
საქართველოს ეკლესიებში მრავალი სიწმინდეა დაცული და მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული იესო ქრისტეს სამსჭვალებია (ლურსმნები), რომლითაც იესო ქრისტე ჯვარზე გააკრეს. ოთხი ლურსმნიდან ორი საქართველოში იყო ჩამობრძანებული, რასაც ადასტურებს ლეონტი მროველი თავის თხზულებაში: მე-4 საუკუნეში 4 სამსჭვალიდან ორი საქართველოში გამოუგზავნა ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ახლად გაქრისტიანებულ მეფე მირიანს.
გადმოცემის თანახმად, კონსტანტინე დიდმა ქრისტე მას შემდეგ ირწმუნა, რაც მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო. ბრძოლის წინ მას გამოესახა ჯვარი წარწერით „ამით სძლოს“. ამის შემდეგ, სურვილი ეპოვნა ჯვარი, რომელზედაც ქრისტე აწამეს, არ ასვენებდა.
მაცხოვრის ჯვრის მოსაძიებლად კონსტანტინე დიდმა იერუსალიმში თავისი დედა, დედოფალი ელენე გააგზავნა. დიდი მცდელობის შემდეგ მიაგნეს ჯვრის და მაცხოვრის საფლავის ადგილს. დედოფალმა ელენემ მოხუცი ებრაელისგან შეიტყო, სად ყრიდნენ ჯვრებს ჯვარცმის შემდეგ, გოლგოთა გაათხრევინა და აღმოაჩინა სამი ჯვარი და დაფა, რომელზედაც იყო წარწერა „იესო ნაზარეველი მეუფე ჰურიათისა“ და ოთხი ლურსმანი, რომლითაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს.
ქართლის მეფემ მირიანმა, გაქრისტიანების შემდეგ, ბიზანტიის ეპისკოპოსი იოანე მიავლინა ბიზანტიის იმპერატორთან თხოვნით საქართველოსთვის ძელიცხოვლის ნაწილი გამოეგზავნა. კონსტანტინე დიდმა მეფე მირიანს წმინდა ჯვრის ნაწილები გამოუგზავნა - ფიცარი, რომელზედაც უფლის ფეხნი იყო დამსჭვალული და ორი ლურსმანი. აქედან ერთი საუკუნეების შემდეგ არჩილ მეფეს მოსკოვში წაუბრძანებია, ერთი კი დღესაც თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ინახება.