ელზა პაპოშვილი
15.06.2020

ვინ არის ქავთარაძეზე დაკავებული ეროვნებით ინგუში აჰმედი ცნობილია და ასევე არაოფიციალურად ხდება ცნობილი, რომ ის საქართველოში კონკრეტული დავალებით იმყოფებოდა. რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოვი "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ტელეკომპანიის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა და მას ეს მკვლელობა მას ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა შეუკვეთა.

ერთი წლის წინ გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსულ ენაზე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რის შემდეგაც კადიროვმა გააკეთა მუქარის შემცვლელი განცხადება, რომ არსებობენ ახალგაზრდები, რომლებიც პუტინს დიდ პატივს სცემენ და გაუბუნიას იმას დამართებენ, რასაც იმსახურებს.

ბოკოვი კი საქართველოში 4 თვის განმავლობაში მოგონილი სახელით და საქმიანობით ცხოვრობდა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას უსაფრთხოების სამსახური ყალბი დოკუმენტების შენეხვა-შეძენას და დამზადებას ედავება და ჯერჯერობით სხვა ინფორმაციას არ ავრცელებს.

პანკისიდან სანდო წყარო გვიყვება, რომ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ის ხეობაში ორი დაპირისპირებული გვარების მუთოშვილების და ქავთარაშვილების შესარიგებლად ჩამოვიდა მცდარია. ის იმ 15 კაციან ჯგუფში არ იმყოფებოდა, რომელიც ხეობის უხუცესმა ზემილხან წუწაშვილმა პირადად მიიპატიჟა.

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ კი საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ ინფორმაციის შესახებ მათ რამდენიმე კვირის წაინ შეიტყვეს და ამის შესახებ ინფორმაცია საართველოს სპეცსამსახურებს მიაწოდეს. მათ თავდაპირველად ეს არასერიოზულად მიიღეს, თუმცა, გაბუნიას უსაფრთხოება მაინც გააძლიერეს.

გვარამიამ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გიორგი გაბუნიას თვეების განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

„კონტრტერორისტულმა სამსახურმა საქართველოში დააკავა რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში, 1982 წლის 21 დეკემბერს. მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი არ არის ის, რაზეც ახლა უნდა გესაუბროთ. ის სხვა მიზეზით დააკავეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მაგრამ მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცველების მხრიდან არის ის, რომ იგი გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით", - განაცხადა გვარამიამ.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ქართველ და უკრაინელ სამართალდამცველებს მოუწოდებს შესაძლებლობების ფარგლებში გასაჯაროვდეს მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია გიორგი გაბუნიას დაგეგმილ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. ნიკა გვარამიას განცხადებით, ზიანზე, რომელიც შესაძლოა "მთავარი არხის" რომელიმე თანამშრომელს მიადგეს, პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლება იქნება.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ გიორგი გაბუნიაზე განხორციელებული თვალთავალის შესახებ "მთავარი არხისთვის" რამდენიმე კვირაა ცნობილია. კონკრეტულად ეს ფაქტი კი გიორგი გაბუნიას საქმიანობას და მის ეთერს უკავშირდება:

„ჩვენ ზუსტად ვიცით ჩვენი წყაროებიდან კონტრტერორისტულ სამსახურში, რომ ეს დაკავშირებულია პირდაპირ იმ გამოთქმებთან და იმ გამოსვლასთან, რომელიც გიორგი გაბუნიას ჰქონდა ჯერ კიდევ რუსთავში ორში, პროგრამა პოსტკრიპტუმში, პუტინთან დაკავშირებით. შემკვეთი არის კადიროვი" ,-ამბობს ნიკა გვარამია

„მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ინფორმაციით, სპეციალური დავალებით ორგანიზებული ჯგუფი მოქმედებდა. კერძოდ, რამდენიმე პირი გიორგი გაბუნიას გადაადგილებას აკვირდებოდა, ამის შემდეგ კი საქმეში უკვე დაქირავებული მკვლელი უნდა ჩართულიყო.

