თამთა ჩაჩანიძე
30.06.2020

„კავკასიას და შავ ზღვას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები დაიცავს" - ამის შესახებ რუსული გამოცემა „იზვესტია" წერს, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთი საქართველოს საზღვართან, კრასნოდარის მხარეში დისლოცირებულ 90-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადას უახლესი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა „ბუკ-მ3"-ებით აღჭურავს.

ახალ ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსებს, ძველი „ბუკ" სისტემებისგან განსხვავებით, არა მხოლოდ თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების, არამედ ფრთოსანი რაკეტების, დრონებისა და ჰიპერბგერითი სიჩქარით მოძრავი სხვა მფრინავი აპარატების განადგურებაც კი შეუძლიათ, რის გამოც აღნიშნულ სარაკეტო კომპლექსებს რუსულ არმიაში მეტსახელად „საზენიტო რობოტებიც" კი შეარქვეს.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს საზღვართან ახალი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განლაგება ნატოსთვის „კუნთების ჩვენებაა", რომელიც A2/AD კონცეფციის ნაწილია და რომელიც შავი ზღვისა და კავკასიის საჰაერო სივრცეში სრულ დომინანტობის მიღწევას ითვალისწინებს.

„ბუკ-მ3-ებით აღჭურვა A2/AD სისტემის ნაწილია. რუსეთმა თავის დროზე გამოაცხადა, რომ ის A2/AD სისტემას შექმნიდა - ესაა საჰაერო სივრცეში არშემოჭრა და სარაკეტო თავდაცვა, ანუ როდესაც რუსეთი თვლის, რომ შავი ზღვის აკვატორია, მათ შორის კავკასიის სივრცე, მისი სრული საჰაერო და სარაკეტო დარტყმების დომინანტობის არეალია და ამ სივრცეში ნებისმიერი სხვა სამხედრო ძალების შემოჭრა აღიქმება, როგორც შეჭრა მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის ზონაში.

„ამიტომაცაა, რომ რუსული სამხედრო თვითმფრინავები - „სუ-30"-ები და „მიგ-29"-ები, რომლებიც ყირიმში არიან დისლოცირებული, ამერიკის სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავების გადაჭერას ახორციელებენ და ცდილობენ, რომ ისინი ამ ზონიდან გააძევონ. ისინი თვლიან, რომ ამ აკვატორიაში არსებული საჰაერო სივრცე და ტერიტორია მათი განუსაზღვრელი ბატონობისა და დომინანტობის არეალია, ამიტომ რუსები ამ სისტემის შექმნის მიზანმიმართულ ნაბიჯებს დგამენ.

„ეს ცალსახად ნატოსა და ამერიკის საწინააღმდეგოდაა მიმართული - რომ აქ ამერიკული და ნატოს სამხედრო საჰაერო საშუალებები, მათ შორის საზღვაო ძალების კომპონენტები, ნაკლებად შემოვიდნენ, ან მათ ფეხი საერთოდ ამოეკვეთოთ. ეს რუსების ერთგვარი ხედვაა.

„ნატო ამ პანდემიური შეტევების მერე, როგორც ვხედავთ, დიდ აქტიურობას მაინცდამაინც არ ავლენს. ალიანსი გადაერთო იმაზე, რომ თავის რესურსებით ევროპაში პანდემიური შეტევის აღმოფხვრა მოეხდინა. ჯერჯერობით პანდემიური სივრციდან გამოსვლის პერიოდია, ახლა ლაგდება სიტუაცია. კორონავირუსმა ფაქტიურად გეოსტრატეგიული დაძაბულობის არეალი მოყინა, რომელიც რუსეთსა და ნატოს შორის არსებობდა. ჩვენ ვიხილეთ ისეთი უპრეცენდენტო ვარიანტიც, როდესაც კორონავირუსთან დაკავშირებით რუსეთმა ნატოს წევრ ქვეყანა იტალიას სამხედრო დახმარება აღმოუჩინა.

„დღეს უკვე პირიქით, ორივე მხარე უკვე სხვა რეჟიმში გადასვლას იწყებენ. ანუ ახლა უკვე, როგორც ჩანს, რუსეთი კუნთების ჩვენებას იწყებს და ამას, როგორც ჩანს, ნატოც აყვება და ბუნებრივია, საკუთარი ძალების დემონსტრირებას დაიწყებს. ის, რომ ორი ამერიკული ნაღმოსანი შემოვიდა და საქართველოს პორტებში რეიდზე დადგა, ესეც ერთგვარი ამისი პრელუდიაა.

„ეს რუსეთის მხრიდან მუსკულების ჩვენებაა, მითუმეტეს ამერიკელებს „იჯისის" რაკეტსაწინააღმდეგო ოპერატიულ-სტრარეტგიული სისტემის შეიარაღება აქვთ, რისაც რუსებს პრინციპში ძალიან ეშინიათ. ამ სისტემების ბულგარეთში, რუმინეთში, ან შავი ზღვის აკვატორიაში განლაგება რუსეთისათვის მომაკვდინებელი დარტყმა იქნება იმიტომ, რომ ამ სისტემის მეშვეობით შესაძლოა რუსეთიდან წამოსული ბალისტიკური რაკეტების ერთგვარი გადაჭერა მოხდეს.

„შავი ზღვის აკვატორიაში ცივი ომის რიტორიკა თანდათან ბრუნდება, რუსების მიერ ამ ახალი ოპერატიულ-ტაქტიკური მნიშვნელობის მოდერნიზებული მესამე თაობის ‘ბუკ-მ3"-ების ოპერატიულ ტაქტიკური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის განლაგება ხდება, რომელსაც უკვე უკვე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტები გააჩნია.

„ეს ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ იმიტომ, რომ თუ რუსეთმა საქართველოსთან ჰოპოტეტუირად მეორე ომი დაიწყო, რა თქმა უნდა, ამ სისტემებს ჩვენს წინააღმდეგაც გამოიყენებს. რუსები კენთების ჩვენებასთან ერთად A2/AD კონცეფციის რეალიზაციას ახდენენ, ანუ შავი ზღვისა და კავკასიის საჰაერო სივრცეში სრულდომინანტობის მიღწევას, რომ ამ სივრცეში რუსების გარდა ვერავინ ვერ შემოვიდეს", - განაცხადა მაისაიამ.

...

ვახტანგ მასისაია: „ეს ცალსახად ნატოსა და ამერიკის საწინააღმდეგოდაა მიმართული - რომ აქ ამერიკული და ნატოს სამხედრო საჰაერო საშუალებები, მათ შორის საზღვაო ძალების კომპონენტები, ნაკლებად შემოვიდნენ, ან მათ ფეხი საერთოდ ამოეკვეთოთ."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×