
უკვე სამი დღეა, რაც 19 წლის გაუჩინარებულ ფეხბურთელს მეხანძრე-მაშველები ეძებენ. მას სამაშველო სამსახურის 70-მდე წარმომადგენელი და 7 მყვინთავი მტკვარზე და არაგვზე ეძებს. მყვინთავები წყლის ფსკერს ათვალიერებენ, ხოლო დრონის საშუალებით მიმდინარეობს ტერიტორიის მონიტორინგი. ცოცხალი ძალა მუშაობს წყალსა და მდინარეების სანაპიროებზეც.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების ამბავი კი 19 ივნისს იწყება. მისი ახლობლები და მეგობრები ყვებიან, რომ ის გაუჩინარებამდე მეგობრის დაბადების დღეზე საგურამოში, სოფელ ნარეკვავში დაბადების დღეზე იმყოფებოდა. ის იქ მეგობრებთან ერთად მივიდა, თუმცა, სავარაუდოდ, სუფრაზე კონფლიქტი მოხდა, რის გამოც მან და მისმა მეგობარმა წვეულება დატოვეს.
გზაზე ფეხით წამოსულები ტაქსის გაჩერებას ცდილობდნენ, რა დროსაც მათ ავტომობილი დაეწიათ. სავარაუდოდ, ეს ის აღნიშნული პირები უნდა ყოფილიყვნენ, ვისთანაც გიორგის და მის მეგობრებს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ. „რეზონანსს“ მისი ერთ-ერთი ახლობელი უყვება, რომ კონფლიქტის მიზეზი, სავარაუდოდ, ის გოგონა უნდა ყოფილიყო, ვის დაბადებისდღეზეც მივიდნენ.
ავტომობილი ჩერდება და გიორგი შაქარაშვილი და მისი მეგობარი გარბიან. თუმცა, მის მეგობარს იჭერენ და ავტომობილში სვამენ. ამის შემდეგ კი გიორგი შაქარაშვილის კვალი იკარგება. მისი მეგობარი, როგორც „რეზონანსს“ წყარო უყვება, დიდუბეში ჩამოსვეს და ის სახლში უვნებელი დაბრუნდა. თუმცა გიორგის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს.
გიორგის კვალი არაგვის ხიდის მიმდებარედ იკარგება. მისი ჩანთა მაშველებმა სწორედ ამ ხიდის ჯებირთან იპოვეს. ის მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან კონტაქტზე ღამის პირველი საათის შემდეგ აღარ გასულა. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, ის წყალში არ შევიდოდა, რადგანაც ცურვა არ იცოდა.
ფეხბურთელის გაუჩინარების შესახებ რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით შაქარაშვილი ტყისკენ გარბოდა, რის შემდეგაც ის გაუჩინარდა. მეორე ვერსიით კი, შესაძლოა მას ფეხი დაუცურდა და მდინარეში ჩავარდა.
შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა და პოლიციამ 19 ივნისს გაიგო. მცხეთის პოლიციაში დაბადების დღეზე მყოფი თითქმის ყველა პირი უკვე დაიკითხა.
მისი ერთ-ერთი მეგობარი „რეზონანსთან“ ყვება, რომ ისინი უკვე სამი დღეა მდინარის პირას და მის მიმდებარედ მეგობარს ეძებენ, თუმცა მისი კვალი არსად ჩანს. მეგობარი არ გამორიცხავს, რომ რაღაც კონფლიქტი მოხდა, თუმცა რა - ზუსტად ამის თქმა უჭირს.
ის ამბობს, რომ გიორგისა და მის მეგობრებს დაბდების დღეზე დაძაბული საუბარი და გარკვეული სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდათ და ამის შემდეგ სუფრა გიორგიმ და მისმა ერთმა მეგობარმა დატოვეს. თუმცა გზაში მათ ავტომობილით ვიღაც დაედევნათ, გიორგი გაიქცა, ხოლო მეორე დაიჭირეს. სავარაუდოდ, მათ გიორგის მეგობარი თბილისში წამოიყვანეს და დიდუბეში დატოვეს. ხოლო ფეხბურთელის კვალი დაკარგეს.
„გიორგი გაიქცა და ეს ერთი დაიჭირეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ის არ უნდოდათ და დიდუბეში დატოვეს. არავინ იცის მისი მოძებნა რატომ აღარ დაიწყეს. როგორც ვიცით, კონფლიქტი დაბადების დღეზე მოხდა. გიორგი იყო თუ არა ამ ჩხუბში გარეული, არ ვიცით. რასაც მეგობრები ყვებიან, ჩვენც მხოლოდ ის ინფორმაცი გვაქვს. ამბობენ, გოგონას დაბადების დღე იყო და კონფლიქტიც მის გამო დაიწყოო. მისი ჩანთა არაგვის ხიდზე იპოვეს“, - უყვება „რეზონანსს“ ფეხბურთელის ახლობელი.
გიორგის კიდევ ერთი მეგობარი ამბობს, რომ კონფლიქტი პირადად გიორგის არ მოსვლია. ამიტომაც გაუგებარია მას ავტომობილით რატომ დაედევნენ.
„უკონფლიქტო ბიჭი იყო, თავად რაიმე პირადი კონფლიქტი არ მოსვლია. ერთ-ერთი მეგობრის დაბადებისდღეზე იყვნენ და იქ უცხო პირებთან ცოტა დაძაბული საუბარი ჰქონიათ. ამის გამო დაბადებისდღე დატოვეს.
„გზაზე მოდიოდნენ და მცხეთაში ტაქსის გაჩერება უნდოდათ. სავარაუდოდ, ეს პირები ავტომობილით დაედევნენ და ესენი გაიქცნენ. რომელ მეგობართან ერთადაც გაიქცა, ის ამბობს, რომ მისი კვალი დაკარგა. თავად სახლში დაბრნდა, მაგრამ ის არსად არ ჩანს.
„ბევრი ეჭვი არსებობს, მაგრამ ზუსტად რაიმე თქმა ძალიან გვიჭირს. ალბათ გამოძიება აღნიშნული ინფორმაციით უკვე დაინტერესებულია და გაარკვევენ რა და როგორ მოხდა“, - უყვება „რეზონანსს“ დაკაგრული ფეხბურთელის მეგობარი.
ოჯახი ამბობს, რომ გიორგისთან კომუნიკაცია ღმის პირველ საათზე ჰქონდათ. მან მშობლებს უთხრა, რომ სახლში ბრუნდებოდა. თუმცა დილით, როდესაც უკვე სახლში აღარ დაბრუნდა, მათ მისი ძებნა დაიწყეს. ფეხბურთელის დაკარგვის ათვლის წერტილი არაგვის პირია, სადაც მან სავარაუდოდ, ფეხით ჩაირბინა.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ითვალისწინებს.