"ადრე თუ გვიან, სამყარო, რომ ამ ტიპის არჩევნებზე გადავა - ეს ცხადია"
მარიამ ნებულიშვილი
25.06.2020

 ესტონეთი პირველი სახელმწიფოა, სადაც არჩევნებში მონაწილეობა ელექტრონულადაც არის შესაძლებელი. ეტონეთის მოქალაეებს შეუძლიათ ასევე, ტრადიციული ფორმით, საარჩევნო უბანზე მისვლით დააფიქსირონ თავიანთი არჩევანი.

მსგავსი პრაქტიკა 2001 წლიდან დაინერგა მთავრობის კოალიციის ინიციატივით. საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა მსგავსი პრაქტიკა საქართველოშიც დაინერგოს და კორონავირუსის შემდეგი გავრცელების რისკების შესამცირებლად 2020 წლის არჩევნები დისტანციურად ჩატარდეს.

აღნიშნულ საკითხზე „რეზონანსთან" გია ხუხაშვილმა ისაუბრა. მისი შეფასებით საქართველოში მსგავსი ტიპის არჩევნები ძალიან დიდ რისკებს შეიცავს.

„მე ვფიქრობ, ამას ბევრად უფრო საფუძვლიანი მომზადება უნდა, ძალიან ბევრი ტიპის რისკებს შეიცავს. ამ ყველაფერს თან ახლავს ხმის მიცემის, საიდუმლობის, იდივიდუალობის, პერსონიფიცირების პრობლემატიკა.

"ადრე თუ გვიან, სამყარო, რომ ამ ტიპის არჩევნებზე გადავა, ეს სავსებით ცხადია. არ ვიცი ჩვენი ქვეყნის ტექნოლოგიური მზაობა როგორია, ან რა ტიპის ტექნოლოგიურ მხარდაჭერას ითვალისწინებს ეს რეფორმები, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ ჯერჯერობით მზად არ ვართ. ძალიან კარგი იქნებოდა კორონავისუსის პრევენციისთვის, მაგრამ რაც არ შეგიძლია იმას ვერ გააკეთებ", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

მისი განცხადებით არჩევნების მსგავსი მოდელით ჩატარება გაზრდის მოქალაქეების აქტივობას არჩევნების პროცესში, თუმცა, ასევე ადამიანებზე ზემოქმედების შემთხვევები უფრო ხშირი იქნება. ხუხაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მაღალი სტანდარტებით აღნიშნული ცვლილების განცხორციელება საქართველოსთვის შეუძლებელია.

„თუ ხმის მიცემის საკითხი, საიდუმლობის და პერსონიფიცირების პრობლემები იქნება გადაწყვეტილი, ძალიან ეფექტური იქნება აღნიშნული ცვლილება. შეიძლება ისიც ითქვას, რომ მსგავსი მოდელი გაზრდის მოქალაქეების ჩართულობას და მონაწილობას არჩევნებში იმიტომ, რომ ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ეზარებათ ან არ შეუძლიათ საარჩევნო უბნებზე მისვლა.

"თუ ეს ყველაფერი ტექნიკურად იოლი იქნება, ბუნებრივია ეს პრობლემაც მოგვარდება. საერთო ჯამში, აღნიშნულ მოდელს დადებითად ვაფასებ, მაგრამ დღეს ვფიქრობ, რომ მაღალი სტანდარტით ამის გაკეთება შეუძლებელია. იმიტომ, რომ დისტანციურად ხმის მიცემა გააჩენს ძალიან ბევრ კითხვას. ხმის მიცემის რაღაც „მეორადი ბაზარი" შეიძლება გაჩნდეს.

"ასევე არის ოჯახური მომენტები, სადაც ზეწოლისა და ზემოქმედების გამორიცხვა საკმაოდ რთულია. არის რიგი პრობლემებისა, რომლებიც ჯერ კიდევ გადასაწყვეტია", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×