ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ იუსტიციის სამინისტრომ დისციპლინური წარმოება დაიწყო. რამდენიმე დღის წინ, ბაჩანა შენგელია ამბობდა, რომ იუსტიციის სამინისტრომ ნოტარიუსის სტატუსი მას პოლიტიკური ნიშნით, დაუსაბუთებლად შეუჩერა.
როგორც შენგელია სოციალურ ქსელში წერს, იუტიციის სამისტრომ მის მიერ გაგზავნილი წერილის პასუხად, რომელიც შენგელიასთვის ნოტარიუსის სტატუსის შეჩერებას შეეხებოდა, მიიღო უწყება მის წინააღმდეგ დისციპლინურ წარმოების აღძვრის შესახებ, რისი საფუძველიც, ამავე დოკუმენტის მიხედვით, შენგელიას მიერ სოციალურ ქსელში „მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულებების" გამოთქმა გახდა.
„გენერალური ინპექციის სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს თანამშრომლის მიერ გადამოწმდა თქვენი როგორც ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას „facebook" გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაცია (შემოწმდა ბოლო ერთთვიანი პერიოდი), შედეგად დადგინდა, რომ თქვენ - ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია საჯარო სოციალური გვერდის ახორციელებდით მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებთ პოლიტიკურ შეფასებებს" - ვკითხულობთ უწყებაში.
აღნიშნულ თემაზე „რეზონანსთან" იურისტმა და უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ ისაუბრა. მისი განცხადებით, ესაა გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევა.
„რაც არ უნდა იყოს გამოთქმული, ესაა ბაჩანა შენგელიას პირადი აზრი. ის ალბათ, არსად არ წერს - „მე, როგორც ნოტარიუსი, ბაჩანა შენგელია, ვფიქრობ ასე და ასე". ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევა და ძალიან სამარცხვინოა, რომ ამას აკეთებს პირადად იუსტიციის მინისტრი.
„მე მგონია, რომ ამ საქმეს აუცილებლად მოიგებს ბაჩანა შენგელია, თუ ქვეყნის შიგნით არა, ევროსასამართლოში მაინც და ძალიან საინტერესო პრეცენდენტი შეიქმნება", - ამბობს მუხაშავრია.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბაჩანა შენგელია სასამართლო დავას მოიგებს, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა მხოლოდ იუსტიციის მინისტრს უნდა დაეკისროს.
„როდესაც „ქართული ოცნება" აცხადებდა, რომ 6 მილიონი ლარი გადაიხადეს სტრასბურგში წაგებული საქმეების გამო და თითქოს ეს საქმეები წააგეს იმიტომ, რომ ყველა მათგანი სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში მოხდა, ეს არასწორია. არსებობს მექანიზმი, რომელიც ჩვენს ქვეყანაშიც იქნა გამოყენებული. როდესაც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მთავრობამ, რაღაც დაარღვია, იქ გამოკვეთილია ვისი ბრალით მოხდა ეს, ვინ იყო ის პირი, ვინც უშუალოდ დაარღვია მოქალაქის ფუნდამენტური თავისუფლება. ძალიან კარგად შეიძლება ამ დამნაშვე პირის მიმართ გამოძიება ან მოკვლევა ჩატარდეს და მას დაეკისროს იმ თანხის გადახდა, რაც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან იქნა გადახდილი.
„რამდენი დაუჯდება წულუკიანს ეს ყველაფერი, არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს წულუკიანი აღარ იქნება, შეიცვლება ხელისუფლება და ვისურვებ, რომ წულუკიანსაც ასეთივე წესით დაეკისროს ყველა ამ ზიანის ანაზღაურება", - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.
ის ასევე გამოეხმაურა, ბოლო პერიოდში „ფეისბუქ პოსტების" გამო მოქალაქეების ძალოვან უწყებებში დაბარების ფაქტებს და განაცხადა, რომ მისი აზრით, ამ ყველაფერს ტენდენციისა და დევნის სახე აქვს.
„სანამ ვიღაც არ დაამტკიცებს, რომ ამით გამოხატვის თავისუფლებას სერიოზული საფრთხე დაემუქრა, მანამდე, სამწუხაროდ, ეს პროცესები გაგრძელდება. ამიტომ, ვიღაცამ ეს ყველაფერი უნდა შეაჩეროს. თუმცა, რაკი სტატუსი საჯაროა და ის იდება ღია სივრცეში, მისი ნახვის უფლება ყველას აქვს. ასევე ობიექტურობისთვის უნდა ვთვათ, რომ თუ გამოძიებას რაიმეს აძლევს დამატებით ეს სტატუსი, მათ აქვთ უწყებებში მოქალაქეების დაბარების უფლება, მაგრამ ახლა რომ გახშირდა მსგავსი ფაქტები და განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლების მიმართ, ჩნდება აზრი, რომ ამას ტენდენციის სახე აქვს და არის დევნის მიზნით", - აღნიშნა მუხაშავრიამ.
ცნობისთვის, ბაჩანა შენგელია ია კერზაიას შვილია. ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა.