მარიამ ნებულიშვილი
24.06.2020

„ერთადერთ საკითხი, რატომაც მე იქ დავდიოდი („გაერთიანებული ოპოზიციის" შეხვედრები), იმ პოლიტიკურ აჯაფსანდალში, იყო საკონსტიტუციო ცვლილებები. მე იქ არავისთვის პირობა არ მიმიცია, რომ ახლა მთელი ცხოვრება თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ვივლითქო," აცხადებს მთავარ არხზე გადაცემა „დღის სტუმარში" ალეკო ელისაშვილი. ამბობს, რომ არანაირ მოლაპარაკებებში არ ჩართულა და პირიქით, ერთი კვირა ეხევეწებოდა დავით ბაქრაძე შეხვედრას.

არანაირ მოლაპარაკებაში არ ჩავრთულვარ, მე პოლიტიკას გარედან, რომ ვუყურებდი გული მერეოდა და ახლა შიგნიდან რომ ვხედავ გული მერევა და უნდა „ამოვაყირავო" ეს ყველაფერი. რაც აქამდე პოლიტიკაში წესი იყო ისაა საზიზღრობა და სირცხვილად უნდა ვაქციო. ერთი კვირა მეხვეწებოდა დათო ბაქრაძე შევხვდეთო, გიგა ბოკერიას რომ მოეწერა, არც შევხვდებოდი. ერთი კვირა ვითრევდი ფეხს. ასეთი შეხვედრის მერე, რომელსაც ერთი კვირა მეხვეწებოდნენ, გამოდიან და ორღობის დედაკაცივით ჭორაობენ. ეს სად ისწავლეს? გიგა ბოკერია სტამბოლის ბაზრის დირექტორია? მონათა ბაზარის? მაჟორიტარების პრეზიდენტია? ქურდია, რომელიც ანაწილებს ადგილებს. უბრალოდ წარმოიდგინეთ სცენა მე მივდივარ გიგა ბოკერიასთან თავდახრილი და ვეხვეწები, იქნებ ორი ადგილი დამითმოს. ვინ ოხერია? ვისი „ტიკიტომარაა"? რატო ჰგონია, რომ ვიღაცას რაღაცა უნდა დაუთმოს. ცხვირს ნუ მიზომავენ და სამგლე გოჭებივით ნუ არიან ატეხილები ბოკერია და მისი მექრთამე ძმაკაცები", - ამბობს ელისაშვილი.

ელისაშვილის განცხადებით მას შალვა შავგულიძის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, უბრალოდ თვლის, რომ მას არჩევნების მოგება გაუჭირდება.

„პატივისცემას ვუდასტურებ შალვა შავგულიძეს, მას არაფერს არ ვერჩი. უბრალოდ, შარშან მაისში, რომ წააგო არჩევნებში ახალა ოქტომბერში როგორ მუნდა მოიგოს, ამას ვერ ვხვდები. ხელისუფლებას უნდა, რომ თბილისში ისეთი კანდიდატები დააყენოს ოპოზიციამ, რომელსაც მოუგებენ ათით ნულს. მე მინდა ისეთი კანდიდატები, რომლებიც იქით მოუგებენ ათით ნულს. ასეთი კანდიდატი ერთდერთი ელენე ხოშტარიაა, რომელიც მაგარი და მებრძოლი გოგოა. ძალიან ცუდია, რომ იმ საშინელ პარტიაშია. გიგა ბოკერიას პარტიამ 2012 წლიდან დღემდე ერთი ოლქი მითხრას სადაც რამე მოიგო. მე 2014 წლიდან ვარ პოლიტიკაში და გეტყვით ოლქს, სადაც ქართულ ოცნებასაც მოვუგე და ოპოზიციურ პარტიებსაც", - განაცხადა ელისშვილმა.

„გიგა ბოკერიას უნდა რომ პოლიტიკაში ქურდად იჯდეს.პოლიტიკის შაქრო კალაშოვი უნდა რომ იყოს. არც ისეთ ქურდები მეხატებიან გულზე და არც პოლიტიკური ქურდები მეხატებოდნენ გულზე. არავისთან საქმის გასარჩევად არ დავდიოდი არასდროს და არც წავალ კიდე", - თქვა ელისაშვილმა.

ასევე, ელისაშვილი გამოვიდა წინადადებით, რომ ჩაატარდეს გამოკითხვა და თბილისის მოსახლეობამ თავად აირჩიოს ვინ უნდა მაჟორიტარობის კანდიდატად.

„რაზეც გული მერევა არის ის, რომ ხალხის გარეშე სადაც კულისებში რაღაცას ფუთფუთებენ მერე გამოდიან და ამბობენ ეს აქ იქნება, ეს იქ იქნება. მოდი, IRI-მ ან NDI-მ ერთობლივად ჩაატარონ გამოკითხვა და გაირკვეს 8 ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური ლიდერი, რომელთაც თბილისის მოსახლეობა უჭერს მხარს. მიღებული შედეგები გამოქვეყნდეს და მაჟორიტარები ხალხის შეხედულებით გადანაწილდეს. ბოკერია კი ნუ ანაწილებს, მაჟორიტარები სად უნდა დადგნენ ან ვიღაცამ კი არ უნდა გადაანაწილოს, არამედ ხალხმა. მე თუ არ მოვხვდები იმ სიაში, არანაირი პრეტენზია არ მექნება და ვიტყვი, რომ არ მიჭირს ხალხი მხარს და გავიწევი გვერდზე. ხალხის მონაწილეობით გამჭირვალედ და პატიოსნად ჩავატაროთ ეს ყველაფერი. ეს არის ჩემი მოთხოვნა და მივმართავ თითოეულ ოპოზიცურ ძალას, თუ მართლა უნდათ პატიოსან გადანაწილებაში მონაწილეობა და პატიოსანი ზრახვები აქვთ - ხალხის დარდი და ხალხის ფიქრი, დამოკიდებულება თუ ადარდებთ, დაუჭირონ მხარი ამ ინიციატივას", - აღნიშნა ელისაშვილმა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×