
ქუჩურ გარჩევას შეწირული კიდევ ერთი სიცოცხლე - 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბუნდოვანებით მოცული გარდაცვალების გამოძიებას კიდევ ერთი მუხლი დაემატა. როგორც ჩანს, გამომძიებლები შაქარაშვილის გარდაცვალების სხვადასხვა ვერსიებს ამუშავებენ. კითხვები საქმის ირგვლივ ოჯახსაც აქვს და ამიტომაც საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩართეს.
შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი გამოძიების ამ ეტაპზე არ იკვეთება. თუმცა, საქმეს ახალი ძალადობის მუხლი დაემატა. მანამდე კი საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით იყო დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.
„50 მოწმე დაიკითხა, ჩატარებულია ათობით საგამოძიებო მოქმედება. ამოღებულია კონფლიქტში მონაწილე პირების ტანსაცმელები. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გარდაცვლილის ოჯახთან. შსს მოუწოდებს ყველას, თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, ითანამშრომლოთ უწყებასთან.
„რაც შეეხება გადაკვალიფიცირებას, გამოძიება დაწყებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით. მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, კვალიფიკაციას დაემატა კიდევ ერთი - ძალადობის მუხლი.
„რაც შეეხება ექსპერტიზის შედეგებს, ისინი ჯერჯერობით მუშაობენ და ჯერ ექსპერტიზის დასკვნა არ გვაქვს. ჯერჯერობით სისხლის სამართლებლივი დევნა ამ საქმეში არ იკვეთება. თუ იქნება შესაბამისი მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, ჩვენი რეაქცია იქნება მყისიერი. ამ ეტაპზე არ იკვეთება გიორგი შაქარაშვილის მიერ კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი,“ - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
რა გახდა 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი - ამ კითხვას პასუხი ქიმიურმა და ჰისტოლოგიურმა კვლევამ უნდა გასცეს. პირველადი ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ორშაბათს გვიან ღამემდე გაგრძელდა, თუმცა მიიღო თუ არა გიორგი შაქარაშვილმა სასიკვდილო დაზიანებები სიცოცხლეში, ჯერ ისევ უცნობია.
საქმეში ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი კახა ერისთავი, რომელიც ექსპერტიზას ესწრებოდა. გარდაცვლილის ნათესავები არ გამორიცხავენ, რომ საქმის კვალიფიკაცია კიდევ სხვა მუხლით შეიცვალოს. სამართალამცველები კი ამ დრომდე განმეორებით გიორგი შაქარაშვილის მეგობრებს ჰკითხავენ.
ექსპერტი კახა ერისთავი „რეზონანსთან“ ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, თუ რა დაზიანებები ჰქონდა ცხედარს. მისი თქმით, მთავარ კითხვებს პასუხი ახლა ქიმიურმა და ჰისტოლოგიურმა კვლევამ უნდა გასცეს. ამიტომაც, რაიმე კონკრეტული დაზიანებების შესახებ ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს.
„ახლა, ამ ეტაპზე მთავარი კვლევაა გავიგოთ წყალში დაიხრჩო თუ არა. აღნიშნულის პასუხები რომ იქნება, მერე ვისაუბროთ, რადგან შედეგები მეც მეცოდინება. პირველადი დათვალიერების შედეგებს ვერ გეტყვით, რადგან მე თვითონაც ზუსტი პასუხები ჯერ არ ვიცი“, - განაცხადა კახა ერისთავმა „რეზონანსთან“ საუბრისას.
ექსპერტი ამბობს, რომ საქმის კვალიფიკაციის კიდევ შეცვლის საკითხი გადაწყდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე მხოლოდ ის დასტურდება, რომ შაქარაშვილს სხეულზე გარკვეული დაზიანებები აქვს, თუმცა უნდა დადგინდეს როდის არის ეს დაზიანებები მიღებული. დასკვნის პასუხი დაახლოებით ორი კვირის შემდეგ იქნება ცნობილი.
გარდაცვლილის ბიძა მირიან ნიკოლაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ოჯახს და ახლობლებს კითხვის ნიშნები და ვერსიები ბევრი აქვთ, თუმცა ახლა გადამწყვეტ სიტყვას ექსპერტიზის პასუხი იტყვის. მისი თქმით, მთავარია სიმართლე დადგინდეს.
„ჯერჯერობით ძალიან რთულია იმის გამიჯვნა, დაზიანებები რის გამო აქვს. ამაზე რაიმე კონკრეტულის თქმისგან ექსპერტები თავს იკავებენ და მათი სრულიად მესმის. ახლა ლაბორატორიულ დასკვნებს ელოდებიან, რომ ეს ზღვარი მკვეთრად გაივლოს და კითხვები აღარ დარჩეს.
