
მოლოდინი იმისა, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში განახლდება, ფუჭი აღმოჩნდა. რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს არც ისე მალე მოხდება და ზოგადად, სხვა ქვეყნებთან ავიამიმოსვლის აღდგენის პირობებს ასახელებენ.
საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის ვადებზე განცხადება ოთხშაბათს რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა სერგეი ივანოვმა გააკეთა, როდესაც კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმების შემდეგ ფრენების ეტაპობრივად განახლების გრაფიკზე საუბრობდა.
„მაგალითად, საქართველოსთან ჩვენ საერთოდ არ გვაქვს ფრენები უახლოეს მომავალში სავარაუდოდ არ განახლდება", - განაცხადა ივანოვმა.
მისივე თქმით, რუსეთსა და მსოფლიო სხვა ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლა აღდგება მაშინ, როდესაც ამაზე ერთდროულად ქვეყნების უმეტესობა შეთანხმდება.
საქართველოსთან ფრენების განახლების სავარაუდო თარიღი - აგვისტოს ბოლო, ან სექტემბრის დასაწყისი - რუსეთის მგზავრთა ასოციაციის თავმჯდომარე ილია ზოტოვმა ერთი კვირის წინ დაასახელა. მისი განცხადებით, კორონავირუსული პანდემიის ფონზე, საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა შესაძლებელია და ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს არა მხოლოდ ტურისტების, არამედ საავიაციო ინდუსტრიისგანაც, მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ამ მიმართულების გასახსნელად ყველაფერი მზადაა".