თამთა ჩაჩანიძე
26.06.2020

„აუცილებელი არაა, რომ გახარია პარლამენტში ასე ხშირად დადიოდეს, მაგრამ ახლა ხშირი სიარულით გადაფარავს იმას, რომ მერე პარლამენტში მისვლაზე უარის თქმა მოუწევს, რათა ეკონომიკური კრიზისი როცა იქნება, შესაძლოა თქვას, რომ პარლამენტში ხშირად ვიყავი და მართლაც ყველაფერს თავის საზღვარი აქვს- შესაძლოა დაახლოებით ამ ტიპის რაღაცა განაცხადოს," - ასე აფასებს შერიგების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენას.

ბოლო პერიოდის განმავლობაში გახარია პარლამენტში უკვე მესამედ წარსდგა, ხოლო საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" მიწვევა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტკარაძემ ორჯერ გადადო.

ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ტიკარაძის პარლამენტში ვიზიტისგან თავის არიდება, მის სისუსტეზე მიუთითებს, ხოლო გახარია კი, მისი თქმით, ოპოზიციას „იოლად ჩაქოლავს".

„ალბათ (გახარია) თვლის, რომ სალაპარაკო არაფერი არ აქვს და ოპოზიციას ძალიან იოლად „ჩაქოლავს", ჯანდაცვის მინისტრი კი მთავრობაში ძალიან სუსტი სეგმენტია, მაშინ, როცა მართლაც ძლიერი ექიმები გვყავს, რომელთა საქმიანობით მართლაც აღტაცებული ვარ. ჯანდაცვის მინისტრი აშკარად უადგილო ადგილზეა, ეს ყველას ესმის და მასაც ესმის. მას ის არ ესმის, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ცხოვრობს და ის ვალდებულია პარლამენტში მივიდეს, არც ჯანდაცვის არაფერი გაეგება და არც ქვეყნის მართვის.

„ამ ფონზე კი ბუნებრივია გახარია წარმატებულია, პანდემიის ფონზე კი მას მოსახლეობაში დიდი მხარდაჭერა აქვს, ამიტომ ის ჩქარობს, რომ პარლამენტში რაც შეიძლება ხშირად მივიდეს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აღარ იაროს, რომ თქვას, რომ „ბოლოს და ბოლოს რამდენმჯერ უნდა მოვიდე". ის მომენტს კარგად იყენებს, რათა წარმატებულ ფონზე ბევრჯერ იაროს, ეს პოლიტიკაში მოსულა და გასაგებიცაა და ამაში დიდი ტრაგედია არაა, როცა მსოფლიოში პოლიტიკოსები მათთვის სასარგებლო ვითარებას თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ.

„მგონია, აუცილებელი არაა, რომ გახარია პარლამენტში ასე ხშირად დადიოდეს, მაგრამ ახლა ხშირი სიარულით გადაფარავს იმას, რომ მერე პარლამენტში მისვლაზე უარის თქმა მოუწევს, რათა ეკონომიკური კრიზისი როცა იქნება, მაშინ შესაძლოა თქვას, რომ პარლამენტში ხსირად ვიყავი და მართლაც ყველაფერს თავის საზღვარი აქვსო- შესაძლოა დაახლოებით ამ ტიპის რაღაცა განაცხადოს." - განაცხადა მან.

მისივე თქმით,"ქართულ ოცნებას" წარმატებული პოლიტიკოსების რესურსი თითქმის არ აქვს და თუ აქვს თითზე ჩამოსათვლელია.

„ოცნებას" წარმატებული პოლიტიკოსები თითზე ჩამოსათვლელი ჰყავს, ერთი გახარია, მეორე კალაძე, ორი-სამი ადამიანი მეტი არა, თუ „ქართულმა ოცნებამ" არჩევნებზე რაიმე მეტ-ნაკლებად (არა აბსოლუტურ) წარმატებას მიაღწია, მომავალში ძალიან გაუჭირდება. ეს პარტია კრიზისის საკმაოდ სერიოზულ ფაზაში შედის იმიტომ, რომ კორონავირუსი მათზე არ იყო დამოკიდებული და ისინი კორონავირუსზე დამოკიდებულები არ იყვნენ, ეს ბუნების მოვლენა იყო, რომელიც მთელს მსოფლიოს შეეხო და მართლაც კარგად გაუმკლავდნენ, მაგრამ კორონავირუსის გარდა ცხოვრება გრძელდება, ეკონომიკაა, სიღარიბეა, ქვეყნის ეკონიმიკა ტურიზმზე ჩამოკიდეს და ტურისზმი სულს ღაფავს.

„მაშინ როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ ეკონომიკის გათვლები ტურიზმზე დაიწყო, 2012 წელს წინასაარჩევნო კამპანიის დროს მეც ვმონაწილეობდი და მათ ვაკრიტიკებდით, რომ ეკონომიკის წამყვანი დარგი არ შეიძლებოდა, რომ ტურიზმი ყოფილიყო, იმიტომ, რომ მსოფლიოში არსებული კრიზისები ტურიზმს ძალიან აზარალებს და ქვეყნის განვითარებას ეჭვქვეშ აყენებს. ახლა საჭიროა, რომ ეს პოლიტიკა გადააფასონ და მგონია, რომ სოფლის მეურნეობასა და ფერმერების განვითარებისკენ უნდა წავიდნენ, მაგრამ მოსახლეობა „ქართულ ოცნებას" ეტყვის, ამდენ ხანს სად იყავითო.

„ნებისმიერ შემთხვევაში „ქართული ოცნება" თუ ისევ უმრავლესობაში იქნა, მას ეკონომიკური სიდუხჭირის წინააღმდეგ ბრძოლა მოუწევს და ამას მხოლოდ ივანიშვილის ფული არ უშველის, საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური რეფორმებია საჭირო, აქედან გამომდინარე, მათ ხალხი არ ჰყავთ ამიტომ ამას ვინ გააკეთებს? ექიმები? ექიმებს ექიმობა შეუძლიათ, მაგრამ ეკონომისტობა არ შეუძლიათ, როგორც ჩანს მთავრობას გუნდში ისეთი ძლიერი ეკონომისტები არ ჰყავთ, როგორი ძლიერებიც (არა მათ გუნდში არამედ ზოგადად) ექიმები აღმოჩნდნენ, შესაბამისად გამოწვევები ბევრი იქნება.

„ქართული ოცნების" წარმატება „პიროსის გამარჯვება" იქნება, როცა გამარჯვება დამარცხებად იგულისხმება, როცა გამარჯვების დროს ყველაფერს ხარჯავენ. საქართველოში შემოდგომა-ზამთარში მძიმე ეკონომიკური კრიზისი იქნება, რომელმაც დამატებით შესაძლოა პოლიტიკური კრიზისიც კი გამოიწვიოს და შესაძლოა შემდეგი წელი პოლიტიკურ ბორგვაში ვიყოთ და არაა გამორიცხული, რომ ერთი წლის შემდეგ ისევ საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს," - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×