„ჩვენთვისაც და ალბათ გამოძიებისთვისაც მნიშვნელოვანი კითხვაა მას დაზიანებები მდინარემ მიაყენა, თუ ფერდობზე ჩარბენის დროს მიიღო. ან ვინმემ ხომ არ მიაყენა ფიზიკური ტრავმები. ამიტომაც, ამ ყველა კითხვაზე ველით, რომ პასუხები ექსპერტიზამ გასცეს. ამის შემდეგ რეალური სურათი უფრო გამოიკვეთება“, - განაცხადა ნიკოლაძემ „რეზონანსთან“.
გიორგი შაქარაშვილი 4 დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი მდინარე არაგვში იპოვეს. გვამს იმ ტერიტორიიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მიაგნეს, საიდანაც შაქარაშვილის კვალი საბოლოოდ დაიკარგა.
გარდაცვლილის მეგობარი და ტრაგედიის „ოქროს მოწმე“ გუკა ამირხანაშვილი სავარაუდოდ ბოლო ადამიანი იყო, რომელთანაც გარდაცვლილ ახალგაზრდას კონტაქტი ჰქონდა. მომხდარის მისი ვერსია ასეთია:
დაბადების დღეზე მისული ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს წვეულების დაწყებიდან მალევე დაუპირისპირდა, 10-ზე მეტი ადამიანი ნაცემი იყო. ხოლო ის და გარდაცვლილი გიორგი მაქარაშვილი მოჩხუბარ ახალგაზრდებს აშველებდნენ და კონფლიქტში არ მონაწილეობდნენ.
მისი ინფორმაციით, წვეულების ჩაშლის შემდეგ სტუმრების ერთმა ჯგუფმა იუბილეს აღნიშვნა დამოუკიდებლად გადაწყვიტა. ხოლო გიორგის და მას დაბადების დღიდან წამოსულებს ქუჩაზე 2 მანქანა დაეწიათ. ორივეში იმ პირების ახლობლები ისხდნენ, ვისთანაც მათ მეგობრებს ჩხუბი მოუვიდათ.
დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით, შაქარაშვილმა და გუკა ამირხანაშვილმა გაქცევა გადაწყვიტეს, რა დროსაც ამირხანაშვილს შავი ფერის „ტოიოტა ქამრი“ დაეწია და მანქანაში ჩასვეს ისე, რომ გიორგი შაქარაშვილი მას აღარ უნახავს. ის აღნიშნულმა პირებმა მოჩხუბარ ახალგაზრდებს შორის ვერ ამოიცნეს, ამიტომაც მშვიდობიანად თბილისში ჩამოიყვანეს.
რატომ არ მოძებნა მეგობარი - ამასთან დაკავშირებით გუკა ამბობს, რომ მას აღნიშნული პირების ტერიტორიიდან მშვიდობიანად გაყვანა უნდოდა, რადგანაც მისი მეგობრებისთვის საფრთხე არ შეექმნათ. გიორგისთან ტელეფონზე დაკავშირება სცადა თუმცა ვერ მოახერხა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებული ჯგუფებიდან ერთ-ერთი ნაძალადევის რაიონში მცხოვრები ახალგაზრდები იყვნენ.
მეგობარი გოგონას დაბადების დღეზე მისულ თანატოლებს შორის ჩხუბი ქუჩურ საუბარს მოყვა, რომელიც სტუმრების ერთი ჯგუფის მხრიდან დიჯეის მისამართით ნათქვამ უშვერ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს მოყვა. სიტყვიერი დაპირისპირება კი ფიზიკურში გადაიზარდა.
ინციდენტის მონაწილე პირების ნაწილი უკვე დაკითხულია. იყო თუ არა დაპირისპირებულ ახალგაზრდებს შორის შაქარაშვილი, ოფიციალურად უცნობია. ერთადერთი ვინც ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს, მოწმე ამირხანაშვილია.
მცხეთის პოლიციაში ის ავტომანქანა მიიყვანეს, რომელიც საქმეში ფიგურირებს. პოლიციამ დეტალურად შეისწავლა მისი გადაადგილების ტრაექტორია. სათვალთვალო კამერებმა სწორედ ეს ავტომობილი დააფიქსირეს ინციდენტიდან მალევე იმ ადგილას, საიდანაც გიორგი შაქარაშვილის კვალი ქრება.
ავტომანქანის მეპატრონის ადვოკატი აცხადებს რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაპირისპირებულ მხარეებთან კავშირი არ ჰქონია.