მარიამ ნებულიშვილი
26.06.2020

 პარლამენტში პლენარულ სესიაზე პრემიერმა გიორგი გახარიამ წლიური ანგარიში წარადგინა. სხდომას ასევე ესწრებოდა პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში მყოფი საპარლამენტო ოპოზიცია.

სხდომის დაწყებამდე ხმაური იყო საკანონმდბლო ორგანოში, კერძოდ, სხდომა დატოვა დამოუკიდებელი დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უარი უთხრა პროცედურაზე სიტყვით გამოსვლაზე. მომხდარზე კომენტარი გააკეთა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან კობერიძემაც.

ეს ერთი თვის განმავლობაში პრემიერის მესამე ვიზიტია საკანონმდებლო ორგანოში. გიორგი გახარიას განცხადებით ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში საპარლამენტო დემკრატია ვითარდება.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, დღეს ჩემი მესამე ვიზიტი გამოდის პარლამენტში ერთი თვის განმავლობაში, რაც რა თქმა უნდა, საზოგადოების წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობის კომპონენტია, რაც შეიძლება კიდევ ერთი არგუმენტი და ფაქტორი იყოს იმისთვის, რომ ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია ვითარდება," - განცხადა გახარიამ.

პრემიერმა ასევე, ქვეყანაში მიმდინარე სამთავრობო პროგრამებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად მათი განხორციელება არ შეჩერებულა და კვლავ მიმდინარეობს.

„მიუხედავად იმისა, რომ თებერვლიდან ქვეყანაში ვებრძვით გლობალურ გამოწვევას პანდემიის სახით, ის ოთხი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც სამთავრობო პროგრამის დამტკიცების დროს იყო წარდგენილი განხორციელების ფაზებშია რა თქმა უნდა, სხვადასხვა წარმატებით. მუშაობა არცერთი წუთით არ შეჩერებულა და გრძელდება. პირველ რიგში ეს გახლავთ უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება, განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა", - ამბობს პრემიერი.

ის ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს და განაცხდა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხის კონკრეტული მიმართულებები უნდა ჰქონდეს, როგორებიცაა განათლების მიმართულება, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა, შრომის ბაზრები და ა.შ. გახარიამ ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ს კორონავირუსთან საბრძოლველად გაწეული დახმარებისთვის.

„ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია დღეს, როგორც ფაქტი გრძელდება და აქტიურად ღრმავდება. ეს არის ის მიმართულება, რომელიც ფუნდამენტში განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს", - განაცხადა გახარიამ.

მან ასევე ისაუბრა ოკუპაციის შესახებაც. პრემიერის განცხადებით ოკუპაცია კვლავ რჩება ეროვნული უსაფრთხოების უდიდეს გამოწვევად.

„დღეს საქართველოს ფუნდამენტურ გამოწვევას წარმოადგენს ოკუპაცია. რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად. რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო დღეს პასუხს აგებს ყველა იმ ადამიანის უფლებების დარღვევაზე, რომელიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ბორდერიზაცია, ადამიანი გატაცება, სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის უფლების თუ გადაადგილების უფლების შეზღუდვა, ყველა ეს მიმართულება უკიდურესად მნიშვნელოვანია", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მან ასევე ისაუბრა კორუფციაზე და განაცხადა, რომ ქეყანაში კორუფციაა და მასთან ბრძოლა აუცილებელია საქართველოს განვითარებისთვის.

„ჩვენი დონის ეკონომიკური განვითარების ქვეყნისთვის არასწორი იქნება ვთქვთ, რომ კორუფცია დამარცხებულია, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ კორუფციასთან ბრძლა არის ჩვენი მუდმივი გამოწვევა"- ამბობს პრემიერი.

გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მდგრადია, რაც გამოჩნდა კიდეც პანდემიის პირობებში. მან ასევე ისაუბრა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე და განცხადა, რომ საქართველო ორშაბათიდან უკვე „პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაფუძლებული დემოკრატია" იქნება.

„დღეს საქართველოში არის საპარლამენტო დემოკრატია, ხოლო ორშაბათს კენჭისყრის შემდეგ იქნება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაფუძნებული საპარლამენტო დემოკრატია, რომელიც მოითხოვს აბსოლუტურად ეფექტიან და პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო სექტორს",- ამბობს პრემიერი.

მან ასევე ისაუბრა თავდაცვაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია ქვეყანაში ნატოს ძალებთან თავსებადი, მობილური, ეფექტიანი შეიარაღებული ძალების შექმნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×