ელზა პაპოშვილი
16.06.2020

სუს-ის მიერ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, რომელიც ერთ ვერსიით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა, შესაძლოა დამოუკიდებლად არ მოქმედებდა და მისი ჯგუფის სხვა წევრები ამჟამადაც საქართველოში იმყოფებიან. ანალიტიკოსები ამას არ გამორიცხავენ და ახლო მომავლში გამოძიებისაგან საქმის ახალი დეტალებს ელიან. პარალელურად კი იმაზე მიდის მსჯელობა, თუ რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს ეს საქმე უკრაინის უშიშროების ყოფილ გენერალ ვალერი შაიტანოვს.

როგორც გიორგი გაბუნიამ და ნიკა გვარამიამ მედიასთან საუბრისას განაცხადეს, ჟურნალისტს რამდენიმე ხნის განმავლობაში სხვადასხვა პირები უთვალთვალებდნენ, რომლებიც სურათებს უღებდნენ და მისი გადაადგილების მარშუტს სწავლობდნენ. 

გვარამიამ აღნიშნა, რომ მათ თავდაპირველად ეჭვი გაუჩნდათ, ხომ არ იყო ეს საქართველოს სპეცსამსახური. თუმცა, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამის შემდეგ კი უკრაინიდან მიიღეს ინფორმაცია, რომ დაკავებულია პირი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის მტრების ლიკვიდაციას გეგმავდა. სწორედ ამ დროს ამოტივტივდა გაბუნიას გვარიც. 

გიორგი გაბუნია „ტვ პირველთან“ საუბრისას არ გამორიცხავს, რომ მის ლიკვიდაციას არა ერთი ადამიანი, არამედ კონკრეტული ჯგუფი ამზადებდა. შესაბამისად, გამოძიებამ ახლა უნდა დაადგინოს უშუალოდ დაკავებული რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოევია თუ არა დაქირაველბული ქილერი, რომელსაც გაბუნიას მკვლელობა უნდა შეესრულებინა.

„რეზონანსთან“ უსაფრთხოების საკითხების ექსპერტები ამბობენ, რომ მსგავს საქმეებს მხოლოდ ერთი პირი არ გეგმავს და არ ასრულებს. მითუმეტეს, თუ ეს კადიროვის შეკვეთილი საქმეა, მისი ხელწერა ზუსტადაც რომ ჯგუფის მოქმედებას გულისხმობს. ამიტომაც ახლა ჩვენმა სპეცსამსახურებმა ოპერატიულად ამ პირის კონტქტების და კავშირების დადგენა უნდა შეძლოს, რადგანაც არა არის გამორიცხული, რომ მათ სხვა გეგმაც ჰქონდეთ. 

როგორ ჩავარდა გიორგი გაბუნიას მკვლელობის მზადება - ამის დეტალებზე „მთავარ არხთან“ უკრაინაში მოღვაწე ქართველი სამხედრო ვანო ნადირაძე ყვება. მისი ინფორმაციით, გვარამიას საქმე გახაფხულზე უკრაინაში მომხდარ სკანდალურ დაკავებას უკავშირდება, როდესაც უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალ-მაიორი ვალერი შაიტანოვი რუსულ „ეფ-ეს-ბესთან“ კავშირში ამხილეს.

საქმის მასალების მიხედვით, რომელიც ღიად ხელმისაწვდომია ინტერნეტში, გენერალი შაიტანოვი რუსულმა დაზვერვამ 2014 წელს გადაიბირა. მისი ფსევდონიმი გახლდათ „ბობილი“ მისი უშუალო კურატორი კი - რუსული „ეფ-ეს-ბეს“ პოლკოვნიკი იგორ ეგოროვი.

ეგოროვი და შაიტანოვი დასავლეთ ევროპაში კონსპირაციულად ხვდებოდნენ ერთმანეთს - საფრანგეთში, გერმანიასა და ხორვატიაში. გამოძიების მასალებით, ამ სეხვედრებისას შაიტანოვი თავის კურატორს გადასცემდა საიდუმლო მასალებს და აქვე ხდებოდა სხვადასხვა აქტივობების, მათ შორის ტერორისტული აქტებისა და კრემლისთვის მიუღებელი პირების ლიკვიდაციის დაგეგმვა.

უკრაინული კონტრდაზვერვა ამტკიცებს, რომ ამ შეხვედრების აუდიო ჩანაწერები აქვთ.  

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრისას განიხილეს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში სამთავრობო ძალების მხარეს მებრძოლი მოხალისის, ადამ ოსმაევის ლიკვიდაციის შესაძლებლობა. ამ ოპერაციისათვის გენერალმა შაიტანოვნა უკრაინული სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი დაიქირავა, რომელიც საბოლოოდ უკრაინის კონტრდაზვერვის აგენტი აღმოჩნდა. მას ოსმაევის მკვლელობაში 200 ათს დოლარს, რუსეთის მოქალაქეობას და სრულ სუაფრთხოებას სთავაზობდნენ.

