
კორონავირუსული პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიო მოსახლეობის ნაწილს ჯერ კიდევ ღრმად სწამს, რომ კოვოდ-19 ინფექცია ხელოვნურადაა შექმნილი, თუმცა, ინფექციონისტები და ჯანდაცვის ექსპერტები ცალსახად მიიჩნევენ, რომ ვირუსი ბუნებრივი წარმოშობისაა.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" ამბობს, რომ კორონავირუსი ბუნებრივი წარმოშობისაა და ის, რომ ტემპერატურას არ ემორჩილება, ეს თვისება ვირუსის ხელოვნურობაზე არ მიუთითებს.
„ვირუსი ხელოვნურად შეიქმნა თუ არა, ეს განხილვის საკითხია და რთული სათქმელია - დიდი ალბათობით არა, ყოველ შემთხვევაში მეცნიერების უმრავლესობა მაინც ასე ფიქრობს, რომ ხელოვნურად არ შექმნილა. თუმცა, ნაწილი ფიქრობს, რომ ეს შესაძლოა ხელოვნურად იყოს შექმნილი.
„რაც შეეხება ტემპერატურას რომ არ ემორჩილება - ზოგადად კორონავირუსული ინფექციებისთვის ტემპერატურაზე არ დამორჩილება დამახასიათებელია, ამიტომ ამაში რაიმე უცხო არაა. გრიპის, პარაგრიპის ან სხვა რესპირაციული ვირუსისგან განსხვავებით, ზოგადად სხვა კორონავირუსებიც ტემპერატურას ნაკლებად ემორჩილებიან.
„ამიტომ, ეს ახალი კორონავირუსიც რომ არ ემორჩილება, ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ ხელოვნურადაა შექმნილი, ეს თვითონ ვირუსის ბუნებიდან გამომდინარეა. ამიტომ მარტო ამით მსჯელობა რომ ხელოვნურადაა შექმნილი, სწორი არ მგონია. თუმცა, ვირუსის ხელოვნურობაზე მოსაზრებაც სხვა ასპექტებიდან გამომდინარეც არსებობს, რომ შესაძლოა ვირუსი არაბუნებრივი გზით იყოს შექმნილი, მაგრამ ამის მტკიცებულებები არ არსებობს" - განაცხადა მან.
ბოლო დღეებში მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა, რიგ ქვეყნებში კორონავირუსმა გააქტიურება ისევ დაიწყო, ხელისუფლებებმა კი ამ შემოტევას ე.წ. მეორე ტალღის კვალიფიკაცია მიანიჭეს, მაგალითად სამხრეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა გავრცელდა.
"დოიჩე ველეს" ინფორმაციით კი, გერმანიის დასავლეთ რეგიონებში კორონავირუსმა ბობოქრობა ისევ დაიწყო, ისევ დაიხურა სკოლები,საბავშვო ბაღები, მუზეუმები და გამოფენები, აიკრძალა სოციალური კონტაქტები, თუმცაღა თურქეთი, რუსეთი, სოხეთი და სხვა რიგი ქვეყნები, კოვიდ-19-ის პირველ ფაზასთან გამკლავებას ცდილობს.
გოგინავა ამბობს, რომ კორონავირუსის პროგნოზირება რთულია, თუმცა, საქართველოს მონაცემებზე ამბობს, რომ ამჯერად მდგომარეობა სტაბილურია.
„რთული სათქმელია, არის ქვეყნები სადაც შეთხვევებმა მოიმატა და ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მეორე ტალღის დასაწყისი იყოს, თუმცა, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში სტაბილური მდგომარეობაა. არის სამხრეთის ქვეყნები, სადაც ვირუსის აგრესიული გავრცელება ახლა მიდის, სამხრეთ ამერიკაში, ინდოეთში, პაკისტანში, აქ საკმაოდ სერიოზული გავრცელებაა.
