიგურების წინ წამოწევა იყოს, ვისაც ხალხთან ლაპარაკი შეუძლია მათთვის გასაგები ენით. თანაც, მათი საქმეები გამოდგება მათი შეფასებისთვის“-ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, მაჟორიტარად დასახელებისთვის საჭიროა საკუთარი და მეტოქის კანდიდატების რეიტინგების დადგენა წინასწარ და ამის საფუძველზე მოქმედება. ამგვარი მასალის გარეშე კანდიდატების დასახელება და მათი პროგნოზი შეუძლებელია.
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის თქმით, სიის გადახალისება მისასალმებელია. თუმცა, ძნელი სათქმელია რამდენად დათანხმებიან სერიოზული ბექგრაუნდის ადამიანები „ოცნებას“, რომ მათი სიით კენჭი იყარონ.
და ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც ცდილობს, რომ ახალი კადრები წამოსწიოს კარგი ტრამპლინია. თუმცა ანალიტიკოსი ამბობს, რომ ჩვენს მიერ ნახსენები კანდიდატები რამდენად შეძლებენ პარტიას დამატებით მხარდამჭერები შესძინოს, რთული სათქმელია. ამ ადამიანების შესახებ ისედაც ცნობილია, რომ ისინი პარტიის აქტიური მხარდამჭერები იყვნენ და არიან.
„თითოეულ ამ ადამიანზე ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი აზრი არსებობს. ახლა ვისთვის მისაღებია და ვისთვის არა მათი კანდიდატურები, ეს უკვე სხვა საკითხია. ამიტომ ეს ადამიანები პარტიას რას მისცემენ და რას მოუტანენ, ამაზეა საუბარი.
„ახლა ყველა ახალი ელექტორატის მზიდვაზე იმუშავებს და ამ მიმართულებით უნდა გააკეთოს „ოცნებამაც“ აქცენტი. მეორეს მხრივ კი საკითხავია, სერიოზული ბექგრაუნდის ადამიანები „ოცნებას“ რამდენად დასთანხმებიან, რომ მათი სიით კენჭი იყარონ. მმართველი გუნდი ახალს რას შესთავაზებს, ამაზე საუბარი მართლა მიჭირს.
„რაც შეეხება გახარიას პოლიტიკურ მომავალს, ის ფაქტიურად „ოცნების“ ლიდერია, ამიტომაც არჩევნებზე წესით გუნდი მან უნდა წარადგინოს. ახლა თუ მთლად ივანიშვილი არ გამოჩნდა, რა თქმა უნდა, გახარია სიის სათავეში უნდა იყოს მაშინ. გუნდი ლიდერით უნდა წარსდგეს.
„ზოგადად, როდესაც პოლიტიკური პარტია არჩევნებში მონაწილეობს, მისი სიის პირველ ადგილას ლიდერი უნდა იყოს. თუმცა, საერთოდ გახარია თუ იქნება კიდევ პრემიერი, ეს კიდევ სხვა საკითხია“, - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“.