ამჟამად უკრაინაში გენერალ შაიტანოვის სასამართლო მიმდინარეობს და ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც შესაძლოა უბრალო დამთხვევა იყოს - სამშობლოს ღალატში მხილებული გენერლის ინტერესებს სასამართლოში ქართველი ადვოკატი იცავს - გიორგი ტიგიშვილი.

გენერალი შაიტანოვი უკრაინაში აპრილის დასაწყისში დააკავეს. ნადირაძის ცნობით, სწორედ ამ სპეცოპერაციების შედეგად გახდა ცნობილი უკრაინელი სამართალდამცავებისთვის რუსული „ეფ-ეს-ბეს“ სხვადასხვა გეგმებისა და მათ შჴრის გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთის შესახებ, რაც მოგვიანებით ქართველ კოლეგებს აცნობეს.

„მას ჰქონდა დავალებული ადამ მუსაევის მკვლელობა. ადამ მუსაევი ერთ-ერთი პატრიოტი ჩეჩენია, რომელიც აქტიურ წინააღმდეგობას უწევს კადიროვს და პუტინს. სწორედ გენერალ შაიტანოვის დაკავების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ გიორგი გაბუნიაზე მზადდებოდა თავდასხმა“, - ამბობს ვანო ნადირაძე.

უშიშროების საკითხების ანალიტიკოსი გიორგი რუხაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ არ არის გამორიცხული გაბუნიას ლიკვიდაციის საქმეში მხოლოდ ეს ერთი დაკავებული პირი ფიგურირებდეს. მისი თქმით, საგულისხმოა გაბუნიას განცხადება - რომ მას სხვადასხვა ავტომობილით, სხვადასხვა პირები უთვალთვალებდნენ და მან ეს შეამჩნია. ამაზე ალბათ გამოძიებამ უნდა იმუშავოს და დაადგინოს - ეხმარებოდნენ ეს ადამიანები დაკავებულ რუსეთისს მოქალაქეს, თუ ჩვენი უშიშიროების თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც ოპერტიულ თვალთვალს ახორციელებდნენ. 

ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ საქმეში სხვა ადამიანებიც ფიგურირებდნენ, რომლებიც დაკავებულები არ არიან და ამ მიმართულებით გამოძიება მუშაობს. 

„ვარაუდის დონეზე შეიძლება ისიც ითქვას, რომ შესაძლოა ვინც გაბუნიას უთვალთვალებდნენ, ჩვენი სპეცსამსახურების თანამშრომლებიც იყვნენ. თვალთვალი ორი მხრივ შესაძლებელია ყოფილიყო. თუ ჩვენს სპესამსახურებს უკვე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ გაბუნიაზე თავდასხმა იგეგმებოდა, მასზე თვალთვალს, რა თქმა უნდა, დაიწყებდნენ. თუმცა, დიდი ალბათობით, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ დაკავებული მარტო არ მოქმედებდა. მას შესაძლოა წინასწარ ნიადაგი მოუმზადეს და გაბუნიას გადაადგილების და მოქმედების სქემას სხვები ადგენდნენ.

„ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. უამრავი კითხვა არსებობს ასევე, იმ ადამიანთან, რომელიც დააკავეს - არის თუ არა ეს პირი რეალურად ე.წ. ქილერი, რომელიც უკვე დაკვეთის შესასრულებლად იყო ჩამოსული, თუ იმ ჯგუფის წევრია, რომლებიც გაბუნიას უთვალთვალებდა. ამ ხნის განმავლობაში დაკავებულს ვისთან ჰქონდა ურთიერთობა, სახელი და გვარები უნდა გადამოწმდეს. ასევე ვინ არის ეს პირი და ამ ხნის განმავლობაში ვისგან და რა სახის დირექტივებს იღებდა“, - აცხადებს გიორგი რუხაძე „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, გამოძიება რამდენიმე მიმართულებით უნდა წავიდეს. პირველი ამოსავალი წერტილი გიროგი გაბუნიას უასფრთხოების დაცვა უნდა იყოს, რადგანაც არ ვიცით რა სახის და რა ხარისხის თავდასხმა მზადდებოდა. რუხაძე აცხადებს, რომ რადგან ეს პირი დაკავებულია, მისი საშუალებით ბევრი ინფორმაციის მიღება უნდა შევძლოთ. 

ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს ისტორია შესაძლოა კი არ დასრულდა, არამედ დაიწყო. შესაძლოა საფრთხე სხვა ადამიანებისგანაც მოდიოდეს, რომლების გამოვლენაზე უსაფრთხოების სამსახურმა ოპერატიულად უნდა იმუშავოს. თუკი ერთი ჩავარდა, შესაძლოა ამ გეგმის შესრულების სხვა ვარიანტებიც ჰქონდეთ და ეს მიზანი სხვადასხვაგვარად აღასრულონ. 

„შემდეგი ისტორიაა, რომ დადგინდეს დაკავებული პირი როდის, როგორ და რა ფორმით აპირებდა გაბუნიაზე თავდასხმას. ხოლო ყველაზე მთავარია - თუკი გამოძიება ადგენს, რომ ეს რეალობაა, მაშინ ეს ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა კი აღარ არის, არამედ ერთი სახელმწიფოს მხრიდან მეორე სახელწმიფოს მიმართ გადადგმული მტრული ნაბიჯია. ამას კი სახელმწიფოს დონეზე პასუხი სჭირდება. განცხადებაა საჭირო, რომ რუსეთის ხელისუფლებას ამ კონტექსტში თანამშრომლობა მოვთხოვოთ. 

