
19 წლის გიორგი შაქარაშვილის ბუნდოვანებით მოცულ გარდაცვალების ფაქტზე ახალი გარემოებები და ფაქტები იკვეთება. 19 ივნისს მცხეთაში არაგვის ხიდიდან გაუჩინარებული ფეხბურთელი 4–დღიანი ძენის შემდეგ, მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს. მისი კვალი მას შემდეგ დაიკარგა, რაც საგურამოში დაბადების დღეზე ჩხუბის მერე მან და მეგობარმა, რამდენიმე მათთვის უცნობ პირთან ერთად წვეულება დატოვეს. მათ გზაში ავტომობილი დაეწიათ და ერთ-ერთ თანმხლებ პირს ავტომობილიდან გადმოსულმა პირებმა ცემა დაუწყეს. კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, გიორგი და მისი მეგობარი გარბიან. მეგობარი თბილისში ბრუნდება, მისი კვალი კი იკარგება.
გამოჩნდა საქმეში კიდევ ერთი ახალი შესაძლო, ყველაზე მთავრი მოწმე, რომელიც უშუალოდ არაგვის პირას მდებარე ხიდზე იმალებოდა და მას ზუსტად უნდა დაენახა გიორგი შქარაშვილის შემთხვევაში მოვლენები როგორ განვითარდა. აღნიშნული პირი ფოტოგრაფია, რომელიც წვეულებაზე სპეციალურად ფოტოების გადასაღებად იყო მიწვეული. ახალი გარემოებები იკვეთება, ფეხბურთელთან ერთად წვეულებიდან წამოსული პირის ვახო ახველდიანის ცემის ფაქტზეც. როგორც მისი უფლებადამცველი ამბობს, ის რკინის ხელკეტებით არაგვის ხიდზე სცემეს, საიდანაც სწორედ ფეხბურთელი გაქცევას ცდილობდა და მისი კვალი დაიკარგა. ახვლედიანს დაზიანებები ცხვირის და შუბლის არეში აქვს მიყენებული.
საქმეს ასევე შესაძლოა ახლი კვალიფიკაცია იმ დაზიანებებმა მისცეს, რომელიც გარდაცვლილ გიორგი შქარაშვილს აღენიშნება. თუმცა ჯერჯერობით ოჯახი და ახლობლები ექსპერტიზის დასკვნის გარეშე ვერ საუბრობენ საიდან და რისგან შეიძლება მას ეს დაზიანებები მიეღო. კითხვებს ასევე დაზიანებული შავი ფერის ავტომობილიც აჩენს, რომელიც იმ ღამეს, როდესაც გიორგი შაქარაშვილი უცნობ პირებს გაურბოდა, სწორედ ეს ავტომობილი ფიგურირებს. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ამ ავტომობილს ჰქონდა თუ არა მანამდე დაზიანებები და თუ არა, მაშინ როგორ და რა ვითარებაში დაზიანდა.
შაქარაშვილის ახლობელი ნიკა ჯაჭვაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ 19 წლის დაღუპულ ფეხბურთელს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, ასევე დაზიანებული აქვს თავის ქალა და ყური. თუმცა ახლა ახლობლების მთავარი კითხვაა- ეს მის სიცოცხლეში მოხდა თუ გარდაცვალების შემდეგ.
„რეზონანსთან“ საუბრისას გარდაცვლილის ახლობელები აცხადებენ, რომ არსებობს ბევრი ეჭვი და მნიშვნელოვანია ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა გახდეს ცნობილი, რათა შემდგომ მისი გარდაცვალების რელური სურათი გახდეს ცნობილი. ოჯახი ამბობს, რომ თუ მან თავის ქალის დაზიანება ხიდიდან ან კლიდიდან გადახტომის დროს მიიღო, მაშინ 50-100 მეტრი ამ დაზიანებით მან მდინარეში შესვლა როგორღა შეძლო.
„მეგობრები ყვებიან, რომ მას თავის ქალა აქვს გატეხილი და დამტვრეული, ანუ სავარაუდოდ, ასავე მოტეხილობები აქვს ხელებზე და ფეხებზე. ახლა ჩვენ გვინდა კითხვებზე ამომწურავი პასუხი, რომელმაც ექსპერტიზამ უნდა გასცეს. ეს დაზიანებები მდინარემ რომ ჩამოიტანა, მაშინ ქვებზე მიიღო თუ მანქანა დაეჯახა და მაშინ მიიღო? წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით, ოჯახს და ახლობლებს ძალიან ბევრი ვერსია შეიძლება გვქონდეს. ზუსტად ვერ ვიტყვით, რომ დაზიანებები გარდაცვალების შემდეგაა მიღებული. ასევე ალბათ იცით, რომ ავტომობილია დაზიანებული.
ამიტმაც უნდა გავიგოთ, ეს ავტომობილი მანამდე იყო დაზიანებული თუ ზუსტად იმ ღამეს დაზიანდა. თუ იმ ღამეს დაზიანდა, რა თქმა უნდა, ბევრი კითხვები ჩნდება უფრო. უამარავი ეჭვი და ვერსია იყრის თავს. ფაქტია, რომ ბავშვს ვიღაცის შეეშინდა და გაურბოდა“, - აცხადებს ოჯახის ახლობელი
ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ დირექტორი ალექსანდრე გეჯაძე, რომლის ექსპერტმაც ცხედარი ნახა, ამბობს, რომ გარეგანი დათვალიერებით გარდაცვლილს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
„ცალსახად დგინდება, რომ სხეულს გარეგნულად აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები. კერძოდ ბლაგვი ტრავმვის სახით, როგორეც თავის, სახის და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში და ასე შემდეგ. სახეზე აქვს ბლაგვი ხასიათის ტრავმა, რომელიც მოიცავს იმ დაზიანებებს, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს ამ ტრავმის დროს. ამაზე მეტ ინფორმაციას მე ამ ეტაპზე შეგნებულად ვერ გადმოგცემთ," - აღნიშნა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" დირექტორმა ალექსანდრე გეჯაძემ.
