მარიამ ნებულიშვილი
30.06.2020

 „ქართული პოლიტიკოსების განცხადებებზე ალბათ, დასავლეთი იფიქრებს, რომ ტემპერამენტი მაღალი გვაქვს", - ასე ეხმაურება „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე დასავლეთის კრიტიკაზე ქართველი პოლიტიკოსების რეაქციებს.

საყვარელიძის თქმით, ხშირ შემთხვევაში კრიტიკა ფაქტებით არაა დასაბუთებული, ამიტომაც უჭირთ პოლიტიკოსებს რაციონალური განცხადებების გაკეთება.

„საერთოდ, ადამიანები რეაქციას იძლევიან როდესაც მათ აკრიტიკებენ, ასეთი მზაობა - „არიქა, კრიტიკა უნდა მივიღოო" - რომ არ არის ქართველი პოლიტიკოსების მხირდან, ბუნებრივია. სხვათა შორის, ამ მხრივ შეიძლება კრიტიკოსებიც სცოდავენ. იმიტომ, რომ კრიტიკასაც ხშრად აკლია ხოლმე დამაჯერებლობა და ფაქტები. იგივე, როდესაც აკეთებენ განცხადებას, რომ ხელისუფლება მიდის რუსეთისკენ - ფაქტები დადე დაამტკიცე, რომ ასეა და მერე შესაძლებელია ხელისუფალმაც მიიღოს კრიტიკა.

„რაც გერმანიის ელჩმა თქვა, ის ფაქტი იყო, ამის გადამოწმება მარტივად შეიძლება. თუმცა, ოპოზიციამ მაინც არ მიიღო ეს კრიტიკა. ძნელია კრიტიკის მიღება და ყოველთვის არც არის საჭირო.

„ყველა მხარემ უნდა აიძულოს კრიტიკოსები, რომ მათი კრიტიკა იყოს არგუმენტირებული. ყოველივე ამის შემდეგ კი - რაციონალური განცხადებები უნდა გაკეთდეს.

„ქართველი პოლიტიკოსების საპასუხო განცხადებებზე კი ალბათ დასავლეთი იფიქრებს, რომ მაღალი ტემპერამენტი გვაქვს", - ამბობს საყვარელიძე.

მან ასევე აღნიშნა, რომ ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე ბუნებრივია, როდესაც პოლიტიკოსებს კრიტიკის მიღება და შეცდომების აღიარება უჭირთ.

„იგავ-არაკებში არის ნაწილობრივ ახსნა, რომ ხელმწიფისთვის ან უფრო ძლიერი ფიგურისთვის სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო. იმიტომ, რომ მეფესაც კრიტიკის მიღება უჭირს. ათადან და ბაბადან მოდის ეს ამბავი, რომ კრიტიკა მიუღებელია და სახიფათოც. შესაბამისად, ყველას - ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც უჭირს კრიტიკის მიღება, შეცდომების აღიარება და მათი გამოსწორება. ასეთები ვართ ადამიანები", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×