ია აბულაშვილი
14.06.2020

„ტრამპის ეს განცხადება უფრო შიდა პოლიტიკისთვის არის გაკეთებული, რადაგნ ამერიკის საზაოგადოებაშიც ეს განწყობა, რომ არ ჩაერიოს სხვისი ქვეყნის კონფლიქტებში, პოპულარულია. მაგრამ არ მგონია, რომ ეს მალე მოხდება. მისიები კვლავ გაგრძელდება“ - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას ამერიკა სხვა ქვეყნების კონფლიქტების მოგვარებაში აღარ ჩაერევა.

ნიუ-იორკში ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში გამოსვლისას  აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს აღარ სურს უცხო ქვეყნებში კონფლიქტების მოგვარებით იყოს დაკავებული, რადგან ეს ამერიკელი სამხედროების მოვალეობა არ არის.

„უძველესი კონფლიქტების გადაჭრა შორეულ ქვეყნებში, რომლებზეც ბევრს ალბათ არც სმენია, ჩვენი ჯარისკაცების ვალდებულება არ არის. ჩვენ მსოფლიო პოლიციელები არ ვართ. ჩვენ უნდა დავასრულოთ გაუთავებელი ომების ერა“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

„შეიძლება ასეთი მინიშნებით არა, მაგრამ მსგავსი განცახდებები ტრამპს პირველად არ გაუკეთებია - რომ ამერიკა ყველას მაგივრად ვერ იომებს. ასეთი განწყობა იგრძნობა ამერიკის საზოგადოებაშიც და საკმაოდ პოპულარულიცაა, რადგან ამ კონფლიქტების წარმოშობის შესახებ ბევრს მართლაც არ სმენია. 

„მე ვფიქრობ, რომ ტრამპის ეს განცხადება უფრო შიდა პოლიტიკისთვის არის გაკეთებული, ყოველ შემთხვევაში ასე იკითხება. თუმცა, რეალურად არ მგონია ეს მალე მოხდეს და აშშ-მა მონაწილეობა არ მიიღოს ამ მისიებში. 

„რაც შეეხება საქართველოს და მასთან დაკავშირებულ კონფლიქტებს. არავის არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ამერიკა ჩვენს გამო რუსეთს ომს გამოუცხადებს, თუმცა ის დახმარებები, რაც საქართველოსთან მიმართებაში ხორციელდება, კვლავ გაგრძელდება, იქნება ეს დიპლომატიურ, თუ სამხედრო სფეროში.  

„რაც შეეხება ერაყისა თუ ავღანეთის მისიებში ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობას, ვიდრე ეს მისიები არსებობს, ჩვენი ჯარისკაცები ამ მისიებში მონაწილეობას მიიღებენ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ თორნიკე შარაშენიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×