„აქედან გამომდინარე, რთული სათქმელია, თუ წლის ბოლოს რას უნდა ველოდოთ. თეორიულად შესაძლებელია, რომ ჩვენს კონტინენტზე და ჩვენს სარტყელში, სადაც ახლა შედარებით სტაბილური მდგომარეობაა, მეორე ტალღა ჩვენთანაც დაიწყოს. მაგრამ, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება საკმაოდ გაჭირდება, თუ ეს ტალღა რამდენად მძლავრი იქნება, თვითონ ვირუსი რამდენად აგრესიული იქნება.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ბოლო ორი თვის განმავლობაში, მძიმე პაციენტების წილი წინა თვეებთან შედარებით ბევრად შემცირებულია, ანუ, როგორც თქვეს ვირუსი დასუსტდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ ნიშნებია, ხოლო საბოლოო დასკვნების გაკეთება ამ ეტაპზე ძალიან რთულია" - განაცხადა გოგინავამ.
ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძეც „რეზონანსთან" კორონავირუსის ბუნებრივ წარმოშობაზე საუბრობს. იგი კორონავირუსზე მრავალი კვლევიდან ერთ-ერთი კვლევას ასახელებს, რომელიც ამ ვირუსის 4 ათასი წლის წინ მიძინებულ მდგომარეობაში არსებობას ადასტურებს.
„იგივე ვირუსი იყო 2003 წელს ე.წ. სარსი, ასევე მერსი, რომელიც საუდის არაბეთში გაჩნდა, სადაც ტემპერატურა ზამთარ-ზაფხულ 40 გრადუსზე ქვემოთ არ ჩამოდის. ამიტომ ასეთი ცოტა არასწორი შეხედულებაა, რომ გინდა თუ არა რომ დაცხება, მაშინ ვირუსი არ უნდა იყოს, ეს ყველანაირ მეცნიერულ და ყველანაირ შეხედულებებს მოკლებულია.
„ვირუსი არ ნიშნავს იმას, რომ სიცხეზე აუცილებლად უნდა გაქრეს, ეს არაა ე.წ. სეზონური გრიპის ვირუსი, რომელსაც ახასიათებს, რომ მაღალ ტემპერატურაზე გადის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს თვისება ყველა ვირუსისთვისაა დამახასიათებელი.
„ამიტომაც ვირუსის ხელოვნურობისა და შეთქმულების თეორიების მომხრე ყოველ შემთხვევაში მე არ ვარ. მაგალითად ე.წ. ისპანკას ვირუსმა მინიმუმ 20 მილიონის სისცოცხლე შეიწირა, ამიტომაც საუბარი იმაზე, რომ კორონავირუსი ხელოვნურია, ამას ძალიან სერიოზული დასაბუთებები სჭირდება, გამორიცხული არაფერი არაა, მაგრამ მე ჯერჯერობით ამის საფუძველს ვერ ვხედავ.
„კოვიდ-19 კორონავირუსის ოჯახიდანაა და ერთ-ერთი კვლევა გვაჩვენებს, რომ ეს ვირუსი ძალიან დიდი ხნის 4 ათასი წლის წინაც კი არსებობდა, უბრალოდ ე.წ. მიძინებულ ფორმაში იყო, ახლა კი შეექმნა რაღაცა პირობები, რის გამოც გააქტიურდა.
„შესაძლოა პანდემია კიდევ გაგრძელდეს, მაგრამ ეს არაა რაღაცა ისეთი, რომ აუცილებლად ყველაფერი უნდა დაიკეტოს - უბრალოდ, როგორც ადამიანებმა შავ ჭირთან ერთად და ქოლერას გამომწვევ ბაქტერიასთან ერთად ცხოვრება ისწავლა, ამ ვირუსთანაც ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. აქაც ადამიანებს რაღაცა ცვლილებების გაკეთება მოგვიწევს" - განაცხადა სურგულაძემ „რეზონანსთან".