გიორგი შაქრაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ამ საქმის ირგვლივ რეალობა თუ არ დადგინდა, ისეთი ამბავი ატყდება, საქართველოს რომ არასდროს უნახავს. მისი თქმით, არც ოჯახი და არც მისი ახლობლები გამჩერებლები არ არიან და სიმართლე უნდა დადგინდეს. ბიძა ადასტურებს, რომ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ფოტოგრაფია. ოჯახიც ექსპერტიზის პასუხს ელოდება.
„ვადასტურებ, რომ ბავშს დაზიანებები მთელს ტანზე აქვს. დაზიანებული აქვს, როგორც სახე, ასევე ტანი. რა თქმა უნდა, ჩვენც ახლა ველით პასუხებს, როდის მიიღო მან ეს დაზიანებები, სიცოცხლის პერიოდში, თუ სიკვდილის შემდეგ. ყველას გარანტიას გაძლევთ, ამბავი იქნება ისეთი, როგორიც არ უნახავს ჯერ საქართველოს, არაფერზე გამჩერებელი არავინ არ არის“, - ამბობს ნიკოლაძე.
ამჟამად კი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში კვლავ მიმდინარეობს იმ ახალგაზრდების ექსპერტიზა, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებენ.
მათ ნაწილს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება და ადვოკატებისთვის ამ ექსპერტიზის მიზანი გაურკვეველია. ახალგაზრდების ნაწილს კი პარალელურად ისევ პოლიციის განყოფილებაში კითხავენ.
დილით საექსპერტო ბიუროში, გარეგანი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, იმყოფებოდა ერთ-ერთი მთავარი მოწმე გური ამირხანაშვილი. მას და ასევე ექსპერტიზაზე მყოფ მორაგბეებს ჟურნალისტების კითხვებზე პასუხი არ გაუციათ. ამირხანაშვილის ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ ჩაუტარეს მისი დაცვის ქვეშ მყოფს ექსპერტიზა, რადგან მას დაზიანებები არ აღენიშნებოდა. დავით ჭიკაიძის თქმით, ამირხანაშვილს არ აქვს ინფორმაცია, რა მოხდა იმ სახლის გარეთ, სადაც თავიდან კონფლიქტი დაიწყო.
მცხეთის პოლიციის განყოფილებაში ასევე ის მორაგბეები დაკითხეს, რომლებიც დღეს მეორედ გამოიკითხებიან. 2 სპორტსმენი 18 ივნისის ღამეს ახლობლის ზარის საფუძველზე ჯერ მცხეთაში აგარაკზე ჩავიდა, შემდეგ კი თბილისისკენ მომავალ გზაზე დაღუპულ გიორგი შაქარაშვილსა და მის მეგობარს, გურამ ამირხანაშვილს მანქანა გაუჩერა.
მათი ადვოკატი ამტკიცებს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში ისინი არ მონაწილეობდნენ. მანქანით კი, რომელიც საქმეში ფიგურირებს და რომელსაც ფარი აქვს დაზიანებული, ისინი გადაადგილდებოდნენ.
„ეს ადამიანები არიან, რომლებიც წავიდნენ სიტუაციის განსამუხტად და უკვე როცა მივიდნენ სიტუაციის განსამუხრტად უკვე კონფლიქტი შემდგარი იყო.
გუკამ (ოქროს მოწმე) განაცხადა, რომ პირიქით კარგად მომექცნენო. მოტივი ახსნა იმიტომ ჩავუჯექი, რომ ისინი გადამერჩინაო. მაგრამ ეს იმას არ გამორიცხავს რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ და არანაირი ბრალეულობა არ მიგვიძღვის," - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.
მისივე თქმით, გამოიკვეთა ახალი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი, რომელიც გარდაცვლილთან ერთად იმყოფებოდა. ახალი მთავარი მოწმე არის პირი, რომელმაც თავი შეაფარა არაგვის პირას მდებარე ერთ-ერთ კოშკს, საიდანაც, შესაძლოა, კარგად დაენახა, რა მოვლენები განვითარდა არაგვის პირას.
„დღევანდელი ჩვენი აქ მოსვლაც მტკიცებულებაა, რომ არ დასტურდება, რომ ჩვენ რაიმე ფორმით მივიღეთ ამ კონფლიქტში მონაწილეობა. გავიდნენ კონფლიქტის განსამუხტად და უკვე როცა მივიდნენ, კონფლიქტი შემდგარი იყო. ამ ოთხი პიროვნებიდან ერთ-ერთია ფოტოგრაფი, რომელიც გზაზე გადაადგილდებოდა. ჩემი შეფასებით, იგი ფლობს ინფორმაციას,“ - ამბობს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.
დაკითხვაზე დღეს იმყოფება კიდევ ერთი პირი, რომელსაც, მისი ადვოკატის მტკიცებით, საბურთალოდან წამოსული ადამიანების მიერ მიყენებული დაზიანებები აქვს, კერძოდ, ცხვირისა და თავის არეში.
„შემიძლია დაგიდასტუროთ მხოლოდ ერთი, რომ წვეულებაზე იყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ამის მეტს ამ ეტაპზე ვერაფერს დაგიდასტურებთ. ფოტოგრაფის შესახებ, საქმის მასალებიდან არაფერი ვიცი, ამის შესახებ არც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისგან არ მაქვს ინფორმაცია, - აცხადებს კიდევ ერთი ადვოკატი დავით ჭიკაიძე.