
19 წლის ფეხბურთელ გიორგი შქარაშვილის ბუნდოვანებით გარდაცვალების ერთი კვირის თავზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 პირი დააკავა. მათ ჯერჯერობით ბრალი ძალადობის მუხლებით აქვთ წაყენებული, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე არ გამორიცხავს, რომ როგორც დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს, ასევე მუხლები დამძიმდეს. ახალ ყველაფერი ექსპერტიზის პასუხებზე იქნება დამოკიდებული. მან უნდა თქვას რელურად შაქარაშვილმა დაზიანებები გარდაცვალებმადე მიიღო თუ მას შემდეგ, რაც მდინარეში მოხვდა. დაკავებულებს შორის ორი რაგბისტი და ერთი მოჭიდავეა. სწორედ ისინი ისხდნენ იმ ორ ავტომობილში, რომლითაც, გამოძიების ინფორმაციით, გიორგი შქარაშვილს და მასთან თანმხლებ პირებს სენაკი-ლესელიძის გზატკეცილზე რკინის ხელკეტებით საცემლად გამოედევნენ.
ბორცვაძის განცხადებით, გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით გრძელდება.
„2020 წლის 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად მყოფი მოზარდების ორ ჯგუფს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში.
ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი დაბრუნდა თბილისში, ანგარიშსწორების მიზნით დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა და ავტომანქანებით გაემგზავრა მცხეთაში.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ.
ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, დაედევნენ გაქცეულებს, რომლებიც მიიმალნენ მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ანგარიშსწორების მიზნით, მოძალადეებმა განაგრძეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით, ხოლო მისი მეგობარი, 2001 წელს დაბადებული გ.ა. იპოვეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შედეგად აღმოჩენილ იქნა მდინარე არაგვის კალაპოტში.
ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და შესაბამისად, უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე. გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება“,-განაცხადა ბორცვაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.
გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ დაკავებული პირები ის ადამიანები არიან, ვინც კონფლიქტში მონაწილეობას იღებდნენ.
ნიკოლაძის განცხადებით, ორი მანქანა სავესე იყო ხალხით და ეს რიცხვი გასაკვირი არ არის. ბიძის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ ძალადობის და თავისუფლების აღკვეთის მუხლების პარალელურად საქმეში ხულოგნობისა და დანაშაულის დაფარვის მულხლები გამოიკვეთოს.
„ჩვენთვისაც ცნობილი გახდა რომ დააკავეს 17 ადამიანი. სავარაუდოდ, როგორც ჩადენილი ქმედებიდან შეიძლება ვივარაუდოთ, ეს შეიძლება იყოს ძალადობა, ძალადობის ორგანიზება, შესაძლებელია რიგ შემთხვევებში საქმე გვქონდეს ხულიგნობასთან და დანაშაულის დაფარვასთან. ვნახოთ შემდგომში მუხლები როგორ გადაკვალიფიცირდება, ახლა ალბათ გადამწყვეტ სიტყვას ექსპერტიზის პასუხს ექნება. ჩვენთვის დაკავებულთა რიცხვი გასაკვირი არ არის, რადგანაც ორი ავტომობილი ხალხით იყო სავსე,"- ამბობს შაქარაშვილის ბიძა.
ფეხბურთელ გიორგი შარაქაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის არიან მორაგბეები არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე, რომლებიც დაპირისპირების ღამე, "ტოიოტა ქამრით" გადაადგილდებოდნენ.
ასევე დაკავებულია დაპირისპირების კიდევ ერთი მონაწილე საბა ჩხარტიშვილი. მისი ადვოკატი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ჩხარტიშვილს ძალადობას ედავებიან და ის დილის 08:00 საათზე დააკავეს. ადვოკატი დავით ჭიკაიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მომენტში მისი დაცვის ქვეშ მყოფი ტერიტორიაზე უკვე აღარ იმყოფებოდა.
"დაკავება საცხოვრებელ სახლში მოხდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე. ბრალი, რის საფუძველზეც დააკავეს, არის 126-ე მუხლი - ძალადობა. ერთი მინდა ხაზგასმით აღვნიშნო - შაქარაშვილის მკვლელობასთან თუ ამ უბედურებასთან დაკავშირებით ბრალში არაფერია მითითებული, ეს არის ძალადობა, რომელიც სხვისი სხეულის განზრახ მსუბუქი ხარისხით დაზიანებას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, დუმილის უფლებას გამოვიყენებთ და გამოძიებასთან ამ უფლებით უნდა ვისარგებლოთ. ბუნებრივია, ჩვენ საჯაროდაც განცხადებას ვერ გავაკეთებთ,"-აცხადებს ადვოკატი დავით ჭიკაიძე.
19 წლის ფეხბურთელის საქმეზე დაკავებული თემურ ბარბაქაძის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნამდვილად მონაწილეობდა ინციდენტში, მაგრამ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. „რეზონანსთან“ ის ამბობს, რომ მასზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ თემურ ბარბაქაძე მეგობრებთან ერთად მერსედესის მარკის ავტომობილით თბილისში წამოვიდა, თუმცა უკან თავისი მეგობრების წამოსაყვანად დაბრუნდა, რომლებიც, ასევე, ძალადობის მსხვერპლები იყვნენ.
"აგარაკის ინციდენტში ნამდვილად მონაწილეობდა, მაგრამ იქ იყო როგორც მსხვერპლი. მისი სიტყვებით, მას ქეჩოში მოჰკიდეს, ათრიეს მიწაზე, მას დაზიანება აქვს ფეხზე და ხელზე. შემდგომ მან და მისმა მეგობრებმა იქაურობას თავი გაარიდეს და წავიდნენ. უკვე თბილისში რომ ჩამოვიდნენ, აღმოჩნდა, რომ მათი ორი მეგობარი იქ იყო დარჩენილი და სთხოვეს, დაბრუნდით და ჩვენც წაგვიყვანეთ, ვინაიდან ჩვენ მიმართ ხორციელდება ძალადობა. დაბრუნდნენ უკან და ზუსტად მანდ მოხდა ხიდის ეპიზოდი - დაინახეს ეს მოძალადეები ხიდთან, გააჩერეს ავტომობილი და მოხდა ფიზიკური დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის,"-განაცხადა ადვოკატმა.