რეზონანსი
24.06.2020

 მაჟორიტარების საკითხმა ოპოზიციაში, როგორც მოსალოდნელი იყო, დაპირისპირება წარმოშვა. განსაკუთრებით გამძაფრდა ურთიერთობა ალეკო ელისაშვილის მოძრაობასა და „ევროპელ დემოკრატებს" შორის. ელისაშვილმა ღია ეთერებში განაცხადა, რომ შალვა შავგულიძეს, რომელიც „გაერთიანებულმა ოპოზიციამ" მთაწმინდაზე დაასახელა, გამარჯვების შანსი არა აქვს. ამ საკითხზე ექსპერტების მოსაზრებებიც გაიყო.

პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, შავგულიძეს გამარჯვების დიდი შანსი აქვს, იმაზე მეტი ვიდრე - ელისაშვილს.

„შავგულიძეს საკმაოდ მაღალი შანსები აქვს, რომ მთაწმინდის მაჟორიტარად გავიდეს. გახსოვთ ბოლო არჩევნების შედეგები, რაც ამის თქმის საშუალებას გვაძლევს. თან უკვე მას დიდი მხარდაჭერა აქვს მთლიანი ოპოზიციური სპექტრისა. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, მას, რა თქმა უნდა, შანსები აქვს, მაგრამ იმის თქმა, რომ ელისაშვილი აუცილებლად გაიმარჯვებს არ მგონია მართებული. პირადად მე ვთვლი, რომ შავგულიძეს უფრო მეტი შანსი აქვს ამ არჩევნებში გამარჯვებისა,"- აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

რამაზ საყვარელიძის შეფასებით კი ფაქტია, რომ შალვა შავგულიძეც და ლევან იოსელიანიც დამარცხდნენ წინა არჩევნებში და არ ღირს „ბუზისგან სპილოს ქცევა".

„ფაქტია, რომ შავგულიძე ერთხელ უკვე დამარცხებულია მაგ რეგიონში, ისევე როგორც იოსელიანი და ამ ამბის გარჩევისას ბუზისგან სპილო არ უნდა ვაქციოთ. მე ეს ფაქტი ნაკლებმნიშვნელოვნად მიმაჩნია",- ამბობს საყვარელიძე.

ცნობისთვის, „გაერთიანებულ ოპოზიციაში" აზრთა სხვადასხვაობაა თბილისში დარჩენილი ორი მაჟორიტარული ოლქის საბურთალოს და დიდუბე-ჩუღურეთის შესაძლო მაჟორიტარობის კანდიდატებზე. როგორც გაირკვა ოპოზიციაში ასევე უთანხმოება იყო მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის შერჩევისასაც.

ამჟამად, „გაერთიანებულ ოპოზიციას" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად შალვა შავგულიძე ჰყავს დასახელებული. „ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ალეკო ელისაშვილს პოლიტიკურ ვაჭრობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ელისაშვილი ყველა პოლიტიკურ პარტიას სთავაზობდა, რომ მთაწმინდის ოლქში კანდიდატად ლევან იოსელიანი დაეყენებინათ და როცა ვერ მიიღო ეს მაშინ განაცხადა, რომ ელისაშვილი პოლიტიკურ ვაჭრობაში მონაწილეობას არ მიიღებდა და არც არავისთან შევიდოდა კოალიციაში.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, მან გიგა ბოკერიას სოციალურ ქსელში უპასუხა და გააცხადა, რომ „ფეხებზე კიდია ბოკერიას და მისი „ცეხავიკების" დალაგებული საქმეები"

"ბოკერია ისე გამწარებული იწყევლებოდა გუშინ, ცოტა შემეცოდა კიდეც. რაო გიგა, სტამბოლის ბაზარი რომ გაქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში ყველა შენ დაკრულზე ვერ აცეკვე და ორღობის დედაკაცივით წყევლა - კრულვაზე გადახვედი ეს ამხელა „პოლიტიკოსი კაცი"?! წესიერ ხალხს გადააწყდი პოლიტიკაში, ვაჭრობა არ გამოგივიდა და მოგემტვრა კბილები? ვიცი ვერაფრით იჯერებთ შენ და შენი ამფსონები, მაგრამ მართლა ხალხის პრობლემები გვაწუხებს მე და ჩემ გუნდს და მართლა ამ ქვეყნის წინსვლისთვის ვართ პოლიტიკაში. ასევე მართლა ფეხებზე გვკიდია შენი და შენნაირი „ცეხავიკების" დალაგებული რაღაც სქემები და გარიგებები. თქვენ რაც პოლიტიკა გგონიათ, იმაზე გვერევა ზუსტად გული და იმის შესაცვლელად ვართ მოსულები", - წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში. 

ავტორი: მარიამ ნებულიშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×