ია აბულაშვილი
20.06.2020

დავით გარეჯის ლავრას, რომელიც დასაბამს მე-4 საუკუნიდან იღებს, აქ მოღვაწე ბერ-მონაზონთა სიმრავლის გამო ბერთა ქალაქსაც უწოდებედნენ. 1616 წელს ლავრაში, აღდგომა ღამეს საშინელი ტრაგედია დატრიალდა - 6 ათასი გარეჯელი ბერ-მონაზონი მოწამებრივად აღესრულა.

გადმოცემის თანახმად, 1615 წელს შაჰ-აბასი დიდძალი ლაშქრით შემოესია საქართველოს და აოხრა. ერთხელაც კახეთის ველებში გავიდა სანადიროდ. გარეჯის მთებში შემოაღამდა და იქვე დაბანაკებულა.

შუაღამისას შაჰ-აბასის ყურადღება მიიპყრო მთაზე მოელვარე ცეცხლის ალმა. პირველად მოჩვენება ეგონა, მაგრამ მერე აუხსნეს, რომ ამ ადგილებში ბერები ცხოვრობენ - დღეს აღდგომის ღამეა და ანთებული სანთლებით ეკლესიას გარს უვლიანო. მტარვალმა მეფემ მეორმრები გააგზავნა დავით-გარეჯში და უბრძანა, რომ ბერები ამოეხოცათ.

იმავე ღამეს გარეჯის ლავრის წინამღძოლს არსენს ღვთის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ „უფალი ჩვენი იესო ქრისტე დღეს თავის ზეციურ სავანეში მოგიწოდებთ ყველას. ამ ღამეს თქვენ  დიდი განსაცდელი გელით - მახვილით მოისრებით; ვისაც სურს დაზოგოს თავი დროებით სიცოცხლეში, დაე გაიქცეს და დაიმალოს, ხოლო ვისაც სურს იხსნას სული თავისი მარადისობით, მახვილით მოწყდება და უფლის მიერ უხრწნელი გვირგვინით შეიმკობა.  გამოუცხადე ღმერთის ეს მოწოდება სავანეში შეკრებილ ყველა ბერს“. 

წინამძღოლმა ყველა ბერს აუწყა ჩვენების შესახებ; მამებამ იწყეს მოწამებრივი სიკვდილისვის მზადება. მხოლოდ ორ მორჩილს შეეშინდა სიკვდილის და მონასტრის მახლობლად ერთ-ერთ მთაზე დაიმალა.

წირვის ბოლოს, „მამაო ჩვენოს“ გალობისას სპარსელთა ჯარი სავანეს გარს შემოერტყა. მონასტრის წინამძღოლმა რაზმის მეთაურს სთხოვა, რომ წირვის დასრულების და ზაირების ნებართვა დაერთო საძმოსთვის, სპარსელებმა დრო მისცეს.

დასრულდა წირვა, ბერებმა ზიარება მიიღეს, ერთმანეთი გაამხნევეს, საზეიმოდ შეიმოსნენ და უდრეკად წარსდგენ უსჯულოთა წინაშე.   

ამ სანახაობით გაცოფებული სპარსელი ჯალათები მხეცებივით მისცვივდნენ ტაძრის წინამძღვარს და თავი მოჰკვეთეს, შემდეგ კი ბერები ერთიანად უმოწყალოდ აჩეხეს.

ორმა მორჩილმა, რომელიც მთაში იმალებოდა, ციდან გარდამოსული ბრწყინვალე გვირგვინები იხილეს, მათგან ორი ჰაერში ტრიალებდა. მორჩილები სასწრაფოდ დაბრუნდნენ უკან. სპარსელებმა ისინიც აჩეხეს და მხეცებს მიუგდეს საჯიჯგნად. 

ამ დროს მოხდა სასწაული - ამ ადგილას ვარდის ბუჩქი ამოვიდა.  როგორც ამბობენ, მე-19 საუკუნებდე ეს ვარდის ბუჩქი უწყლოდ, მშრალ და ქვიან ნიადაგში ხარობდა.

მოგვიანებით არჩილ მეფემ იპოვა და მოაგროვა მოწამეთა ძვლები და ქვის დიდ საწნახელში მოათავსა, ტრაპზის მარცხენა მხარეს. წმინდა ძვლებიდან კეთილსურნელოვანმა მირონმა იწყო დენა. წმინდა დავითისა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის ძმობამ თხოვნით მიმართა კათოლიკოს ანტონ პირველს, რათა 6 ათასი წამებული გარეჯელი ბერის პატივსაცემად დაედგინა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×