ბათუმის საკრებულოს წევრი თემურ კახიძე პარტია „ქართული ოცნებიდან" და საკრებულოს უმრავლესობიდან გარიცხეს. იგი პარტია „ევროპულ საქართველოს" შეუერთდა.
„ქართულ ოცნების" განცხადებით კახიძის გარიცხვის მიზეზი მისი საქმიანობის პარტიის პრინციპებთან შეუსაბამობა და მერკანტილურ გარიგებებში მონაწილეობაა.
„რეზონანსთან" საუბრისას პარტია „ქართული ოცნებიდან" აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი მანველიძე ამბობს, რომ კახიძე არ მონაწილეობდა შიდაპარტიული გადაწყვეტილებების მიღებაში და გამიჯნული იყო „ქართული ოცნებისგან".
„თემურ კახიძე უკვე დიდი ხანია არ თანამშრომლობდა პარტიასთან, უმრავლესობასთან, გამიჯნული იყო ჩვენგან. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ შესაბამისი ზომები და ის გავრიცხეთ როგორც „ქართული ოცნებიდან" ასევე, უმრავლესობიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა იმის შესახებ ინფორმაცია, რომ კახიძე იყო „ევროპულ საქართველოსთან" გარიგებაში. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ" მიიღო ადეკვატური გადაწყვეტილება. სანამ ჩვენ არ მივიღეთ შესაბამისი ზომები, მას არ შემოუტანია განცხადება პარტიიდან წასვლის შესახებ, უბრალოდ იგი ყოველთვის არიდებდა თავს ჩვენთან თანამშრომლობას, არ იღებდა მონაწილეობას შიდაპარტიულ საქმეებში", - ამბობს გიორგი მანველიძე.
დღეს დილით გამართულ ბრიგინგზე, კი „ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ თემურ კახიძე „ევროპულ საქართველოს" შეუერთდა.
„ჩვენ გუნდს შემოუერთდა ბათუმის საკრებულოს წევრი მმართველი პარტიიდან, ბატონი თემურ კახიძე. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ბატონმა თემურმა მიიღო ეს გადაწყვეტილება მთელი „ქართული ოცნება" აწრიალდა, მაგრამ ვერაფერ რომ ვერ მიაღწიეს და ნახეს, რომ თემურის განდაწყვეტილება იყო მყარი, დილით მოასწრეს და კლასიკურ ჟანრში იმოქმედეს - ბატონი თემური გარიცხეს პარტიიდან. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს და აჩვენებს საზოგადოებას „ქართული ოცნების" სახეს", - თქვა გიგი უგულავამ.