ია აბულაშვილი
23.06.2020

„რეგიონებში მაჟორიტარობის კადიდატების წარდგენას „გაერთიანებული ოპოზიცია“ არ ჩქარობს. არჩევნებამდე ერთი თვით ადრეც შეგვიძლია წარვადგინოთ კანდიდატები“ - აცხადებს პარტია „ემსახურე საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მურმან დუმბაძე ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე საუბრისას.

„მიუხედავად იმისა, რომ მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები გავიდა, რადგან მესამე მოსმენა მხოლოდ წერტილ-მძიმის დასმაა და ფაქტიურად ეს პროექტი შედგა, „გაერთიანებული ოპოზიცითვის“ 8 მარტის შეთანხმების შესრულება კვლავ დღის წერიგში რჩება, რადგან უფრო მნიშვნელოვანი საკითხია.

„რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებით სხვა საკითხებს, თბილისის 8 ოლქიდან ექვს ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები წარდგენილია. დარჩენილია ორი ოლქი - საბურთალო და ჩუღურეთი. იყო საუბრები კანდიდატების დასახელებაზე, მაგალითად, ქარდავაზე და სხვებზეც, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ შევჯერდით.

„მაჟორიტარებთან დაკავშირებით პროცესი არ იყო მარტივი - აგერ ელისაშვილმა უარი თქვა და ცალკე პარტია შექმნა, „ლელო“ თავიდანვე ორჭოფობდა, ნინო ბურჯანაძეს თავად არ სურდა მაჟორიტარობა.  

„რაც შეეხება თაკო ჩარკვიანს, მას ოპოზიციასთან მოლაპარაკება არ ჰქონია, დამოუკიდებლად იყრის კენჭს საბურთალოზე. მე ვფიქრობ, რომ არც „ძალა ერთობაშიამ“, არც „ევროპულმა საქართველომ“ და არც „ლეიბორისტებმა“ საბურთალოზე ჩარკვიანს თავისი კანდიდატი არ უნდა დაუპირისპირონ. მაშინ შეთანხმება, რომ ერთმანეთს ხელს არ შევუშლით დაირღვევა.

„რაც შეეხება რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას, „გაერთიანებული ოპოზიცია“ არ ჩქარობს, არჩევნებამდე  ერთი თვით ადრეც რომ წარვადგინოთ კანდიდატები, მაინც მოესწრება.  აჭარაში, მაგალითად, სამი ოლქია - ბათუმი, მთიან აჭარა და ქობულეთი. ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი და ამიტომ რომელი კანდიდატი სად იყრის კენჭს, ეს მხოლოდ დიდ გაერთიანებასთან შეთანხმებით მოხდება", - განაცხადა „რეზონანსთან“ მურმან დუმბაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×