
დღეს ნაწილობრივ მზის დაბნელებაა, რომელიც ახალ თვარეობას ედრება. ამავე ინფორმაციის მიხედვით ამ დღეებში არასასურველია, კონფლიქტი და კამათი. 21 ივნისი საკრალური დღეცაა და ამ დღეს ჩაფიქრებული სურვილები დიდი ალბათობთ ახდება.
21 ივნისს ახალი მთვარე და მზის ნაწილობრივი დაბნელებაა. დაბნელება ისედაც საკმაოდ ძლიერი ტრანსფორმაციული ენერგიის მატარებელია, რასაც ისიც ემატება, რომ მზის დაბნელება მთვარის დაბნელებებს შორის ხვდება (5 ივნისი - 5 ივლისი) და ემთხვევა ზაფხულის მზებუდობის დღეს.
მთვარის დაბნელებები ცალსახად დასრულებისა და ზედმეტისაგან გათავისუფლებისკენ გვიბიძგებს და მისი გავლენა ექვსი თვიდან ერთ წლამდე მოქმედებს.
მზის დაბნელების ეფექტს კი ერთიდან ორ წლამდეც კი ვიგრძნობთ და მისი მესიჯი ჩვენს ცხოვრებაში საჭირო სიახლეების შემოტანა, გეგმების ხელახლა შედგენა და ახალი მიზნების დასახვაა.
დაბნელება მზის კირჩხიბში გადასვლისთანავე 0 გრადუსსა და 21 მინუტზე გველოდება.
აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად, რომ ამ ნიშანში დაბნელება რამდენიმე წლის განმავლობაში აღარ გველოდება და ეს ამ ნიშანის თემებთან დაკავშირებული ერთგვარი ფინალური, შემაჯამებელი ენერგიის მატარებელი დაბნელებაა.
21 ივნისის მზის დაბნელება არ იქნება მხოლოდ ერთი და ორ დღიანი ეფექტის მქონე ასტროლოგიური მოვლენა. როგორც ფინალური დაბნელება კირჩხიბში (ამ სერიიდან), თავისებურ გავლენას მოახდენს, როგორც ფართო მასებისთვის და ერებისთვის, ისე ინდივიდუალურად, კონკრეტული ადამიანების ცხოვრებაში.
ამ დროს უმჯობესია, მოვეშვათ დიდი დოზით ინფორმაციის მიღებას, სოციალურ ქსელებში „ნიუს ფიდის სქროლვას”, ათას უმნიშვნელო თემაზე ფიქრით თავის დაღლას და მივცეთ თავს მოდუნების საშუალება. ჩავიხედოთ შიგნით, მოვუსმინოთ გულს, ინტუიციას, დავუკვირდეთ შეგრძნებებს, დავფიქრდეთ, რა გვჭირდება იმისათვის, რომ უფრო მშვიდად და დაცულად ვიგრძნოთ თავი. დავუკვირდეთ, ვინ არის ჩვენთვის ყველაზე ახლობელი, მზრუნველი და უანგაროდ სიყვარულის მომცემი. გავუგზავნოთ სიყვარულის ენერგია ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს, გამოვხატოთ გრძნობები და ემოციები. კირჩხიბი სწორედ დედობრივ მზრუნველობასა და უანგარო სიკეთეს უკავშირდება. დავხუჭოთ ცოტა ხნით თვალები და ვიგრძნოთ საკუთარი თავი, ადამიანები, აწმყო, არსებული სიტუაცია ჩვენს ცხოვრებაში…
ახალი მთვარის ენერგია რეტროგრადული მერკურის ენერგიითაც იქნება დამუხტული, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავში ჩაღრმავება, თვითანალიზი, დასკვნების გაკეთება და დაშვებული შეცდომების გამოსწორება მშვენიერი იდეაა მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში. ახალი ადამიანების გაცნობის ნაცვლად ჯობია, ძველი მეგობრები მოვიკითხოთ და აღვადგინოთ გაწყვეტილი კავშირები. 12 ივლისამდე არ ღირს ასევე ძვირადღირებული ნივთების შეძენა (განსაკუთრებით ტექნიკის) და ხელშეკრულებების გაფორმება.
მზის ნაწილობრივი დაბნელება თბილისის დროით 08:49 საათზე დაიწყება, დაბნელების პიკს 09:48 საათზე მიაღწევს და 10:52 საათზე დასრულდება.
ახალი მთვარის პიკი: 10:41სთ. დაბნელებას საქართველოდან ვერ დავინახავთ, თუმცა მის გავლენას აუცილებლად ვიგრძნობთ.
უშუალოდ 20-22 ივნისს ნუ იკამათებთ, მაქსიმალურად აარიდეთ თავი გაუგებრობებს. სიფრთხილეა საჭირო საჭესთან და საგზაო გადასასვლელებთან. ეცადეთ, არ მიიღოთ ალკოჰოლი და მძიმე საკვები. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, იმ შემთხვევაში თუ კვირა დღის გატარება მდინარეზე, ტბაზე ან ზღვაზე გაქვთ გადაწყვეტილი, მოერიდეთ ღრმა წყალს, ნუ გარისკავთ. კარგია გეგმების შედგენა, მაგრამ ნუ დაიწყებთ ნურაფერს ახალს. იფიქრეთ მხოლოდ იმაზე, რაც ყველაზე მეტად გსურთ, რომ მოხდეს. შეგიძლიათ, სურვილებიც თამამად ჩამოწეროთ, რისი მიღწევაც გსურთ მომდევნო თვეების განმავლობაში (მხოლოდ ახალი მთვარის პიკის მომდევნო წუთებში). არ დაგავიწყდეთ პოზიტიური მიდგომა სურვილებთან და გჯეროდეთ, რომ ყველაფერი გამოვა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე