პარლამენტში პრემიერის მოხსენების შემდეგ კითხვა-პასუხის პროცესი ხმაურის ფონზე წარიმართა. სიტყვიერი დაპირისპირება იყო „ევროპული საქართველოს" წევრ ოთარ კახიძეს და უმრავლესობის წევრ ირაკლი სესიაშვილს შორის.
დაპირისპირება მოჰყვა ოთარ კახიძის შეკითხვას, რომლის ადრესატი იყო პრემიერი, თუ რატომ არ იყო მის ანგარიშში 20 ივნისი ნახსენები.
„თქვენი ანგარიშის პრეზენტაციის დროს, არცერთხელ არ გიხსენებიათ 20 ივნისი და ეს როგორ არის, დაგავიწყდათ ეს დღე? ამოიგდეთ მეხსიერებიდან თუ კალენდრიდანაც ამოშალეთ? 2019 წელს არ მოხდა ეს მოვლენები? თუ ის დაგავიწყდათ, როგორ აღმოჩნდით ამ თანამდებობაზე?" - თქვა კახიძემ.
ამას ირაკლი სესიაშვილმა უპასუხა, კახიძემ მას რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა, თუმცა სესიაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად პრემიერის პასუხისა, მასაც სურს ოთარ კახიძის შეკითხვას უპასუხოს.
„ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში თქვენნაირი პოლიტიკოსები არსებობენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ქვეყანაში დასაშვებია, შტურმით შეეცადონ შეცვალონ პოლიტიკური გარემო. მე მესმის, რომ თქვენ ამნეზია გაქვთ და 20 ივნისის უკან ვერ იყურებით. მაშინ ნათელაშვილის ფანჩატურში რომ იკრიბებით, იქ თქვენს პარტნიორებს ჰკითხეთ და მოგიყვებიან „ამბებს საგმირონია"-ს,"- განაცხადა სესიაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ქვეყანაში ოპოზიციას „ძალადობრივი შეჭრა-შემოჭრა არ გამოუვა".