"ვარძიის ზემოთ, ჰრამის თავს სამღერთს, მტკვარს მოერთვის ერუშეთს მდინარე, ამ წყალზედ არს, სამღერთის დასავლით, ნაქალაქევი, სადაცა იყო ქალაქი, და ან არს დაბა. აქ აღაშენა ეკლესია გუმბათიანი, შუენიერით წარმოგზავნილმან დიდის კონსტანტინესამან, წარსაგებელთა კეისრისათა, რომელნი მოვიდნენ მირიან მეფისა თანა, და დაასვენეს მას სამსჭუალი ქრისტეს უფლისა. იჯდა ეპისკოპოზი, მწყემსი ერუშეთისა და არტაანისა, ანცა არს ეკლესია დაურღვეველი, არამედ ცალიერი," - ასე აღწერს ერუშეთის ეკლესიას ვახუშტი ბატონიშვილი "აღწერაი საჩინოთა ადგილითა სამცხე-საათაბაგოსი".
ქრისტიანული საქართველოს ისტორიაში ერუშეთის ეკლესია ბევრი ისტორიკოსის მოსაზრებით პირველი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია, სადაც ქრისტეს სამსჭვალონი (ლურსმნები) ინახებოდა. ეკლესია აგებულია მე-4 საუკუნის პირველ ნახევარში და იგი აუგიათ ბერძენ ხუროებს, რომლებიც ბიზანტიის იმპერატორს კონსტნტინე დიდს გამოუგზავნია. მირიან მეფის დესპანებს, თან მოჰქონდათ დიდძალი განძი და წმინდა რელიქვიები, რომლებიც მირიან მეფეს კონსტნტინე დიდმა უბოძა ახლად მოქცეულ ქვეყანაში ქრისტიანული ეკლესიის ასაშენებლად და სარწმუნოების განსამტკიცებლად. სწორედ მათ მოიტანეს ქრისტეს "სამსჭვალნი ხელთანი".
ერუშეთის ეკლესიის შემდგომ ისტორიაზე წერს ლეონტი მროველი თავის თხზულებაში "მირდატ მატ შემკობა და შენება ერუშეთისა და წუნდისა ეკლესიათა", საიდანაც ვიგებთ, რომ მე-4 საუკუნის 60-70 წლებში, ერუშეთის ეკლესია შეუმკია მირდატ მეფეს. ერუშეთში ეპისკოპოსის დასმის შესახებ კი გვამცნობს ჯუანშერი "მეფემან ვახტანგ დასვა ერთი ეპისკოპოსად კლარჯეთს, ეკლესიასა ახიზისასა, ერთი არტაანს ერუშეთს, ერთი ჯავახეთს, წუნდას, ერთი მანგლისს და ერთი ბოლნისს".
ამ ცნობებით ირკვევა, რომ ერუშეთის ეკლესია, პირველი ქრისტიანული ტაძარი იყო საქართველოში, ერთ-ერთი უძველესი საეკლესიო ცენტრი და საეპისკოპოსო კათედრა. პირველი ეპისკოპოსი კი ერუშეთში დასვა ვახტანგ გორგასალმა.
1902 წელს ერუშეთის ეკლესია მოინახულა ექვთიმე თაყაიშვილმა, ტაძრის გეგმა და აღწერილობა გამოაქვეყნა 1909 წელს. ეს იყო სამნავიანი ბაზილიკა, ხით გადახურული, კედლები თლილი ქვისგან ნაშენი. თაყაიშვილისვე ცნობით, ეკლესია მოხატული იქნებოდა, რადგან მხატვრობის კვალი დასავლეთის კედლის სარკმელის ზემოთ ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო. დღეს ეკლესია მთლიანად დანგრეულია, მიწის ზემოთ მოსჩანს, მხოლოდ საკურთხევლის აფსიდი.