დაკავებული სპეცოპერაციამდე წინა დღეს, უხუცეს ხასო ხანგოშვილის შვილთან გებიშ ხანგოშვიილთან პანკისში სტუმრად იმყოფებოდა.

მის დაკავებასთან ერთად ხანგოშვილს სუს-ში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ. უხუცესი ხასო ხანგოშვილი კი „რეზონანსთან" ადასტურებს, რომ აღნიშნული პიროვნება მათთან სტუმრად ნამდვილად იმყოფებოდა და ის ამბობდა, რომ საქართველოში ბიზნესით იყო დაკავებული.

მისი ხეობაში ჩამოსვლის მთავარი მიზეზი კი პანკისში დაპირისპირებული ორი გვარის შერიგება იყო. ხანგოშვილი იმასაც ადასტურებს, რომ სუს-მა მათი სახლი გაჩხრიკა. უხუცესი აცხადებსს, რომ ე.წ. აჰმედმა მასზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა და თუ ის სხვა სახელს ატარებდა, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგანაც მათ ტრადიციაში ადამიანი მეორე სახელსაც ატარებს.

დაკავებულის უფლებადამცველი ნინო მიქატაძე კი „რეზონანსთან" არ ადასტურებს იმ ეჭვებს, რომ შესაძლოა მისი დაკავება უცხო ქვეყნის მოთხოვნით მომხდარიყო.

„ბოკოვის მიმდინარე წლის 14 ივნისს წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა-შენახვას მისი გამოყენების მიზნით და, ასევე, ამ დოკუმენტის გამოყენებას. ბრალდებულის პოზიციას ვერ მოგახსენებთ, ვინაიდან არ შემდგარა გამოკითხვის ოქმი, ხოლო კონსულტაციის დროს გამოთქმულ პოზიციას ვერ გეტყვით, რადგანაც ამის გაჟღერების უფლება ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა უნდა მომცეს"-აღნიშნა ადვოკატმა.

უხუცესი ხასო ხანგოშვილი კი „რეზონანსთან" ამბობს, რომ აღნიშნული პიროვნების რეალური სახელი და გვარი ნამდვილად პირველად გაიგო. უხუცესი ამბობს, რომ შესაძლოა პირი პასპორტში სხვა სახელით იყოს და ურთიერთობაში სხვა სახელით სარგებლობდეს.

"ჩვენთან სტუმრობისას გაგვეცნო, როგორც აჰმედი. თუმცა, ამაში გასაკვირს ვერაფერს ვერ ვხედავ. შესაძლოა ურთიერთობაში სხვა სახელს იყენებდეს და პასპორტში სხვა ეწეროს. ამბობდა, რომ საქართველოში ბიზნესი ჰქონდ და ასევე პანკისში ორი დაპირისპირებული გვარების შესარიგებლად იყო ჩამოსული. საკმაოდ მშვიდი,ჭკვიანი და განათლებული პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებდა. ზრდილობიანი და ჩვენი ტრადიციების შესაბამისიად აღზრდილი ჩანდა.

"თუმცა, თუ ჩემი ქვეყნის და ქართველი ხალხის წინაშე აშავებდა ან ფიქრობდა რამე დაეშავებინა, ე.ი ის ჩემ წინააღმდეგაც მოქმედებდა, ეს ცალსახაა. ამიტომ, ამ კუთხით, თუ ეს სიმართლე აღმოჩნდება მისი ბედი ნამდვილად აღარ მაინტერესებს,"-განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.

გამოძიების ინფორმაციით კი დაკავებული ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომ საქართველოში ბიზნესი ჰქონდა, რეალურად კი სრულიად სხვა საქმიანობით იყო დაკავებული, რაც მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა. ქავთარაძეზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულს ბრალი ყალბი დოკუმენტების დამზადება- შენახვა-გამოყენების მუხლით წაუყენეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×