თამთა ჩაჩანიძე
27.06.2020

პარასკევს ბელგიის ქალაქ ჰასელტის სასამართლომ „ქართული მაფიის" წევრთა საქმის განხილვა დაიწყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულია კრიმინალური ჯგუფის 17 წევრი, რომლებიც ბელგიაში ძარცვაში, ქურდობასა და ყაჩაღობაში არიან ეჭვმიტანილი. დაცვის მხარე დანაშაულს არ უარყოფს და აცხადებს, რომ ბრალდებულები სიღარიბემ და გაჭირვებამ აიძულა ამ გზას დადგომოდნენ.

ადგილობრივი მედია დაკავებულთა ვინაობას არ ასახელებს. ამათგან 11 ეჭვმიტანილი წინაწარ დაკავების საკანში იმყოფებოდა, საიდანაც პარასკევს ისინი ჰასელტის სასამართლო დარბაზში გადაიყვანეს, დარბაზში კი კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი წესების გამო ეჭვმიტანილები ე.წ. ბუშტებში გადაანაწილეს.

პირველი ორი 37 და 43 წლის ქართველი ეჭვმიტანილი მოსამართლემ თარჯიმნის საშუალებით დაკითხა, შემდეგ მხარეებს სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცათ, თითოეულ მადგანს 40 თვე პატიმრობა და 1600 ევროს ოდენობით ჯარიმა ემუქრებათ.

პროკურატურის ცნობით, დამნაშავეებს ბრალად ედებათ ცხრა ქურდობის ფაქტი, ორი ქურდობის მცდელობა და დანაშაულებრივი ჯგუფის ედებათ.

„2019 წლის 3 ოქტომბერს ლუქსემბურგის პოლიციამ მიიღო ინფორმაცია, რომ ორი საეჭვო პიროვნება ჰერკ-დე-სტადში იმყოფებოდა. პოლიციამ 37 და 43 წლის ქართველების დაკავება შეძლო. მათ ჯიბეში ქურდული აღჭურვილობა და მობილური ტელეფონები ჰქონდათ. ახლოს იდგა ავტომობილი „ოპელ ზაფირა" ფრანგული რეგისტრაციით, რომელშიც იდო ზურგჩანთა და „ქენონის" მარკის ფოტოაპარატი. აღმოჩნდა, რომ ისინი ჰერკანკრასტატში მომხდარ ყაჩაღობასტან კავშირში იყვნენ.

„ესაა ორგანიზებული დამნაშავეთა ჯგუფი. ეს აშკარა გახდა სატელეფონო გამოძიებით და სათვალთვალო კამერების კვლევით. ძარცვა ჰუატალენში, ოსტკამპში, დიესსა და ჰალენში იყო", - თქვა პროკურორმა, რომელმაც კიდევ რამდენიმე ეჭვმიტანილისთვის 24 თვემდე პატიმრობა ითხოვა.

ბელგიური მედიის ცნობით, ქართველი კრიმინალური ბანდის წევრების ბევრი ნაძარცვი ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი. ზოგიერთი ეჭვმიტანილი ქუჩის სათვალთვალო კამერებმა ანტვერპენის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ოქროს მყიდველებთან ერთად დააფიქსირა.

პირველი ორი ბრალდებულის დაცვამ სასამართლოს სთხოვა, რომ დამნაშავეებისთვის ცხრა თვიანი პატიმრობა მიესაჯათ, რადგან, როგორც ერთ-ერთი ეჭვმიტანილის უფლებადამცველმა აღნიშნა, მის დაცვის ქვეშ მყოფი სიღატაკეში ცხოვრობდა და იძულებული გახდა ექურდა.

სასამართლო გრძელდება და განაჩენი კი 22 ივლისს გახდება ცნობილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×