ტატა შოშიაშვილი
14.06.2020

„ყველაგან, სადაც საზღვრები ჩაიკეტა, აღინიშნება ეკონომიკური სტაგნაცია და პრობლემები. ეს დემონსტრაცია ბუნებრივი პროცესია და ვერ ვხედავ მასში პოლიტიკურ საბაბს. ხალხს აქვს მოლოდინი, თუ გაიხსნება რუსეთ-საქართველოს საზღვარი ფსოუზე, ამით მათი ბიზნესი ხელხლა ამუშავდება", - ასე ფასებს „რეზონანსთან" საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთში 13 ივნისს გამართულ საპროტესტო აქციას, რომელზე კორონავირუსის ეპიდემიის გამო რუსეთთან ჩაკეტილი საზღვრის გახსნას ითხოვდნენ.

დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან საზღვარი მარტში ჩაკეტა და მისი გახსნა 15 ივნისს იყო დაგეგმილი. თუმცა, დე ფაქტო ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ ეს ვადა 1-ლ ივლისამდე გადაწია.

შაბათს ფსოუზე ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მოქალაქეები შეიკრიბნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს ძირითადად იქვე მდებარე სოფელ ცანდრიპშის მცხოვრებლები არიან. ისინი აცხადებენ, რომ კორონავირუსისგან მომდინარე საფრთხე ზედმეტად გაზვიადებულია და დაუყოვნებლივ ითხოვდნენ საზღვრის გახსნას.

გაგრის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღანელი იური ხაგუში აცხადებს, რომ დემონტრანტებთან შეხვედრისა და მათთან საუბრის შემდეგ შესაძლებელი გახდა კონსენსუსის მიღწევა და აქციის დაშლა:

„დაახლოებით 15-20 ადამიანმა მოითხოვა საზღვრის გახსნა. ისინი ცანდრიპშის მცოვრებლები არიან, რომლებიც საზღვარზე მუშაობენ - ვიღაცას საქონელი ურიკებით გადააქვს, ვიღაცას საქონელი რუსეთიდან შემოაქვს. ვესაუბრეთ მათ. კორონავირუსის არსებობის კატეგორიულად არ სჯერათ, მაგრამ ჩვენ შევძელით საერთო აზრამდე მისვლა და ხალხი დაიშალა", - თქვა ხაგუშმა.

მისივე განმარტებით, მთავარი პრობლემა ფინანსური სიდუხჭირე და პროდუქტებისა და მედიკამენტების ნაკლებობა, ან მარაგის ამოწურვაა. გამოცემა „სპუტნიკ-აბხაზიას" ცნობით, აქციის მონაწილეთა შორის იყო რამდენიმე ქალბატონი, რომელთა მეუღლეებიც რუსეთში მუშაობენ და აფხაზეთში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას განმარტავს, რომ ამ აქციის მთავარი მიზეზი ეკონომიკური პრობლემებია.

„ყველაგან, სადაც საზღვრები ჩაიკეტა, აღინიშნება ეკონომიკური სტაგნაცია და პრობლემები. აფხაზეთში ვაჭრობის ორი მიმართულებაა - რუსეთი და სამეგრელო. დიდი ხანია უკვე, რაც ხალხი იზოლაციაში იმყოფება. 22 მარტს იქ ჩატარდა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და, პრაქტიკულად, მაშინვე ჩაიკეტა რუსეთ-საქართველოს საზღვარი ფსოუზე.

„საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ამან უკვე გამოიწვია ყველა რესურსის ამოწურვა, შეექმნათ პრობლემები და ითხოვენ საზღვრის გახსნას მათი ბიზნესის გასაახლებლად, შემოსავლის მისაღებად, რათა საკურორტო სეზონის დასაწყებად მოემზადონ.

„აშკარად ჩანს, რომ საკურორტო სეზონი მთელ მსოფლიოში ჩავარდება და, ბუნებრივია, შავიზღვისპირეთშიც პრობლემები იქნება. მაგრამ ამ ხალხს აქვს მოლოდინი, რომ თუ გაიხსნება რუსეთ-საქართველოს საზღვარი ფსოუზე, ამით მათი ბიზნესი ხელხლა ამუშავდება", - თქვა ზაქარეიშვილმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ამ დემონსტრაციაში პოლიტიკური ნიშნები არ შეიმჩნევა და ხალხის გაჭირვებითაა გამოწვეული:

„ეს დემონსტრაცია ბუნებრივი პროცესია და ვერ ვხედავ მასში პოლიტიკურ საბაბს. ყველაგან, საზოგადოების სხვადასხვა ნაწილში არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ კორონავირუსი არაა იმდენად სახიფათო, რომ ჩაკეილები ვიყოთ, ხოლო დანარჩენები ფიქრობენ, რომ კორონავირუსი საშიშია, საჭიროა მეტი იზოლაცია და მეტი კარანტინი - ეს განსხვავებული დამოკიდებულება ყველგანაა, სადაც კორონავირუსის მიერ გამოწვეულმა პრობლემებმა იზოლაციაში მოაქცია საზოგადოების დიდი ნაწილი.

„არ მგონია, რომ ეს დემონსტრაციები უფრო გაიზარდოს, ჯერჯერობით ვერ ვხედავ ამას. აქციაზე სელ რამდენიმე ათეული ადამიანი იყო... მაგრამ, საბოლოოდ როგორ განვითარდება მოვლენები ჯერჯერობით, გაურკვეველია", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×