„იქიდან გამომდინარე, რომ საფუძვლიანი ეჭვია ეს იყოს მინიმუმ რუსეთის მაღალჩინოსნის დონეზე გადაწყევტილი დაკვეთა, ან კიდევ თავად რუსეთის პრეზიდენტის, ამიტომაც ამ ყველაფერზე პასუხებია საჭირო. კადიროვისთვის ეს რთული გასაკეთებლი არ არის, რადგანაც არაერთი ჟურნალისტი, ბლოგერი და სხა სამოქალაქო აქტივისტი მოუკლავთ“, - აცხადებს რუხაძე „რეზონანსთან“ საუბრისას. 

კავკასიოლოგი და კონფლიქტოლოგი გიროგი კანაშვილი „რეზონანსთან“ ასევე არ გამორიცხავს, რომ დაკავებულის გარდა საქმეში ჩართული სხვა პირებიც იყვნენ. მისი თქმით, მსგავს საქმეებს მხოლოდ ერთი ადამიანი არ გეგმავს და არ ახორციელებს და მინიმუმ რამდენიმე კაციანი ჯგუფია საჭირო. მითუმეტეს, რომ კადიროვის და პუტინის დაკვეთილი მკვლელობის ხელწერა ასეთია. თუნდაც საქართველოს მოქალაქის ხანგოშვილის ბერლინში მომხდარი მკვლელობა რომ ავიღოთ, სადაც, გერმანიის უასფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქმეში რამდენიმე კაცი ფიგურირებს. 

„ასეთი დანაშაული ძირითადად მხოლოდ ერთი კაცის მიერ არ ხორციელდება. იგივე ხანგოშვილის ამბავი როდესაც მოხდა, იქაც რაღაც ჯგუფზე იყო საუბარი. ზოგადად არ არის გამორიცხული, რომ გაბუნიას ლიკვიდაციის საქმეშში რამდენიმე კაცი იყოს ჩარეული. ამიტომაც პირველ რიგში იმ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ, რეალურად ამ ერთი კაცის დაკავებით საფრთხემ გადაიარა თუ არა. 

„აშკარად ამ ყველაფერს კი პოლიტიკური განზომილება აქვს. ამიტომაც სახელმწიფოს უნდა მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალურად ღია იყოს. მესმის, ასეთ საქმეეებზე ყველაფერი არ ითქმის, მაგრამ სხვა კონტექსტი რომ არ მიეცეს, გამჭვირვალობა ბევრად სჯობს. 

„საქართველოს ხელიუფლებამ იგივე ზემილხან ხანგოშვილის მკვლელობსი დროსაც წაყრუების პოლიტიკა აირჩია. არადა აქ საუბარი ჩვენს მოქალაქეზეა. აქაც აშკარა კვალი კადიროვამდე მიდის. 

„ზოგადად ამ ამბავში გასაკვირი არაფერია. საქართველოში კი არა, მთლიანად ევროპაში და აზიაში მსგავსი არაერთი შეკვეთილი მკვლელობა მომხდარა. ადამიანები, რომლებიც აკრიტიკებენ ან რაიმე მიმართულებით მათ ინტერესებს გადაეღობებიან, მათთვის სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ. 

„რამდენიმე თვის წინ ბლოგერი იპოვეს ბელგიაში ყელგამოჭრილი. ნორვეგიაში იპოვეს ასევე ბლოგერი მოკლული, რომელსაც ქილერი თავს ჩაქუჩით დაესხა. მისი ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებული იყო და დაცვითაც სარგებლობდა, მაგრამ ამანაც არ უშველა. ამიტომაც კადიროვისგან გასაკვიირ არაფერი არ არის და ასეთი შეკვედილი მკვლელობები მისი ხელწერაა“, - აცხადებს კანაშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას. 

მისივე თქმით, გაბუნია საფრთხეში მანამდე იქნება, სანამ პუტინი და კადიროვი ცოცხლები იქნებიან. კანაშვილი ამბობს, რომ როდესაც გაბუნიას მონოლოგი მოისმინა, როგორც ადამიანი ძალიან შეეცოდა, რადგანაც ის მთელი თავისი ცხოვრება შიშში იქნება. 

კანაშვილის თქმით, რუსეთში გინებაზე კი არა, ელემენტარულ კრიტიკაზეც სასტიკად სჯიან. სატელევიზიო ეთერებში ბოდიშს საჯაროდ ახდევინებენ. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მისი ლიკვიდაცია ზუსტადაც ამ ფორმით ეცადათ. 

მისივე თქმით, ამ ყველააფერში ასევე პოლიტიკური კონტესტი ჩნდება, რადგანაც ყველაფერი შესაძლოა 20 ივნისს დამთხვეოდა და ქვეყანაში გარკვეული პოლიტიკური დაპირისპირება ისევ დაწყებულიყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×