მარიამ ნებულიშვილი
30.06.2020

 „საზოგადოებას მოვუწოდებ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და თუ დადგინდა მორაგბეების მონაწილეობა, უკვე შემდეგ გავაკეთოთ შესაბამისი დასკვნები", - ასე ეხმაურება ყოფილი მორაგბე და ამჟამად პარლამენტარი ირაკლი აბუსერიძე 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში მორაგბეების შესაძლო მონაწილეობას.

„რეზონანსთან" საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ არასწორია რომელიმე მორაგბის საქციელის ზოგადად სპორტზე განზოგადება და რაგბის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გაჩენა.

„პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, დიდი ტრაგედია მოხდა. საზოგადოებას კი მოვუწოდებ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და თუ დადგინდა მორაგბეების მონაწილეობა, უკვე შემდეგ გავაკეთოთ შესაბამისი დასკვნები.

„ჯერ-ჯერობით ტყუილად ცილს ნურავის დავწამებთ. მორაგბე ბევრია ქვეყანაში, 12 000 კაცია და ვიღაცამ რაღაც თუ ჩაიდინა, ის თავის ქმედებაზე პასუხს აგებს. ჩვენ კი ზოგადად მორაგბეებს ან მოჭიდავეებს სახელი არ უნდა შევულახოთ. არ შეიძლება ამის განზოგადება ზოგადად სპორტზე.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ უნდა დაველოდოთ ყველაფრის გარკვევას. თუ, რა თქმა უნდა, ვინმეს დაუდგინდა ბრალეულობა და მონაწილეობა, უნდა დაისაჯოს კანონს შესაბამისად. საჯარო მოხელე იქნება, მორაგბე თუ ფეხბურთელი - არ აქვს ამას მნიშვნელობა. მთავარია, რომ წინასწარ არ შევულახოთ ვინმეს სახელი.

„ჩემი თხოვნაა საზოგადოების მიმართ, რომ დაველოდოთ გამოძიებას, გამოჩნდეს ვინაა მტყუან-მართალი და შემდეგ გავაკეთოთ დასკვნები. ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის", - ამბობს ირაკლი აბუსერიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×