ელზა პაპოშვილი
14.06.2020

გასაიდუმლოებული სპეცოპერაცია თბილისში, ქავთარაძეზე და დაკვებული ევროვნებით ჩეჩენი ვინმე ახმედი, რომელსაც ქართველი სამართალდამცველები ნარკოტიკების შენახვა-შეძენას ედავება - ერთი შეხედვით ჩვეულებრივ დაკავებას გარკვეული კითხვები და ეჭვები უკვე მოჰყვა. პირველ რიგში ამ კითხვებს პანკსიელები სვამენ, სადაც დაკავებული ახმედი უხუცეს ხასო ხანგოშვილის შვილთან გებიშ ხანგოშვიილთან სტუმრად იმყოფებოდა. 

ხასო ხანგოშვილი „რეზონანსთან“ ადასტურებს, რომ აღნიშნული პიროვნება მათთან სტუმრად ნამდვილად იმყოფებოდა და ამბობდა, რომ საქართველოში ბიზნესით იყო დაკავებული. ხეობაში მისი ჩამოსვლის მთავარი მიზეზი კი პანკისში დაპირისპირებული ორი გვარის შერიგება იყო. 

ხანგოშვილი იმასაც ადასტურებს, რომ სუს-მა მათი სახლი გაჩხრიკა. ამჟამად მისი შვილი თავისუფალია, თუმცა სად იმყოფება არ იცის. მისივე ინფორმაციით, დაკავებული ჩეჩნეთის ომის მონაწილეა, რომელსაც ჩეჩნეთის პრეზიდენტ კადიროვთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს. 

პანკისში კი ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაუჩნდათ ეჭვი, რომ შესაძლოა ეს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გადაფარვის მცდელობა იყოს. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, მაჩალიკაშვილის ბრალელულობა და ტერორისტებთან თანამშრომლობა არ დადასტურდა. ამიტომაც, სწორედ იმავე დღეს, ხელისუფლებამ ამ ინფორმაციის გასაბათილებლად და საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოსახდენად ეს ხმაურიანი სპეცოპერაცია დაგეგმა. 

ქავთარაძის ქუჩაზე, სადაც დაკავებული ჩეჩენი ცხოვრობდა, ყვებიან, რომ მამაკაცი რამდენჯერმე შეამჩნიეს და მისი მხრიდან რაიმე საეჭვო ქცევა არ ყოფილა. მათი თქმით, ის 4 თვის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და ბინა ნაქირავები ჰქონდა. სავარაუდოდ, კორონვირუსის გამო შემოღებული შეზღუდვების შედეგად, მან ქვეყნიდან გასვლა ვეღარ შეძლო. კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ახმედს ამ ხნის განმავლობაში მარტო ხედავდნენ და ის სხვასთან ერთად არასდროს უნახავთ. 

სპეცოპერაციის დროს ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებმა მხოლოდ ერთი პირის დაკავება დაინახეს. საქმე, როგორც ჩანს, გასაიდუმლოებულია და ყველა დეტალს ძალოვანები არ ახმაურებენ. არის თუ არა საქმეში მხოლოდ ნარკოტიკები, ჯერჯერობით უცნობია. სხვა რამეს გეგმავდა თუ არა დაკავებული, ამაზე გამოძიება არ საუბრობს. 

რა დანაშაულის ჩადენას აპირებდა ჩეჩენი ახმედი, პანკისელმა უხუცესმა ხასო ხანგოშვილმა არ იცის. მისი თქმით, ეს ინფორმაცია მანაც სამართალდამცველებისგან გაიგო, რომლებიც თბილისის სპეცოპერაციის პარალელურად უხუცესთან სახლის გასაჩხრეკად მივიდნენ. 

ხანგოშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ახმედი 11 ივნისს პანკისში სწორედ ხანგოშვილის სახლში სტუმრად იყო და იქიდან თბილისში, უხუცესის შვილთან, გებიშ ხანგოშვილთან ერთად წამოვიდა. მეორე დღეს კი ის დააკავეს.

ხანგოშვილი ამტკიცებს, რომ მისი შვილის მეგობარი საქართველოში, პანკისში დაპირისპირებული გვარების შესარიგებლად ჩამოვიდა. აქ საუბარი მუთოშვილებისა და ქავთარაშვილების დაპირისპირებულ ოჯახების შერიგებაზეა. გასულ წელს მათ გვარებს შორის სისხლიანი კონფლიქტი მოხდა, რა დროსაც მუთოშვილების გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი მოკლეს. ამიტომაც მათ შორის დაპირისპირების განახლების საფრთხე არსებობს.

თუმცა, საეჭვოა ერთი გარემოება - როგორც წესი, დაპირისპირებული გვარების შერიგებაში გავლენიანი და ავტორიტეტული ადამიანები მონაწილეობენ, რომელთაც კარგად იცნობენ ხეობის უხუცესები, მაგრამ ახმედის შესახებ ბევრი ინფორმაცია არავის აქვს. 

