"პესიმისტურად ვარ განწყობილი საქართველოს საექსპორტო პოტენციალის მიმართ"
თამარ მუკბანიანი
24.06.2020

2020 წლის პირველ 5 თვეში საქართველოდან ექსპორტი 1235.7 მლნ ლარით შემცირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.2%-ით ნაკლებია. პანდემიურ პერიოდში შემცირება მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა როგორი იქნება ქართული საექსპორტო ბაზრისათვის 2020-ის მეორე ნახევარი, ახლა მთავარი ეს არის. პროგნოზები ამ კუთხით პესიმისტურია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ყველა ძირითადი საექსპორტო პროდუქციის გატანა საგრძნობლად შემცირებულია.

,,რეზონანსი“ დაინტერესდა, რომელ სასაქონლო ჯგუფებს შეეხო ყველაზე მეტად კლება ექსპორტის ნაწილში. სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის ინავარ-მაისის მკვეთრი ვარდნის შედეგები ასეთია: მსუბუქი ავტომობლები -31%; დაფასოებული სამკურანლო საშუალებები -59.8%; ფეროშენადნობები -20.1%; სიგარები, სიგარილები, სიგარეტები და თამბაქოს ან მისი შემცვლელები -67.1%; ცენტრიფუგები -93.3%; ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან -62%; რეზინის პნევმატური სალგეები და საბურავები -63.1%; მინერალური და მტკნარი წყლები -20.3%; ყურძნის ნატურალური ღვინოები -11.3%; მინერალური ან ქიმური სასუქები -14.2%. რაც შეეხება დანარჩენ პროდუქციას, შემცირებამ ყველა სხვა სასაქნოლო ჯგუფისათვის ერთად -0.05% შეადგინა.

2020 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.1 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (162.9 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (141.9 მლნ აშშ დოლარი) და ბულგარეთი (136.6 მლნ აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 258.1 მლნ აშშ დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 108.8 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 73.0 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.2 პროცენტი).

სტატისტიკოსები პანდემიის პერიოდში 2020 წლის სრული მონაცემის მიმართაც პესიმისტურად არიან განწყობილი და ამბობენ, რომ რთული იქნება ამ ვითარებაში, კლების ტენდენცია მესამე-მეოთხე კვარტალშიც არ შენარჩუნდეს. სტატისტიკოსი გივი მომცელიძე ,,რეზონანსთან“ ამბობს, რომ განსაკუთრებულ ცვლილებას პირველი ორი კვარტალის მონაცემებთან მიმართებით არ ელის წლის ბოლომდე და ვერც ამისათვის გადადგმულ ნაბიჯებს ხედავს ხელისუფლების მხრიდან. 

,,მთელი მსოფლიო ახალ რეალობაზე გადავიდა. შესაბამისად, ბევრად უფრო ძლიერ ქვეყნებს უჭირთ და ამიტომ უფრო პესიმისტურად ვარ განწყობილი საქართველოს საექსპორტო პოტენციალის მიმართ. არ მაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება ამ მხრივ განსაკუთრებულ ნაბიჯებს გადადგამს. პრემიერის მხრიდან სოფლის მეურნეობის პოტენციალის გაღრმავებაზე იყო საუბარი, მაგრამ არ არის რეალისტური, რომ თან ჩვენი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ და თან გარე ბაზრები მოვიცვათ. გასაგებია, რომ ამ გაჭირვების დროს პირველი ეს გვახსენდება, მაგრამ ასე ფონს ვერ გავალთ. ისევ ბიზნესმა უნდა მოახერხოს, ეძებოს გზები და არ იყოს ხელისუფლების  იმედად, ეს არის გამოსავალი“, - განაცხადა მომცელიძემ. 

გლობალურ ეკონომიკასა და  გამოწვევბზე მიანიშნებს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე. როცა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში უფრო და უფრო პესიმისტურია, ზრდის მოლოდინი ვერ გვექნება. 

,,საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი პანდემიით დაზარალებულებში, ეს ბუნებრივია. ჩვენ მსოფლიოს 130 ქვეყანასთან გვაქვს სავაჭრო კავშირი და თუ იქ მოთხოვნა მცირდება, ბუნებრივია, ჩვენზე აისახება. საქართველომ მოიგო ერთ სამედიცინო ფლანგზე ბრძოლა და ეს უნდა გარდავსახოთ ეკონომიკაზე, თუმცა აქაც ვითარება საკმაოდ დრამატულია. განვითარებული ეკონომიკის ქვეყნები ძალიან ცუდ სცენარს ელიან და ამბობენ, რომ არათუ 2020-ის მეორე ნახევარში, არამედ მომავალ წელსაც ვერ მოხერხდება 2019 წლის ნიშნულთან დაბრუნება. თუ დააკვიდებით, საერთაშორისო ორგანიზაცების ანგარიშებიც უფრო და უფრო პესიმისტურია. 

ჩვენ ტრადიციულად შეგვიძლია, გავიტანოთ და ვიყოთ იმ საქონლის იმედად, რომელიც მეზობელ ქვეყნებში პოპულარული და მოთხოვნადია. მთლიანობაში ყველაფერი მაინც გლობალურ ეკონომიკაზეა დამოკიდებული“, - განუცხადა სოსო არჩვაძემ ,,რეზონანსს“ და იქვე დასძინა, რომ საქართველომ უნდა იზრუნოს აზიის ბაზრის ათვისებაზე, რომელმაც პანდემია ბევრად უკეთ დასძლია და ეკონომიკურადაც ნაკლებად გაუჭირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×