
ოპოზიცია თბილისში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით ბოლო დეტალებს ათანხმებს. მათი განცხადებით, კონკრეტულ სიას, თუ ვინ რომელ ოლქში იყრის კენჭს, „ხვალ, ან მაქსიმუმ ზეგ" გამოაცხადებენ. თუმცა, რამდენიმე კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია.
„ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ამ შეთანხმების ფარგლებში, თბილისში მაჟორიტარობის ერთი კანდიდატი „ლეობირისტებსაც" ეყოლებათ, თუმცა არ აკონკრეტებს ეს პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი იქნება, თუ პარტიის რომელიმე სხვა წევრი.
„ჯერჯერობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კონკრეტულ გვარებსაც სამწუხაროდ პრეზენტაციამდე ვერ გაცნობებთ იმიტომ, რომ შეთანხმება ასეთია. დარწმუნებული ვარ, თბილისზე შეთანხმება მოხდება და ისეთი კანდიდატები გამოცხადდებიან, რომლებიც ოპოზიციის მაქსიმალურ კოორდინაციას, თანამშრომლობას და ხელისუფლების დამარცხებას უზრუნველყოფენ.
„ერთი შემიძლია ის გითხრათ, რომ თბილისის მაჟორიტარულ არჩევნებში ოპოზიციის ერთიან კანდიდატებს შორის „ლეიბორისტული პარტია" ნამდვილად იქნება. დანარჩენზე მაინც თხოვნა და შეთანხმება იყო ასეთი, რომ საბოლოო შეთანხმებამდე კანდიდატების დასახელებისგან თავს ვიკავებთ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ" რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თბილისში ოპოზიციის 8 მაჟორიტარ კანდიდატიდან ისინი მხოლოდ ორს დაასახელებენ. ჩხარტიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული განცხადება ისევ ძალაშია: „დიახ, ჩვენ ასე ვიცით".
თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის რვა მაჟორიტარ კანდიდატიდან ერთი „ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე იქნება - ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის" ეთერში თავად განაცხადა.
„ხალხს რაც აინტერესებს, ეს არის ოპოზიციის ერთიანობა. მე პირობას ვდებ, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ოპოზიცია ერთიანი იყოს. ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ გარკვეული კანდიდატები დასახელდება თბილისთან მიმართებაში. ბევრს უნდოდა, რომ ჩაშლილიყო ეს შეთანხმება. „ქართული ოცნება" ალბათ ხელებს იფშვნეტდა, რომ იქნებ ოპოზიციური გაერთიანება ჩაიშალოსო, მაგრამ არ ჩაიშლება", - განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძისვე თქმით, „ლელო" თბილისის მაჟორიტარ კანდიდატების შეთანხმებაში არ მონაწილეობს.
„ლელოს" თავის არჩევანი აქვს და კი, ბატონო, მიხედოს. მე არ ვეთანხმები მათ საარჩევნო სტრატეგიას, ცოტა ილუზიებში არიან, მაგრამ ახალგაზრდა პარტიაა, ისწავლის და გამოცდილებას მიიღებს. როგორც მე არ მაქვს ბიზნესში გამოცდილება, ისე მათ არ აქვთ პოლიტიკაში გამოცდილება და ვფიქრობ, რომ შეცდომას უშვებენ. მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია. მე ამაში ვერ ჩავერები. მაინც მინდა, რომ ვითანამშრომლო ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალასთან იმისათვის, რომ ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ ეს უბედურება", - განაცხადა ვაშაძემ.
საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, რომლის განხილვაც პარლამენტში 19 ივლისს დაიწყება, თბილისში 22-ის ნაცვლად 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქნება.