
"პანდემია პოლიტიკურ წესებს არ ექვემდებარება, ამიტომ, არჩევნების მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში განხილვა სწორი არ არის. პოლიტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მნიშვნელოვანია არა არჩევნები, არამედ პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობა"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია 2020 წლის არჩევნების შესაძლო გადატანის საკითხს.
ცნობისთვის, არჩევნების დეკემბერში ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, თუ კორონავირუსის მეორე ტალღა არჩევნებმდე პერიოდს დაემთხვა, ამ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.
"თუმცა, ამაში არ არის არაფერი ტრაგიკული. თუ ეს მოხდა, ოქტომბერში, და ეს იქნება აუცილებელი, ამ შემთხვევაში ოქტომბერში არ ჩატარდება არჩევნები და ჩატარდება, პირობითად, დეკემბერში"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ "ოცნებამ" შესაძლოა, კორონავირუსი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს. ანუ მმართველ გუნდს ფინანსურად და რეიტინგის თვალსაზრისით მომზადება სჭირდება, რისთვისაც დროის მოგება სურს.
კონსტიტუციონალისტთა აზრით, კი არჩევნები განსაზღვრულ დროს, ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში უნდა ჩატარდეს, რადგან დეკემბერში ჩატარების შემთხვევაში ირღვევა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის კონსტიტუციური ვადა - ანუ მომდევნო არჩევნები არა 2024 წელს, არამედ 2025 წლამდე გადაიწევს.
"პანდემია ისეთი რამ არის, რომ პოლიტიკურ წესებს არ ემორჩილება. ღმერთმა არ ქნას, რომ მართლაც შემოდგომაზე პანდემიის მეორე ძლიერი ტალღა წამოვიდეს, როგორ პროგნოზსაც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია აკეთებს. ამიტომ, იმის თქმა, რომ პანდემიის გამო არჩევნების გადატანა ხელისუფლების ინტერსებში შედის, არასწორია. დარჩენილ დროში, მაგალითად ოქტომბრიდან დეკემბრამდე, რა რეიტინგი უნდა მოემატოს ხელისუფლებას ან დააკლდეს?
"არის ქვეყენები, რომლებმაც პანდემიის გამო გადადეს არჩევნები, ან არ გადადეს, ამაზე კვლევებიც დაიდო. მთავარია, როგორი მდგომარეობა იქნება არჩევნების წინ, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში, რადგან ეპიდემიური სიტუაცია ყოველდღე იცვლება და ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ჩვენს მეზობლ ქვეყნებშიც.
"თუ შემოდგომაზე სიტუაცია არ გართულდა, მაშინ არჩევნები ჩატარდება დათქმულ ვადაში. თუ გართულდა შეიძლება ვიფიქროთ, არჩევნების ალტერნატიული გზებით ჩატარებაზე. თუ ძალიან მძიმე ვითარება შეიქმნა შეიძლება გადაიდოს კიდეც არჩევნები.
"ამიტომ, ხელისუთფლება ყველა სცენარისთვის მზად უნდა იყოს. პოლიტიკოსებმა კი უნდა იფიქრონ, იმაზე, რომ დღეს მნიშვნელოვანია არა არჩევნები, არამედ ადამიანის ჯანმრთელობა; პანდემია არ უნდა იქნას განხილული მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში"- განაცხადა "რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.
ექსპერტის და ანალიტიკოსის დემურ გიორხელიძის განცხადებით, არჩევნებისთვის ფული ბიუჯეტში უკვე განსაზღვრულია, ამიტომ, ფინანსურად არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტს, მისი თქმით, პრეტენზიები, რომელიც ოპროზიის მხრიდან არჩევნების გადატანასთან დაკავშირებით კეთდება, კომენტარს არ ექვემდებარება.
"ოპოზიცია რაც უფრო დრო გადის გონიერებას კარგავს, ისეთ უაზრო წინადადებებს აყენებს. მე მგონი უაზრობაში მთავრობას გადაუსწრო და რატომ გონიათ, რომ ამას საზოგადოება ვერ ამჩნევს. ეტყობა არც კარგი მრჩევლები ჰყავთ.
"ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. ჯერ ისიც არ არის ცნობილი, რით დასრულდება პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნა.
"ჩვენ არ ვიცით ბოლო წერტილი, ანუ სადამდე დაეშვება ჩვენი ეკონომიკა. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ დღეს შეიძლება რაღაც გამოსავალი გზების მოძიება, გაუგებარია. დღეს არის გადარჩენის ეტაპი და საქართველოს მდგომარეობაც დამოკიდებულია მსოფლიოში მდგომარეობის გართულებაზე.
"რაც შეეხება სოციალურ მდგომარეობას, ეს უკვე ყველაფერს დაეტყო - იმპორტი შემცირდა არა ექსპორტის გადიდების ხარჯზე, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ მოხმარება შემცირდა, ხალხს არა აქვს ფული.
"თუ კორონავირუსის მეორე ტალღა იქნება, უარეს მდგომარეობაში ჩავარდება ეკონომიკა. ამიტომ, ჯერ ამოცანა არის, რომ ბიზნესი გადრჩეს და არ მოკვდეს, არ შეწყვიტოს ფუნქციონირება. კრიზისის ბოლოს რომ გავალთ, მაშინ შეიძლება სწორი გამოსავლის პოვნა. რაც შეეხება არჩევნებისთვის ფინანსების მოძიებას, ბიუჯეტში არის არჩევნებსითვის ფული გამოყოფილი და ამ ფულით ჩატარდება"- განაცხადა "რეზონანსთან" დემურ გიორხელიძემ.