ია აბულაშვილი
23.06.2020

თბილისში დარჩენილ ორ მაჟორიტარულ ოლქთან დაკავშირებით (საბურთალო და ჩუღურეთი) „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ აზრთა სხვადასხვაობაა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა არ გამორიცხავს, რომ საბურთალოზე განსხვავებული ვითარება შეიქმნას და ყველა ოპოზიციურმა ძალამ თავისი კანდიდატი დაასახელოს და ვინც მეორე ტურში გავა, შემდეგ მას დაუჭირონ მხარი. უგულავას თქმით, ერთიან მაჟორიტარობის კანდიდატთან დაკავშირებით იყო მოლაპარკებები ალეკო ელისაშვილთან, თუმცა მან ორი ადგილი მოითხოვა.

„ჩვენ ღია ვიყავით ელისაშვილთან თანამშრომლობაზე, მათ შორის საბურთალოში, ისიც მოწადინებული იყო, მაგრამ ის ორ ადგილს  ითხოვდა. მისი არჩევენი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ვაჭრობისგან, სამწუხაროა, რომ საკუთარ ცხვირზე შორს ვერ იყურება ეს ადამიანი“, - აცხადებს გიგი უგულავა.

აღსანიშნავია, რომ ელისაშვილი სწორედ საბურთალოზე ფიქრობს თავისი კანდიდატურის დაყენებას.

საბურთალოს მაჟორიტარობისთვის ასევე იბრძოლებს პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი. მან თავისი გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ გააჟღერა. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, თაკო ჩარკვიანის კანდიდატურა არცერთი პარტიის მხრიდან არ განხილულა.

„ქალბატონი თაკო ჩარკვიანი უეგზოტიკურესი ფიგურა არის, ამას ვაფასებ, მაგრამ მისი კანდიდატურა არცერთი პარტიის მხრიდან, მათ შორის არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც კოალიციის მხრიდან ეს კანდიდატურა არც განხილულა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

როგორც „რეზონანსთან“ „რესპულიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, პარტია საბურთალოზე საკუთარი კანდიდატის დაყენებას არ აპირებს.

„ჩვენ არ ვაპირებთ საკუთარი კანდიდატის დაყენებას თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში. ეს თავიდანვე განვაცხადე, როცა შევთავაზე ჩემი ფორმულა მაჟორიტართა განაწილებაში. დისტანცირებული ვარ და არც მონაწილოება მიმიღია ამ შეხვედრებში. ამიტომ, არ ვიცი, რა ხდება ამ ოლქებთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×