
შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებულური ეკლესია დოლისყანა, რომელიც ისტორიულ კლარჯეთში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, არვითნის პროვინციაში მდებარეობს, მისი აშენების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა, მეცნიერთა აზრით, მე-10 საუკუნეში ამ ტერიტორიაზე ტაძარი უკვე იდგა.
სუმბატ დავითის ძის ცნობით, 826 წელს დოლისყანის ტერიტორიაზე განლაგებული იყო აშოტ კურაპალატის ლაშქარი. სწორედ ამ წლის ივნისში მოულოდნლად მოკლეს აშოტ კურაპალატი.
გიორგი მერჩულე, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში კი წერს, რომ დოლისყანა კლარჯეთის სხვა მონასტრებთან შედარებით გვიან აშენდა, დაახლოებით 830-840- იანი წლების შემდეგ.
ერთ-ერთი ვერსიით ეს მონასტერი აუგია მეფე ბაგრატს, ხოლო 858 წელს აღუდგენია მეფე სუმბატს, რასაც მოწმობს ტაძარზე შემორჩენილი წარწერა "ქრისტე, ადიდენ მეფე ჩვენი სუმბატი"; ეკლესიის აღმოსავლეთ წახნაგებზე სწორედ სუმბატ მეფის ფიგურაა გამოსახული, რომელიც ამჯერად დაზიანებულია.
დოლისყანის სამონასტრო კომპლექსიდან დღეს შემორჩენილია მხოლოდ მთავარი ტაძარი, დანარჩენი ნაგებობანი კი მე-19 საუკუნისთვის უკვე დანგრეული იყო.
მონასტრის არქიტექტურა მოწმობს იმას, რომ იგი ტაო-კლარჯეთის ხელოვნების აყვავების პერიოდს უკავშირდება.
ეკლესიას ამშვენებს მოჩუქურთმებული თავსართები. სამხრეთი ფასადის ორივე მხარეს კი ანგელოზების ფიგურები. მარცხენა მხარეს მიქაელ მთავრანგელოზის ფიგურაა გამოსახული, მარჯვნივ კი გაბრიელ მთავარანგელოზის ფიგურა.
გაბრიელ მთავარანგელოზის წინა მედალიონში დოლისყანის ოსტატის ნახვარფიგურა მოსჩანს. მათ ქვემოთ ურო, მარცხნივ კი ექვსქიმიანი ვარსკვლავი და ჯვარი. ეკლესიის სამხრეთ ფასადზე ერთ-ერთ დიდ ქვაზე ამოკვეთილი იყო მზის საათი, ნახევარწრედ განლაგებული ასოებით, რომლებიც ერთიდან-თორმეტ რიცხვს აღნიშნავდნენ. ცენტრიდან ასოებისკენ შუაში კი მომრგვალებული სხივები მიემართებოდნენ. ეს საათი დღეს დაკარგულია, ვიღაცას კედლიდან ამოუმტვრევია.
ეკლესია მოხატული იყო უნიკალური ფრესკებით. გუმბათზე გამოსახული იყო მაცხოვრის ფიგურა. კედლებზე ამაღლების და განკითხვის ფრესკები, ასევე წმინდა ილარიონის და გრიგოლ საკვირველმოქმედის ფრესკები.
დოლისყანა, ერთადერთი ქართული ეკლესიაა, სადაც აფსიდის მოხატულობაში ქართულ წარწერებთან ერთად ჩასმული იყო არაბულენოვანი წარწერა. მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით, დოლისყანის ეკლესია მთავარნგელოზის სახელზე აუგიათ, ნაწილის აზრით კი წმინდა სტეფანეს სახელზე.