„რეზონანსს“ პანკისიდან წყარო უყვება, რომ ახმედი იმ 15 კაციან ჯგუფში არ ყოფილა, რომელიც უხუცესმა ზემილხან წუწაშვილმა გვარების შესარიგებლად ხეობაში თავად მიიწვია. ის ოჯახებთან კონტაქტზეც არ გასულა და მის შესახებ პირველად მედიიდან გაიგეს. ჩვენ ვცადეთ ამ თემაზე დამადტებითი ინფორმაციის მისაღებად უხუცესთან დაკავშირება, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა. 

„ქავთარაძეზე დაკავებული მამაკაცი ბოლო ორი თვეა ჩემს შვილთან მეგობრობდა და წინა ღამეს ჩვენს სახლშიც სტუმრობდა. ახმედმა გვითხრა, რომ მას საქართველოში ბიზნესი ჰქონდა და ჩართული იყო ვისო მუთოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში, რომლის მიზანიც დაპირისპირებული ოჯახების შერიგებაა. 

„როგორც თავად გვითხრა, მოკლულის ძმას და ამ ბიჭებს საერთო ნაცნობი ჰყავდათ, რომელიც თურქეთში ცხოვრობს. პოლიციამ - ეჭვმიტანილია რაღაც დანაშაულშიო. თქვეს, რომ აპირებდა რაღაცის ჩადენას, მაგრამ ეს დანაშაული არ შეუსრულებია. ჩვენც მეტი მართლა არაფერი ვიცით“, - ამბობს ხეობის უხუცესი „რეზონანსთან“. 

„რეზონანსთან“ უხუცესის შვილი მექა ხანგოშვილი ამბობს, რომ მისი ძმა დაკავებული არ არის და ის სუს-ში გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. მისივე თქმით, მისი ძმა გამოძიებას ყველაფერი მოუყვა, რაც ამ ადამიანთან დაკავშირებით იცოდა. 

„ჩემი ძმა დაკავებული არ არის და ის რამდენიმე საათიანი გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. რა თქმა უნდა, მან ნარკოტიკების არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. იცნობდა, როგორც ადამიანს, რომელიც ხეობაში გვარების შესარიგებლად იყო ჩასული. სხვა მეტი მან არაფერი იცის. დანარჩენი ჩვენც გვაინტერესებს გამოძიება რას და რატომ ედავება“, - აცხადებს მექა ხანგოშვილი „რეზონანსთან“.

პანკისელი ახალგაზრდების ერთმა ნაწილმა უხუცესის ოჯახს მხარდაჭერა გამოუცხადა და განცხადება საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდებზე გაავრცელა. „რეზონანსთან“ ადგილობრივი მცხოვრები და სამოქალაქო აქტივისტი სულხან ბორძიკაშვილი კი ამ დაკავებასთან დაკავშირებით გარკვეულ კითხვებს სვამს. მისი თქმით, გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლეელობის საქმის გადასაფარად ამ პირის დაკავება გამოიყენეს. 

ბორძიკაშვილი აცხადებს, რომ ამით არ მტკიცდება ის ფაქტი, რომ დაკავებული უდანაშაულოა, თუმცა ხელიუფლებამ ამ სპეცოპერაციით პანკისზე საზოგადოებაში გარკვეული აზრის შექმნა კვლავ სცადა. 

„კონკრეტულად ამ პირის დაკავება იმ დღეს დაემთხვა, როდესაც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციამ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც მის მიმართ ყველა ბრალდება გაბათილებულია. იმას არ ვამბობ, რომ დაკავებულის მიმართ სახელმწიფოს რაიმე სახის პრეტენზია არ უნდა ჰქონდს. დეტალები არ ვიცი და წინასწარ დასკვნების გამოტანისგან თავს ვიკავებ. თუმცა, კონკრეტულად მისი აყვანა და სპეცოპერაცია რომ მოხდა, ეს ეჭვს უფრო იწვევს, რომ რაღაცა გარკევული საზოგადოებრივი აზრის შექმნა სურდათ. თითქოს უნდოდათ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის კიდევ ერთხელ ეჩვენებინათ პანკისის თემა მუდმივად როგორი პრობლემურია. 

„სპეცოპერაცია იგივე სცენარით, ტექსტით და ქვეტექსტით ცხადდება. ერთდროულად ჩატარდა სპეცოპერაცია თბილისსა და პანკისში. ეს ადამიანი 4 თვე აქ ცხოვრობდა და თუ რამეს აშავებდა, უცნაურია, ამდენ ხანს რატომ ვერ გაუგეს? თუკი ბატონი ხასო ამბობს, რომ ის გარკვეული მიზნით იმყოფებოდა ხეობაში და გვარების შერიგების საქმეში ჩართული იყო, ჩვენ მათი ნამდვილად გვჯერა“, - აცხადებს ბორძიკაშვილი „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×