
ოთხთა სამონასტრო კომპლექსი, რომელიც თურქეთში, ართვინის პროვინციაში მდებარეობს, მე-10 საუკუნით თარიღდება. ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული ეკლესიების ოშკის, ხახულის და იშხანის შემდეგ, ოთხთა მეოთხე დიდი ტაძარი იყო და ეს სახელი ამიტომ დაარქვეს.
ისტორიული წყაროების მიხედვით, მონასტერი 961-965 წლებში დავით კურაპალატს აუგია. მისივე ძალისხმევით, 978-1001 წლებში მონასტერი გადაუკეთებიათ. მონასტრის კომპლექსიდან დღეს შემორჩენილია მთავარი ტაძარი, დასავლეთის კარიბჭე, სატრაპეზო, სამარხი კაპელა და მცირე სამლოცველო.
ოთხი მახარობლის მთავარი ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა. ფასადები კამარებით არის შეკრული. ფასადებზე შემორჩენილია წარწერები. ერთ-ერთ წარწერაზე ასომთავრულით ამოკვეთილია "დავით კურაპალატი".
ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით, რომელმაც 1917 წელს მოინახულა ოთხთა ეკლესია, იგი დიდრონი ქვებით ყოფილა ნაშენი და შემორჩენილი იყო რამდენიმე ფრესკა.
აფსიდის კედელზე სამრეკლოს თაღზე გამოსახული ფრესკის მედალიონში გამოსახული იყო ქალის პორტრეტი, რომელსაც მარცხენა ხელში ოთხთა ეკლესიის ზუსტი მოდელი ეკავა.
1967 წელს ეკლესია მოინახულეს ფრანგმა მკველვარებმა ძმებმა ტიერებმა. მათი ვარაუდით, ფრესკაზე გამოსახული იყო წმინდა ელენე, ან წმინდა ეკატერინე. ფრანგ მკვლევარებს ეკლესია კარგ მდგომარეობაში დახვდათ. ეს იმით ახსნეს, რომ ადგილობრივ მოსახლოებაში ყოფილა ასეთი ლეგენდა - ვინც ეკლესიას სხვა მიზნებისთვის გამოიყენებდა, მალე მოკვდებოდა.
ოთხთა ეკლესიაზე ასეთი დეგენდაც არსებობს: ეკლესია უცნობი მეფის ასულს, ვინმე თამარს აუშენებია. მეფეს ყველა ქალიშვილი, გარდა თამარისა, ისლამზე მოუქცევია. თამარს ტაძრის მშენებლობის დროს ფული შემოაკლდა. ამიტომ თმა შეუკვვეცავს, გაუყიდია და ასე დაუსრულებია ტაძრის მშენებლობა. ტაძარში თამარის ხელის ანაბეჭდია შემორჩენილი.
მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირებისა და საზოგადო მოღვაწეთა შესახებ ცნობებს გვაწვდის გიორგი მთაწმინდელი თავის თხუზულებაში „ცხოვრება იოვანესი და ეფთიმესი“.